ჯანო ანანიძე კარიერას კვიპროსში გააგრძელებს

გამოწერა
კლუბის მთავარი მწვრთნელი ქართველი სპეციალისტია და გუნდის შემადგენლობაში ახლა უკვე საქართველოს ნაკრების ხუთი ფეხბურთელი თამაშობს.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ კლუბ „ანორთოსისთან" კონტრაქტს მოაწერა ხელი, ნათქვამია კვიპროსის გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეთანხმების ვადა „ანორთოსისსა" და 27 წლის ქართველ ფეხბურთელს შორის ამჟამინდელი სეზონის ბოლომდეა გათვლილი.

კვიპროსულ გუნდში ანანიძე მეხუთე ქართველი ლეგიონერი იქნება. „ანორთოსისში" თამაშობენ გიორგი ლორია, ნიკა კაჭარავა, თორნიკე ოქრიაშვილი და მურთაზ დაუშვილი. ყველა ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების წევრია.

ჯანო ანანიძე - Sputnik საქართველო
ჯანო ანანიძემ მოსკოვის „სპარტაკი" დატოვა

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელიც ქართველია – თემურ ქეცბაია, რომელიც 2009-2014 წლებში საქართველოს ნაკრებს ხელმძღვანელობდა.

ანანიძე „ანორთოსისში" თავისუფალი აგენტის უფლებებით გადავიდა. ნახევარმცველმა რამდენიმე დღის წინ, ორმხრივი შეთანხმებით, კონტრაქტი გაწყვიტა მოსკოვის „სპარტაკთან". მოსკოვურ კლუბში ანანიძე 2009 წლიდან თამაშობდა, სადაც 146 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება „ანორთოსისს", კვიპროსის ჩემპიონატში 15 ტურის შემდეგ ქეცბაიას გუნდი სატურნირო ცხრილს უდგას სათავეში, აქვს 36 ქულა და ერთი გამოტოვებული თამაში.

ყველა ახალი ამბავი
0