ქართველმა მწვრთნელმა უკრაინის პრემიერ-ლიგაში თავისი დებიუტი შეაფასა

© photo: Sport Of Ukraine / FBგიორგი ცეცაძე
გიორგი ცეცაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ლვოვი" უკრაინის პრემიერ-ლიგაში ბოლოდან მეორე ადგილზეა და უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საფეხბურთო კლუბი „ლვოვი" ქართველი მწვრთნელის გიორგი ცეცაძის ხელმძღვანელობით პირველ მატჩში „კარპატებს" შეხვდა და თამაში 1:1 დაასრულა.

ცეცაძის გუნდი რაფაელ საბინოს დამსახურებით 36-ე წუთზე დაწინაურდა, მაგრამ „ლვოვმა" უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო – მეორე ტაიმში მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ „კარპატები" 42-ე წუთიდან 10 ფეხბურთელის შემადგენლობით დარჩა (მოედნიდან ხოხლოვი გააძევეს).

„მინდორზე გამარჯვებისთვის გავედით. იმის გათვალისწინებით, რომ გუნდთან სულ ოთხი ვარჯიში ჩავატარე, პირველი ტაიმი მეტ-ნაკლებად ნორმალური გამოვიდა. შესვენების შემდეგ კი, როგორც მგონია, ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად მოდუნდნენ და მათ თამაშზე დაღლა აისახა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ორი სხვადასხვა ტაიმი ჩავატარეთ, შეიძლება ითქვას, რომ მატჩის შედეგი კანონზომიერია", – განაცხადა ცეცაძემ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.

„ლვოვი" უკრაინის პრემიერ-ლიგაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. ის უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე „ლვოვი" „კარპატებს" რვა ქულით უსწრებს, მაგრამ ამ უკანასკნელს თადარიგში ოთხი თამაში აქვს.

ცეცაძე გუნდს სათავეში ერთი კვირის წინ ჩაუდგა. ამ პოსტზე მან ეგიშე მელიქიანი შეცვალა. 45 წლის სპეციალისტი მანამდე მუშაობდა საქართველოს გუნდებში: დილა", „სამტრედია", „საბურთალო". მისი ხელმძღვანელობით „სამტრედია" 2016 წელს ქვეყნის ჩემპიონი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0