საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უეფას ერთა ლიგის წილისყრა შეაფასა

© Sputnik / STRINGERვლადიმირ ვაისი
ვლადიმირ ვაისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2020/2021 სეზონის უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩები 2020 წლის შემოდგომაზე გაიმართება – სექტემბრიდან ნოემბრამდე.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა უეფას ერთა ლიგის წილისყრასთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურთან კომენტარი გააკეთა.

რაგბი - Sputnik საქართველო
საქართველოს რაგბისა და ფეხბურთის ნაკრებების მატჩებს კორონავირუსის გამო არ გადაიტანენ

„ეს ჯგუფი ჩვენთვის ახალი გამოწვევაა. მაგრამ ახლა უფრო მნიშვნელოვანია, რომ კონცენტრაცია მარტში ბელარუსის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე გავაკეთოთ. ახალ ჯგუფში ყველას თანაბარი შანსები აქვს. ჩვენ ესტონეთის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ, ასევე კარგად ვიცნობთ ჩრდილოეთ მაკედონიას, რომელსაც, იმედი მაქვს, ფინალურ შეხვედრაში დავუპირისპირდებით. სომხეთი ასევე კარგი გუნდია. ამ დონეზე ადვილი მატჩები, რა თქმა უნდა, არ არსებობს, მაგრამ ვთვლი, რომ ახლა მხოლოდ 26 მარტის თამაშზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული", – განაცხადა სლოვაკმა სპეციალისტმა.

საკუთარი მოსაზრება უფრო ღიად დააფიქსირა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა: „ვთვლი, რომ საკმაოდ საინტერესო ჯგუფში მოვხვდით – ჩრდილოეთ მაკედონიის, ესტონეთისა და სომხეთის წინააღმდეგ კარგი მატჩები გველის. ჩვენი მიზანი უცვლელია და საქართველოს ნაკრები ამ ჯგუფში პირველობისთვის იბრძოლებს".

უეფას ერთა ლიგის (2020/2021 წლების სეზონი) წილისყრის შედეგებით, საქართველოს ეროვნული ნაკრები C დივიზიონის მეორე ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონიის, ესტონეთისა და სომხეთის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩები 2020 წლის შემოდგომაზე გაიმართება – სექტემბრიდან ნოემბრამდე. ფინალური რაუნდი 2021 წლის ივნისის დასაწყისში გაიმართება, პლეი-ოფის რაუნდი – 2022 წელს.

უეფას ერთა ლიგის პირველ გათამაშებაში (2018/2019 სეზონი) საქართველოს ნაკრები D დივიზიონში თავის ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და ტურნირის ნახევარფინალში მოხვდა. ამ ნახევარფინალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები მიმდინარე წლის 26 მარტს თბილისში ბელარუსს დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალში კოსოვოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები შეხვდებიან. პლეი-ოფის გამარჯვებული EURO-2020-ზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.

ყველა ახალი ამბავი
0