05:49 25 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ენდოკრინოლოგი მაია რეხვიაშვილი

თუ ეჭვი გაქვთ, რომ ბავშვს ზრდაში შეფერხება აქვს

© Sputnik / Denis Aslanov
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
341850

ეს პრობლემა დღეს საკმაოდ ბევრ მშობელს აწუხებს. როგორ უნდა დავადგინოთ, არის თუ არა მოზარდის ზრდა-განვითარებაში შეფერხება და ამ პრობლემის გადაჭრის რა გზები არსებობს – ექიმ-ენდოკრინოლოგის რჩევები.

სანამ უშუალოდ პრობლემაზე გადავალთ, ერთი მშობლის მონათხრობს შემოგთავაზებთ:

„ჯერ კიდევ 3-4 წლის იყო ჩემი ვაჟი, როცა თანატოლებთან შედარებით ზრდაში ჩამორჩენა შევნიშნე. რაც უფრო გადიოდა დრო, ეს ჩამორჩენა თანდათან იზრდებოდა და უკვე 5 წლის ასაკში განგაშის ზარებს შემოვკარი. დავიწყე ბავშვთან ერთად სირბილი ყველაზე ცნობილ ენდოკრინოლოგებთან. ბავშვს ვიზუალურად არანაირი ანომალია არ ჰქონდა — სრულფასოვნად განვითარებული, უბრალოდ, ასაკზე პატარა. არც უამრავმა ანალიზმა და აპარატულმა კვლევამ აჩვენა რაიმე პათოლოგია. ექიმები მეუბნებოდნენ, აცალე და გაიზრდებაო, თუმცა რა მომასვენებდა და ძიებას განვაგრძობდი. ექიმ მაია რეხვიაშვილთან 10 წლის ასაკში მოვხვდით — უამრავი სხვა ექიმის დასკვნითა და წლების მანძილზე ჩატარებული ანალიზების დასტით. იმ დროისათვის ჩემი ვაჟის „ძვლოვანი ასაკი" 2 წლით ჩამორჩებოდა მის „ბიოლოგიურ ასაკს". ბავშვი ჩვეულებრივად იზრდებოდა, უბრალოდ, უფრო ნელი ტემპებით, ვიდრე მისი თანატოლები და წლებთან ერთად ეს სხვაობა საგრძნობი ხდებოდა. შემდეგ იყო ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ სწორი კვების, სპორტისა და ვიტამინოთერაპის ორწლიანი კურსი, რა თქმა უნდა, შესაბამისი ანალიზებით… და რაღაც მომენტში დადგა დრო, როცა ექიმმა მირჩია, რომ დრო არ დამეკარგა, არ დავლოდებოდი გარდატეხის პერიოდს… სამწლიანი მკურნალობის შედეგი სახეზეა — 36 სანტიმეტრი სიმაღლეში, ანუ 12 სანტიმეტრი წელიწადში. ეს მაშინ, როცა მანამდე ეს მაჩვენებელი წელიწადში 3-4 სანტიმეტრს არ აღემატებოდა. დღეს თანატოლებს გავუსწორდით და, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩამორჩენა დავძლიეთ…"

გაინტერესებთ, რამდენადაა შესაძლებელი ზრდაში შეფერხების აღმოფხვრა და როგორ ხდება მსგავსი პრობლემის დიაგნოსტიკა ჩვენში? თემაზე სასაუბროდ დავუკავშირდით სააქციო საზოგადოება „ვერე XXI“-ს და კლინიკა „მედსის“ ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური და სქესობრივი განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ექიმ-ენდოკრინოლოგ მაია რეხვიაშვილს.

Эндокринолог Майя Рехвиашвили
© Sputnik / Denis Aslanov
ენდოკრინოლოგი მაია რეხვიაშვლი

– ქალბატონო მაია, თავდაპირველად განვუმარტოთ მკითხველს, თუ რას წარმოადგენს თქვენი დეპარტამენტი?

— ესაა ტრადიციული მედიცინის განყოფილება ბავშვთა ენდოკრინოლოგიის პროფილით, სადაც ევროპასა და ამერიკაში აპრობირებული ტრადიციული მედიცინის მეთოდებით ხდება ზრდაში ჩამორჩენილი ბავშვების შეფასება, ანუ დიაგნოზის სწორად დასმა და შემდეგ უკვე მკურნალობის დანიშვნა.

– კონკრეტულად რა ფაქტორები იწვევს ზრდაში ჩამორჩენას?

— ამგვარ ჩამორჩენას ძალიან ბევრი ფაქტორი იწვევს. ეს შეიძლება იყოს გენეტიკური, ენდოკრინოლოგიური, რაიმე ქრონიკული დაავადება, შესაძლებელია იყოს ფსიქოემოციური და ასე შემდეგ. ამ მიზეზებში გარკვევის შემდეგ უკვე ხდება სამკურნალო თუ სხვა სახის ღონისძიებების დაგეგმვა, ანუ ბავშვისთვის ინდივიდუალური მკურნალობის შერჩევა. ჩვენ შესაბამის მკურნალობას ენდოკრინოლოგიური პროფილით ვაწარმოებთ, ანუ მას შემდეგ, რაც დიაგნოზის შედეგად დავადგენთ, რომ ზრდის შეფერხება ენდოკრინოლოგიური მიზეზითაა გამოწვეული. ამის მერე ზრდის ჰორმონის შენაცვლებითი თერაპია ინიშნება.

Эндокринолог Майя Рехвиашвили
© Sputnik / Denis Aslanov
თავდაპირველად პატარა პაციენტებს ზომავენ და მათ პარამეტრებს ასაკის მიხედვით საერთაშორისოდ აღიარებულ სიმაღლისა და წონის პარამეტრებს ადარებენ

– როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ მის შვილს ზრდაში ჩამორჩენა ემუქრება?

— მომართვის დროს მშობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ მათი ბავშვები თანატოლებს სიმაღლეში ჩამორჩნენ. ეს უფრო ადრეული სკოლის ასაკის პერიოდშია თვალშისაცემი. როცა ბავშვი პირველად მიჰყავთ სკოლაში და მშობელი ხედავს, რომ მათი შვილი სხვა ბავშვებთან შედარებით დაბალია. ასევე შესამჩნევია სქესობრივი გარდატეხის პერიოდში, 12-13-14 წლის ასაკში, როცა დედა ხედავს, რომ შვილის თანატოლები სიმაღლეში გაიზარდნენ, ხოლო მისი შვილის რჩება ისევე, როგორც იყო. რაც უფრო ადრე შეაფასებს სიტუაციას და ადრე მიიყვანს ექიმთან, უკეთესია.

– ასაკობრივი ზღვარი თუ არსებობს, რომლის ზემოთაც მკურნალობას ეფექტი არ მოაქვს?

— ასაკობრივი ზღვარი ცოტა სხვაგვარად განისაზღვრება, თუ რატომ, ამას განვმარტავ: ჩვენ ბავშვის ასაკს ვადგენთ „ძვლოვანი ასაკით", რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვი შეიძლება იყოს 18-19 წლის, თუ რამდენისაც არის, მაგრამ ძვალი 10 ან 12 წლის ბავშვის ჰქონდეს. რეალურად ის ძვლის ასაკის შესაბამის სიმაღლეზეა, ანუ მის ორგანიზმს ზრდის ჰორმონი აკლია. მოწმდება სპეციალური ანალიზებით  – იმ დროისთვის რამდენად ღიაა ზრდის ზონები და, აქედან გამომდინარე, თუ ძვლის საზრდელად ზონები დახურულია, ზრდის ჰორმონით მკურნალობას აზრი არ ექნება. საერთოდ ეს ასე ცალმხრივად განსახილველი თემა არ არის, იმიტომ რომ შეიძლება ზონები დახურული იყოს, ანუ პაციენტი სიმაღლეში არ გაიზარდოს, მაგრამ მას პარალელურად სხვა ჰორმონალური დეფიციტი ჰქონდეს, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს კომპენსირებული. ასე რომ, საკითხი ერთ კომბინაციაში განიხილება.

ბავშვის სიმაღლისა და წონის ასაკობრივი ნორმები
© Sputnik / Maria Tsimintia
ბავშვის სიმაღლისა და წონის ასაკობრივი ნორმები

– რამდენადაც ვიცი, უცხოეთში ზრდაში ჩამორჩენის დროს ზრდის ჰორმონს იყენებენ. ამგვარი, ძვირადღირებული მედიკამენტი სხვა ქვეყნებში დაზღვევის პროგრამაში შედის, რა ხდება ამ მიმართულებით საქართველოში?

— 2010 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ე.წ. იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვთა მკურნალობის პროგრამაში შეიყვანა ორი დიაგნოზი: ესაა ზრდის ჰორმონის დეფიციტი და ტერნერის სინდრომი, რომელთა დიაგნოზის მქონე ბავშვებს სჭირდებათ ზრდის ჰორმონის შენაცვლებითი თერაპია სამიზნე სიმაღლის მიღწევამდე ან ძვლოვანი სიმწიფის დასრულებამდე, ანუ როცა ძვლის ზონები დაიხურება. ეს პროგრამა საქართველოში უკვე ფუნქციონირებს, ჯანდაცვის სისტემის ბენეფიციარი დადგენილი დიაგნოზის შემდგომ უფასოდ იღებს მედიკამენტურ მკურნალობას. სამინისტრო წამალს ჩემ მიერ შერჩეული დოზების მიხედვით გასცემს. გარდა ამისა, ჩვენი კლინიკის ფარგლებში ამ ორი დიაგნოზის მქონე ბენეფიციარი ბავშვების უფასო ამბულატორიული მომსახურება ხდება. ასეთ ბავშვებს ასევე უფასოდ უტარდებათ ლაბორატორიული კვლევების გარკვეული პანელი.

– რამდენად უსაფრთხოა ზრდაში ჩამორჩენის დროს ზრდის ჰორმონის გამოყენება?

— ამ მედიკამენტს გავლილი აქვს კვლევის ყველა ფაზა და დაახლოებით 70 წელია, რაც ევროპულ და ამერიკულ ბაზარზეა აპრობირებული. მის უსაფრთხოებაზე კვლევები ფაქტობრივად აღარც არსებობს. ჩვენ ამას როგორც საკვლევ მედიკამენტს ისე არ განვიხილავთ. ეს გახლავთ ჩვეულებრივი ტრადიციული მედიცინის სტანდარტების მედიკამენტი, რომელიც ჩვეულებრივად იყიდება. ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს ამ პროგრამის ფარგლებში არანაირი საცდელი ან საკვლევი მედიკამენტი არ გააჩნია. ეს ყველაფერი ევროპული ხარისხის, უმაღლესი დონის და სერტიფიცირებულია.

Эндокринолог Майя Рехвиашвили
© Sputnik / Denis Aslanov
ასეთ ბავშვებს უფასოდ უტარდებათ ლაბორატორიული კვლევების გარკვეული პანელი

– მედიკამენტოზური ჩარევის გარდა მკურნალობა კიდევ რა მეთოდებს მოიცავს?

— ეს მიზეზებიდან გამომდინარე ხდება. თუ დადგინდება, რომ გენეტიკური ფაქტორია, მაშინ ეს პათოლოგიას არ წარმოადგენს, უბრალოდ, ის ბავშვი არის დაბალი სიმაღლის გენის მატარებელი. მხედველობაში მაქვს გენეტიკური დაავადებით გამოწვეული ზრდის დარღვევები და ჩამორჩენა. გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია, რომ ზრდაში შეფერხებასთან კი არ გვქონდეს საქმე, არამედ მიზეზი სხვა ორგანოების პრობლემები იყოს. არსებობს ქრონიკული მიზეზებით გამოწვეული ზრდაში შეფერხება. ამას კონკრეტულად იმ ორგანოს მკურნალობა და იმ სფეროს სპეციალისტი სჭირდება, იმიტომ რომ დაავადება კომპენსირებული უნდა იყოს. არის შემთხვევები, როცა რეაბილიტაციური სახის ღონისძიებებია საჭირო. ამ ყველაფერს, ვიმეორებ, სწორი დიაგნოსტიკა სჭირდება.

– ზრდაში შეფერხების ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე რას გვეტყვით?

— დიახ, არსებობს ფსიქოემოციური სფეროს დატვირთვის შედეგად გამოწვეული მიზეზები. მარტივად რომ აგიხსნათ, ეს ის შემთხვევებია, როცა ბავშვები ბავშვთა სახლებში, ანუ დედა-მამის სითბოს გარეშე იზრდებიან. ისინი შეიძლება უფრო დაბლები იყვნენ. ყველა შემთხვევაში ენდოკრინოლოგია მხოლოდ ერთ-ერთი რგოლია, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. იგი ყველა ამ პროცესს, ასე ვთქვათ, დირიჟორობს.

Эндокринолог Майя Рехвиашвили
© Sputnik / Denis Aslanov
პირველადი კვლევების შემდეგ ექიმი ამოწმებს ბავშვის მონაცემებს სპეციალურ გრაფიკებში

– დაგითვლიათ თუ არა, რამდენი ბავშვი გაზარდეთ თქვენს კლინიკაში?

— ჩვენთან ბევრი ბავშვი გაიზარდა, 1998-1999 წლიდან ამ პროგრამას ბატონი კობა კოპლატაძე ხელმძღვანელობდა. ბატონი კობა და ქალბატონი ნანა დავითულიანი ის ადამიანები არიან, რომელთა საშუალებით საქართველოში მოხდა ზრდის ჰორმონის შემოტანა. რაც შეეხება ციფრებს, იმ ბავშვების რიცხვი, ვისაც დავეხმარეთ პრობლემის გადაჭრაში, საშუალოდ დაახლოებით 500—600 იქნება.

 

 

მთავარი თემები