05:57 25 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ნელსონ მანდელა

კაცი, რომელსაც ერთდროულად 12 მილიონმა მოსწავლემ სიმღერით მიულოცა დაბადების დღე...

CC0 / Flickr/ terencechisholm / Nelson Mandela graffiti and Brick Lane in London
ცნობები
მოკლე ბმულის მიღება
18210

თითქმის ასი წლის წინ, 1918 წლის 18 ივლისს დაიბადა ადამიანი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა. 18 ივლისს გაერო აპარტეიდის წინააღმდეგ მებრძოლისა და სამხრეთ აფრიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტის ნელსონ მანდელას საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

2009 წლის 11 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია 18 ივლისის ნელსონ მანდელას საერთაშორისო დღედ გამოცხადების შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ კაცობრიობა აღიარებს ნელსონ მანდელას ცხოვრებისეულ ფასეულობებს და მის მნიშვნელოვან წვლილს კონფლიქტთა დარეგულირებასა და რასობრივი ურთიერთობების მოგვარებაში, ადამიანთა უფლებების დაცვაში, ბავშვთა და სამყაროს სხვა დაუცველი მოსახლეობის უფლებებისთვის, ასევე ღატაკი და ნაკლებად განვითარებული სოციალური ჯგუფების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის ბრძოლაში. 

„დაუთმე შენი ცხოვრების 67 წუთი სხვა ადამიანებს“, — მანდელას ფონდმა ყოველ სამხრეთაფრიკელს მოუწოდა, მის დაბადების დღეზე მონაწილეობა მიეღო აქციაში „67 წუთი“ და ეს დრო კეთილი საქმეების კეთებაში დაეხარჯა, დახმარებოდა სხვა ადამიანებს და მათთვის იმედი მიეცა. ნელსონ მანდელამ ცხოვრების 67 წელი აპარტეიდის წინააღმდეგ ბრძოლასა და თანამემამულეთა უფლებების დაცვას შეალია. ამის გასახსენებლად სამხრეთ აფრიკასა და სხვა ქვეყნებში ადამიანები საკუთარი ცხოვრების 67 წუთს სხვა ადამიანებს უთმობენ და საჯარო სამუშაოს ასრულებენ. 

ნელსონ როლიჰლაჰლა დალიბუნგა მანდელა 1918 წელს აფრიკის ერთ პატარა სოფელ მვეზოში დაიბადა. ის ადგილობრივი ტომის ბელადის შვილი იყო. მას სახელად როლიჰლაჰლა დაარქვეს, რაც ნიშნავს ადამიანს, რომელიც პრობლემებს ქმნის, მეამბოხეს (TROUBLEMAKER). როდესაც როლიჰლაჰლა სკოლაში შევიდა, მასწავლებელმა ნელსონი დაარქვა, რადგან პედაგოგს აფრიკული სახელის წარმოთქმა უჭირდა. წლების შემდეგ სამხრეთ აფრიკაში მას მოიხსენიებდნენ, როგორც TATA MADIBA — ერის მამა.

12 წლის ასაკში ნელსონს მამა ტუბერკულოზით დაეღუპა და მისი ოფიციალური მეურვე რეგენტი ჯონგინტაბა გახდა. 1939 წელს მანდელა ფორტ-ჰერის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ეს იყო ერთადერთი ადგილობრივი უნივერსიტეტი, სადაც ფერადკანიანებს სწავლის შესაძლებლობა ეძლეოდათ. თუმცა 22 წლის ასაკში იგი სასწავლებლიდან გარიცხეს სტუდენტური გაფიცვის ორგანიზატორობის გამო. ვითვოთერსრანდის უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ნელსონმა იოჰანესბურგში საადვოკატო ფირმა გახსნა, სადაც შავკანიანებს ემსახურებოდა. 

ნელსონ მანდელა ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში ლეგენდად იქცა. მან პირველად 1943 წელს მიიღო მონაწილეობა მგზავრობის ფასის ზრდასთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციაში. 1956 წელს ნელსონ მანდელა და კიდევ 150-მდე ადამიანი სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულეს, სასამართლო პროცესი 4 წელს გაგრძელდა და ყველა ბრალდებულის გათავისუფლებით დასრულდა.

1961 წელს მანდელა სათავეში ჩაუდგა აფრიკის ნაციონალური კონგრესის შეიარაღებულ ფრთას და დაიწყო  ფართომასშტაბიანი საბოტაჟის პოლიტიკა აპარტეიდის წინააღმდეგ. აპარტეიდი რასობრივი დისკრიმინაციის ყველაზე სასტიკი ფორმაა.

1962 წლის 5 აგვისტოს ძებნაში მყოფი ნელსონ მანდელა დააპატიმრეს და იოჰანესბურგის ციხეში ჩასვეს. პოლიციამ ოპოზიციის რამდენიმე სხვა ცნობილი ლიდერიც აიყვანა. მათ ბრალი დივესიული აქტების მოწყობასა და სახელმწიფო ღალატში დასდეს, რაც სასიკვდილო განაჩენს ითვალისწინებდა. თუმცა, საბოლოოდ სასამართლომ მათ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

ნელსონ მანდელა რობენის კუნძულზე მდებარე საპატიმროში გადაიყვანეს, სადაც ინდივიდუალურ კამერაში 18 წელი გაატარა. კუნძულზე პატიმრებს აუტანელ პირობებში უწევდათ ყოფნა. კარიერზე მუშაობისას მან მხედველობა დაიზიანა. მანდელას ორი მეტრის სიგანის ნესტიანი ბეტონის საკანში ეძინა ჩალის ჭილობზე. 

ციხეში ყოფნისას მანდელას ავტორიტეტი კიდევ უფრო გაიზარდა და აპარტეიდის საწინააღმდეგო მოძრაობამ საერთაშორისო განზომილება შეიძინა. გაერომ სამხრეთ აფრიკას დაუწესა იარაღის ემბარგო, გაიზარდა ბოიკოტების რიცხვი და მანდელა თანდათან იქცა მსოფლიოში ყველაზე ცნობილ „სინდისის პატიმრად“.

პატიმარი მანდელა დაუსწრებელი სწავლების პროგრამით ლონდონის უნივერსიტეტში ჩაირიცხა და იურიდიულ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხიც მიიღო. მას რამდენჯერმე შესათავაზეს გათავისუფლება იმ პირობით, თუ ის პოლიტიკური ბრძოლის იარაღად ძალადობას აღარ აირჩევდა, თუმცა ხელისუფლებამ მასთან ვერაფერი გააწყო.

1990 წლის 11 თებერვალს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 27-წლიანი პატიმრობის შემდეგ მანდელა გაათავისუფლეს. მას გმირივით შეეგება მთელი ქვეყანა. ეს პროცესი პირდაპირი ეთერით მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაიცა.

1993 წელს ნელსონ მანდელამ და სამხრეთ აფრიკის იმდროინდელმა პრეზიდენტმა ფრედერიკ დე კლერკმა მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღეს სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის მშვიდობიანი დასრულების გამო. ამის გარდა, მანდელას ასზე მეტი სხვადასხვა ჯილდო აქვს მიღებული.

ნელსონ მანდელა
ნელსონ მანდელა

1994 წელს ნელსონ მანდელამ გაიმარჯვა ქვეყნის პირველ, მრავალრასობრივ საპრეზიდენტო არჩევნებში. იგი პრეზიდენტის პოსტზე 1999 წლამდე დარჩა. ამ დროის განმავლობაში მან უამრავი მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური რეფორმა გაატარა.

საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ მან ჩამოაყალიბა შიდსის წინააღმდეგ მებრძოლი საქველმოქმედო ორგანიზაცია „46664“ (46664 ნელსონ მანდელას პატიმრობის ნომერი იყო). მას თავისი უმცროსი ვაჟიც შიდსით დაეღუპა.

ყოფილი პრეზიდენტი ბოლოს საჯაროდ 2010 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოჩნდა.

ნელსონ მანდელა 2013 წელს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

მოამზადა ხატია გიგოლაშვილმა


მთავარი თემები