დიდი ქართველი კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე დღეს იუბილარია

© courtesy of Bidzina Kvernadzeკომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე
კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა

„დავადგინე: ბიძინა კვერნაძე წარმოშობით ყოფილა ანგელოზთა ჯიშისა. ფრთებიც აქვს, მაგრამ თავისი გაბარიტების გამო ბოლო ხანს ფრენა უჭირს. ერთი სიტყვით, პენსიონერი ანგელოზია. ამიტომ ზეცის საუფლოდან მას ჩიტების ნისკარტებით ყოველთვიურად ეგზავნება ღვთაებრივი თითო–თითო ნოტი, ბიძინა თავისებურად ალაგებს და ასე მარტივად ჩნდება ის საოცარი სიმღერები, ჩვენ რომ ვერა და ვერ აგვიხსნია…  თქვენც ჩემსავით ხშირად ისმინეთ ეს სიმღერები. ოღონდ წინასწარ გამორთეთ რადიო და ტელევიზორი, რომ თანამედროვე ქართული ე. წ. „გოიმური” ესტრადის ჯოჯოხეთურმა ხმებმა არ დაგიფრთხოთ ბიძინას ჰაეროვანი ანგელოზები,”- ასეთი საოცარი სიტყვებით შეაფასა კომპოზიტორი ვახუშტი კოტეტიშვილმა და ძნელია არ დაეთანხმო…

© ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიმარჯვნიდან: ბიძინა კვერნაძე, ჯანსუღ კახიძე, ნოდარ გაბუნია, გია ყანჩელი.
მარჯვნიდან: ბიძინა კვერნაძე, ჯანსუღ კახიძე, ნოდარ გაბუნია, გია ყანჩელი. - Sputnik საქართველო
მარჯვნიდან: ბიძინა კვერნაძე, ჯანსუღ კახიძე, ნოდარ გაბუნია, გია ყანჩელი.

ბიძინა კვერნაძე 1928 წლის 29 ივლისს სიღნაღში დაიბადა. მამა, ალექსანდრე კვერნაძე, სიღნაღის აფთიაქის გამგე იყო. დედა, ნინო ნადირაშვილი, კი — მუსიკის მასწავლებელი. მუსიკის სიყვარული და ინტერესი ბიძინას  დედის მხრიდან გამოყვა, სწორედ მისი სურვილი იყო შვილი მუსიკოსი გამხდარიყო. თუმცა,  როდესაც მომავალი კომპოზიტორი 5 წლის გახდა, დედა გარდაეცვალა და მას შემდეგ მუსიკალურ განათლებაზე საუბარი აღარ ყოფილა.

მისი დის დიდი მონდომების შემდეგ, 17 წლის ბიძინა კვერნაძე ნიჭიერთა ათწლედის ბაზაზე გახსნილ სკოლა-ინტერნატში ჩაირიცხა, მოზრდილი ბავშვების განყოფილებაზე, რომელსაც წვევამდელების ჯარიდან დახსნა შეეძლო. როდესაც მუსიკალური საკრავები გაანაწილეს, ბავშვებმა ლამაზი, პრიალა ინსტრუმენტები დაიტაცეს, დარჩა მხოლოდ კონტრაბასი, რომელიც ბიძინას  ერგო. 

საკმაოდ რთული აღმოჩნდა სწავლის პირველი წელი, უკვე თავის დანებებას აპირებდა და სწორედ მაშინ გამოჩნდა ტერეზა არონიშიძე, რომელმაც  მის მუსიკალურ ბიოგრაფიაში გადამწყვეტი როლი შეასრულა და მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.

1948 წელს ბიძინა კვერნაძემ საგამოცდო კომისიას წარუდგინა თავისი ნაწარმოებები და  ფრიადოსნის ნიშნით ჩაირიცხა კონსერვატორიის თეორიულ-საკომპოზიციო ფაკულტეტის პირველ კურსზე. მისი სადიპლიმო ნაწარმოები, სიმფონიური პოემა „შემოღამება მთაწმინდაზე“ (ნიკოლოზ ბარათაშვილის მიხედვით) შესრულდა საქართველოს სიმფონიური ორკესტრის მიერ. 

1953 წელს ბიძინა კვერნაძე მიიღეს საკავშირო კომპოზიტორთა კავშირის წევრად. 1959 წელს ჩატარდა „ამიერკავკასიის მუსიკალური გაზაფხული“, რომელზეც წარმატებით შესრულდა კვერნაძის სავიოლინო კონცერტი. არამ ხაჩატურიანის რეკომენდაციით კონცერტი გაიგზავნა ვენაში ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალზე, სადაც მიავლინეს ავტორიც და იგი სამახსოვრო მედლით დაჯილდოვდა. ამავე წელს დაიწერა „ცეკვა-ფანტაზია“ სიმფონიური ორკესტრისათვის, რომელიც სავიოლინო კონცერტთან ერთად ბევრჯერ აჟღერდა აშშ-ში, შვეიცარიაში, პოლონეთში, უნგრეთში და სხვ. ამ სიმფონიისათვის კომპოზიტორმა საკავშირო კონკურსის პირველი ხარისხის დიპლომი მიიღო. იგი შეიტანეს ერთტომეულში „ორმოცდაათი საუკეთესო სიმფონია“.

1965 წელს დაიდგა ბ. კვერნაძის ბალეტი „ქორეოგრაფიული ნოველები“, 1973 წელს — ბალეტი „ბერიკაობა“, 1983 წელს — ოპერა „იყო მერვესა წელსა“ („შუშანიკის წამების“ მიხედვით, რეჟ. რ. სტურუა), 1992 წელს ციურიხში, თანამედროვე მუსიკის მსოფლიო ფესტივალზე, პირველად შესრულდა სიმფონია დიდი სიმებიანი ორკესტრისათვის.

ბიძინა კვერნაძის შემოქმედება თითქმის ყველა ჟანრს მოიცავს. მისი რჩეული ქმნილებებია: „ჩვენისთანა ბედნიერი“, „მედეა“, „უკვდავება“, „კანტატა; საქართველოზე“, „სადღესასწაულო უვერტიურა“, „ძველი ქართული, „სიმფონია დიდი სიმებიანი ორკესტრისათვის“. კომპოზიტორს  შექმნილი აქვს მუსიკა ოცდაათზე მეტი ფილმისათვის, მათ შორის მრავალსერიანი ფილმისათვის „დათა თუთაშხია“ (ჯ. კახიძესთან ერთად),,,უდიპლომო სასიძო’’,,,ნატვრის ხე’’.,, თეთრი ბაირაღები’’ მუსიკალურად გააფორმა სპექტაკლები: „ჭინჭრაქა“, „ყვარყვარე თუთაბერი“, „ზაფხულის ღამის სიზმარი“, „მე ვხედავ მზეს“.

2010 წლის 8 ივლისს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ,  ბიძინა კვერნაძე გარდაიცვალა თბილისში. იგი დაკრძალეს დიდუბის ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

საინტერესო ფაქტები ბიძინა კვერნაძის შესახებ:

▪ 1981 წელს მიენიჭა ზქაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია.

▪ 1985 წელს ოპერისათვის „იყო მერვესა წელსა“ და უკანასკნელი წლების კინომუსიკისათვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.

▪ 1996 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

▪ 1998 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

▪ 2003 წელს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ საზეიმოდ გაიხსნა ბიძინა კვერნაძის სახელობის ვარსკვლავი.

 ▪  ფილმისთვის,,განაჩენი’’ პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის ლექსზე ბიძინამ დაწერა მუსიკა,,ასეთია ქურდი კაცის ბედი’’.

სიმღერა საოცრად პოპულარული გახდა. კომპოზიტორი იხსენებდა: „მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ამ სიმღერას ასე აიტაცებდნენ. არ დაიძრა მთელი კრიმინალური სამყარო ჩვენკენ!.. მოდიოდნენ ჩემთან ავტორიტეტები, ატანდნენ მოსაკითხს. რამდენჯერმე მოსულან და უთქვამთ, თქვენ ოღონდ გვითხარით და თუ ვინმე მოსაკლავია, დღესვე მოკვდებაო. არავინ მყავს მოსაკლავი და მე ხომ არ მომკლავთ-მეთქი, — ვპასუხობდი".

  ▪ ჯვარი 78 წლის ასაკში დაიწერა.  ჯვრისწერას მისი შვილები და შვილიშვილები ესწრებოდნენ.

  ▪ ბიძინა კვერნაძის იუმორისტული გამონათქვამები სანდრო ყანჩელმა და ბიძინა კვერნაძის მეუღლემ, ნუგეშა კვერნაძემ შეაგროვეს და დაბეჭდეს მოგონებათა კრებულში  „ხანდაზმული ვარ, ხან არა..’’

 სტატიას მისი სიტყვებით დავასრულებთ: „სევდიანი ვარ?.. ახლა ასაკის გამო კი არ გავხდი სევდიანი, ყოველთვის სევდიანი ვიყავი. ერთხელ მულტფილმისთვის მუსიკის დაწერა მთხოვეს. მოუსმინეს და ეს რა სევდიანია, ჩვენ თქვენი იუმორი გვინდაო… იუმორი კარგია, მაგრამ ეგრე სად არი… სევდა უფრო მეტია ცხოვრებაში"…

მართლაც, ვუსმენთ  მის ულამაზეს ჰანგებს, დიდი სევდით და იმედის სხივით გაჟღენთილს, და სიამაყის განცდით ვივსებით, რომ ეს უდიდესი ადამიანი, თითქმის 90 წლის წინ, სწორედ აქ, საქართველოში დაიბადა…

 

მოამზადა ხატია გიგოლაშვილმა                                                                

 

 

ყველა ახალი ამბავი
0