საქართველოს ხელბურთის ნაკრები ნახევარფინალში დიდ ბრიტანეთს შეხვდება

© photo: Georgian Handball Federation / FBსაქართველოს ხელბურთის ნაკრები
საქართველოს ხელბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი დაუმარცხებლად გაიარა.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოს ხელბურთის ნაკრებმა თბილისში მიმდინარე IHF ახალგაზრდა სახელმწიფოთა ტურნირზე В ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით დღეს ქართველმა ხელბურთელებმა ბულგარეთის ნაკრებს ანგარიშით 35:19 მოუგეს და ნახევარფინალში პირველი ადგილიდან გადავიდნენ. გამარჯვებულთა რიგებში ყველაზე შედეგიანი კვლავ გიორგი ცხოვრებაძე აღმოჩნდა, რომელმაც მეტოქის კარში შვიდი ბურთი გაიტანა. ოთხ-ოთხი გოლია გიორგი მიქავას, თეიმურაზ ორჯონიკიძის და ირაკლი არსენაშვილის ანგარიშზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი დაუმარცხებლად გაიარა, ხოლო გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობამ +81 შეადგინა. შედარებისათვის, А ჯგუფის გამარჯვებულის კუბის ანალოგიურმა მაჩვენებელმა +37 შეადგინა.

საქართველოს ხელბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
ქართველმა ხელბურთელებმა თბილისში ტურნირზე მესამედ გაიმარჯვეს

ნიკოლ მაქსიმოვიჩის და ბექარ ორჯონიკიძის შეგირდები ფინალში გასასვლელად დიდი ბრიტანეთის გუნდს დაუპირისპირდებიან. ეს შეხვედრა 15 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ბულგარეთის და კუბის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

ახალგაზრდა სახელმწიფოთა ტურნირი IHF ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მესამედ იმართება. მსგავსი ჩემპიონატების მიზანია ხელბურთის განვითარება და პოპულარიზაცია ისეთ ქვეყნებში, სადაც სპორტის ეს სახეობა ფართოდ არ არის გავრცელებული.

ყველა ახალი ამბავი
0