ვაისი: ფეხბურთელების დღევანდელმა თაობამ შესაძლოა ქართული ფეხბურთის ისტორია ხელახლა დაწეროს

© Sputnik / Alex Shlamovვლადიმირ ვაისი
ვლადიმირ ვაისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, ბელარუსის ნაკრებთან თამაში იოლი არ იქნება

თბილისი, 7 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ფიქრობს, რომ ფეხბურთელების დღევანდელმა თაობამ შეიძლება ქართული ფეხბურთის ისტორია ხელახლა დაწეროს. ამის შესახებ სლოვაკმა სპეციალისტმა უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საქართველოს ჰყავდა დიდი ფეხბურთელები - ყიფიანი, ჩივაძე, დარასელია, არველაძე, კალაძე, მაგრამ საქართველოს დღევანდელმა ნაკრებმა შეიძლება ქართული ფეხბურთის ისტორია ხელახლა დაწეროს, თუ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდება. ასეთი შანსი შეიძლება 50 წელიწადში ერთხელ გაჩნდეს. სამწუხაროდ, მატჩს ვერ დაესწრებიან გულშემატკივრები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სტადიონის მიღმა ჩვენ საქართველოს 3,5 მილიონი მცხოვრები გვიგულშემატკივრებს“, - აღნიშნა ვაისმა.

ამასთან მწვრთნელმა დასძინა, რომ თამაში იოლი არ იქნება და მოედანზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ვარჯიშზე - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ბელარუსთან შეხვედრის წინ პირველი ვარჯიში გამართა

„ბელარუსის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია. დაკომპლექტებულია გამოცდილი ფეხბურთელებით. მათ შემადგენლობაში არიან მოთამაშეები, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატში მონაწილეობენ - ვიტალი ლისაკოიჩი, ალექსანდრ მარტინოვიჩი, ნიკოლაი ზოლოტოვი. ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით გუნდი შეიცვალა - გახდა უფრო დისციპლინირებული და უკეთ თამაშობს დაცვაში. და მაინც მგონია, რომ ჩვენი ფეხბურთელები ინდივიდუალურად უფრო ძლიერები არიან და ჩვენ გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - აღნიშნა ვაისმა.

მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების საკადრო პრობლემებზეც ისაუბრა.

„დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ხვალინდელ შეხვედრაში ჩაკვეტაძე არ ითამაშებს. ბელგიის ჩემპიონატის ბოლო ტურში მან „გენტის“ შემადგენლობაში ნახევარი საათი ითამაშა, მაგრამ თავს არაკომფორტულად გრძნობდა. ტრავმა ბოლომდე ვერ მოიშუშა. მე მას სამი-ოთხი დღით დასვენების შესაძლებლობა მივეცი, რათა მომდევნო თამაშებში დაგვეხმაროს. რაც შეეხება კაშიას, ის შესანიშნავ ფორმაშია და ალბათ ხვალ მოედანზე გამოჩნდება. ის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია და მისი ყოფნა გუნდში ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მწვრთნელმა.

პრობლემურია მარცხენა მცველის პოზიცია. ვაისის სიტყვებით, ამ ადგილის დაკავება რამდენიმე ფეხბურთელს შეუძლია: ნავალოვსკის, ტაბიძეს, გრიგალავას, ჯიღაურს. როგორც სპეციალისტმა აღნიშნა, მან უკვე იცის, ვინ გამოვა ამ პოზიციაზე ხვალ სასტარტო შემადგენლობაში, მაგრამ მისი გვარი არ დაასახელა.

გულშემატკივარი ტრიბუნებზე - Sputnik საქართველო
გადაწყვეტილება მიღებულია – საქართველო–ბელარუსის მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება

უყურადღებოდ არც ხვიჩა კვარაცხელიას თემა დარჩენილა. ბოლო დროს ის ყაზანის „რუბინის“ ერთ-ერთი ლიდერია.

„დიახ, კლუბში კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე თამაშობს, მაგრამ ის შესანიშნავად ართმევს თავს თავის მოვალეობას მარჯვენა ფლანგზეც. ესტონეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებში ის მარჯვენა მხარეს თამაშობდა, როდესაც საგოლე ჩაწოდება გააკეთა და პენალტი მოიპოვა. ამიტომ ახლა ვერ ვიტყვი, რომელ პოზიციაზე ითამაშებს ხვალ“, - ხაზი გაუსვა ვაისმა.

უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის თბილისში 8 ოქტომბერს „დინამო არენაზე“ გაიმართება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0