ქართველი მოჭიდავეები მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღეს უმედლოდ დარჩნენ

© FB / GeoWrestling / Martin Gáborთავისუფალი ჭიდაობა
თავისუფალი ჭიდაობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებს ორი ბრინჯაოს მედლის იმედი შეიძლება ჰქონდეს.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა შეჯიბრების მეორე დღეს ვერც ერთი მედალი ვერ მოიპოვეს. მსოფლიო ჩემპიონატი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ამ დღეებში მიმდინარეობს.

ბრინჯაოს მოპოვების შანსები ჰქონდათ დავით ხუციშვილსა (-79 კგ) და დათო მარსაგიშვილს (-94), მაგრამ მესამე ადგილისთვის ბრძოლა ორივემ დათმო, თან, ფაქტობრივად, ბრძოლის გარეშე.

ხუციშვილმა რუსეთის წარმომადგენელ ახმედ გაჯიმაგომედოვთან 0:10 წააგო, ხოლო მარსაგიშვილმა ირანელ ალირეზ ქარიმისთან მხოლოდ ერთი ქულის აღება შეძლო - 1:12.

თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებს ორი ბრინჯაოს მედლის იმედი შეიძლება ჰქონდეს. მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ ზურაბ იაკობაშვილი (-70) და ელიზბარ ოდიკაძე (-97). ქართველი მოჭიდავეების მეტოქეები ჯერჯერობით უცნობია.

ამჟამად საქართველოს ნაკრებს ტურნირზე ორი მედალი აქვს: გენო პეტრიაშვილი (+125) მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ხოლო ავთანდილ კენჭაძე (-74) – ვერცხლის მფლობელი.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატი 23 ოქტომბერს დასრულდება. 25 ოქტომბრიდან კი დაიწყება შეჯიბრება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს შორის. ამ სახეობაში მსოფლიო პირველობაზე საქართველო ათ მოჭიდავეს წარადგენს.

 

ყველა ახალი ამბავი
0