ქართველი წყალბურთელები ევროპის ჩემპიონატზე კვლავ დამარცხდნენ

© Facebook / LENსაქართველოს ვაჟ წყალბურთელთა ნაკრები
საქართველოს ვაჟ წყალბურთელთა ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა გერმანიის გუნდთან შეხვედრა კარგად დაიწყო, თუმცა შეხვედრის მეორე მეოთხედიდან მათ არ გაუმართლათ

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საქართველოს წყალბურთის ვაჟთა ნაკრები ბარსელონაში ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის გუნდთან ანგარიშით 9:10 დამარცხდა.

ქართველმა წყალბურთელებმა შეხვედრის პირველი მეოთხედი ძალიან დამაჯერებლად ჩაატარეს. რევაზ ჩომახიძის შეგირდებმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს და მონაკვეთი ანგარიშით 3:1 მოიგეს.

თუმცა, მომდევნო მეოთხედებში გერმანელ წყალბურთელებს ერთით მეტი გოლი გაჰქონდათ, ვიდრე ქართველებს (3:2, 3:2, 3:2). გუნდში ყველაზე შედეგიანები ზურაბ რურუა და მიხეილ ბაღათურია აღმოჩნდნენ, რომლებმაც ორ-ორი გოლი გაიტანეს.

ჯგუფური სტადიის დასკვნით მატჩს საქართველოს ნაკრები იტალიის წინააღმდეგ 20 ივლისს გამართავს.

ევროპის ჩემპიონატში წყალბურთში ოთხ ჯგუფად დაყოფილი 16 ნაკრები მონაწილეობს. მეოთხედფინალში თითოეული კვარტეტის გამარჯვებულები გადიან. მეორე და მესამე ადგილების მფლობელი გუნდები პლეი-ოფში გადიან, ხოლო ჯგუფის ბოლო ადგილებზე გასული ნაკრებები მე-13-დან მე-16 ადგილებისთვის იბრძოლებენ.

საქართველოს ვაჟ წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატში მესამედ მონაწილეობს. 2014 წელს, როდესაც ტურნირში 12 გუნდი მონაწილეობდა, ქართველებმა შემაჯამებელ ოქმში ბოლო ადგილი დაიკავეს. ბოლო კონტინენტალურ პირველობაზე (2016), როდესაც მონაწილეების რაოდენობა 16-მდე გაიზარდა, საქართველოს ნაკრებმა მე-14 ადგილი დაიკავა.

ევროპის მოქმედი ჩემპიონი სერბეთის ნაკრებია, რომელმაც ტურნირზე ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0