რას ამბობს სფფ: დაესწრება თუ არა გულშემატკივარი საქართველო–ბელარუსის მატჩს

გამოწერა
თუ საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ბელარუსს მოუგებს, მაშინ ფინალში, რომელიც ასევე თბილისში გაიმართება, კოსოვოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.

თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას (სფფ) ჯერ არ შეუძლია პასუხის გაცემა კითხვაზე – დაესწრება თუ არა გულშემატკივარი უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩს საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის.

„რაც შეეხება მატჩზე მაყურებლის დასწრებას, ამ საკითხზე კონკრეტული პასუხი ჯერ არ გვაქვს. ყველაფერი დამოკიდებულია უეფას რეკომენდაციებსა და ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზე. ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ჩართული ამ პროცესში და ავიღებთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას“, – განუცხადა სფფ-ის პრეს-სამსახურს ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა.

საქართველო-ყაზახეთი. უეფას ერთა ლიგის მატჩი - Sputnik საქართველო
ცნობილი გახდა საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის მატჩის ჩატარების თარიღი

უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 17 ივნისს გაიმართა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალები, მათ შორის საქართველო–ბელარუსის მატჩი 8 ოქტომბერს გაიმართოს. რაც შეეხება ფინალებს, ისინი 12 ნოემბერს არის დაგეგმილი.

ამგვარად, თუ საქართველო ბელარუსს მოუგებს, მაშინ ფინალში, რომელიც ასევე თბილისში გაიმართება, ჩვენი გუნდი კოსოვოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის წყვილის გამარჯვებულს შეხვდება

პლეი-ოფის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატში თამაშის უფლებას მოიპოვებს, რომელიც მომავალი წლის ზაფხულში გაიმართება.

საქართველო–ბელარუსის მატჩი 26 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო უეფას ეგიდით გასამართი ყველა შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ფიფას ახალი რეიტინგი: რომელ პოზიციაზეა საქართველოს ფეხბურთის ნაკრები>>

საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის D დივიზიონში თავის ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. ტურნირის პლეი-ოფში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს ასევე ბელარუსის, კოსოვოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდებმა.

ყველა ახალი ამბავი
0