გამარჯვებულის „ლეკური“ – ქართველი ფეხბურთელი პოლონეთის ჩემპიონია

© photo: courtesy of Georgian Football Federationვალერიან გვილია შეტევისას
ვალერიან გვილია შეტევისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა ნახევარმცველმა „ლეგიის“ შემადგენლობაში ჩატარებულ 47 მატჩში 11 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ვაკო გვილია ვარშავის „ლეგიის“ შემადგენლობაში პოლონეთის ჩემპიონი გახდა.

„ლეგიამ“ „კრაკოვს“ 2:0 სძლია. პირველი გოლის ავტორი ტომაშ პეკჰარტი იყო, ხოლო მატჩის საბოლოო ანგარიში 75-ე წუთზე გვილიამ დაადგინა, რის შემდეგაც მოედანზე „ლეკურიც“ იცეკვა.

„ჩემპიონები ვართ! „ლეგიას“ ჩემპიონობა – ეს მთელი წლის განმავლობაში გაძლიერებული და დაძაბული მუშაობის შედეგია. კარგ თუ ცუდ დროს ყოველთვის ერთად ვიყავით, მზად ვიყავით ერთმანეთის მხარდასაჭერად. და, რაც მთავარია, არასდროს ვნებდებოდით. ამ ყველაფერს მნიშვნელობა აქვს! მადლობა ყველას, ვინც ყოველთვის მხარს გვიჭერდა!“ – დაწერა გვილიამ გამარჯვების შემდეგ თავის Instagram-ზე.

გვილიასთვის ეს სეზონი საკმაოდ წარმატებული იყო. მან „ლეგიის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 11 გოლი გაიტანა, გააკეთა ცხრა შედეგიანი გადაცემა. ეს 26 წლის ფეხბურთელის საუკეთესო მაჩვენებელია კარიერის განმავლობაში. ქართველი ნახევარმცველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში რამდენჯერმე მოხვდა, ასევე რამდენჯერმე გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე.

გვილია „ლეგიაში“ გასული წლის ზაფხულში შვეიცარიის „ლუცერნიდან“ გადავიდა. ის ასევე თამაშობდა ბელარუსულ გუნდებში „ბატე“ და „მინსკი“, უკრაინის „მეტალურგში“ და პოლონეთის „გურნიკში“.

ყველა ახალი ამბავი
0