თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. თავისუფალი სტილით ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (U-23) სტამბულში სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
გიორგი სულავამ 70 კგ-მდე წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში რუს რუსლან ბოგატირიოვს ანგარიშით 7:3 სძლია.
ნიკა კენჭაძემ (-79 კგ) თურქ მოჰამედ ქუჩუქილდირიმს ანგარიშით 4:2 მოუგო, გივი მაჭარაშვილმა (-97 კგ) უკრაინელ ოლექსანდრ ბიკანოვს არცერთი შანსი არ დაუტოვა — 11:00.
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ქართველ ფალავნებს კიდევ სამი ბრინჯაოს და ერთო ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვთ. მესამე ადგილისთვის ტურნირზე იბრძოლებენ: თეიმურაზ ვანიშვილი (-61 კგ), ავთანდილ კენჭაძე (-74 კგ) და როლანდ ანდრიაძე (-125 კგ).
92 კგ-მდე წონით კატეგორიაში ფინალში ირაკლი მწითური გავიდა. ევროპის (U-23) ჩემპიონის ტიტულისთვის ის აზერბაიჯანელ შამილ ზუბაიროვს შეერკინება.