ქართველი სპორტსმენების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

გამოწერა
ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რამაზ ზოიძე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის (U-23) გამარჯვებული გახდა, რომელიც სტამბულში იმართება.

დაძაბულ ფინალურ ორთაბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა თურქ ჩენგიზ არსლანს სძლია ანგარიშით 3:2. ზოიძე კარიერის განმავლობაში კონტინენტის პირველობაზე სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში მეოთხედ გახდა გამარჯვებული.

ტურნირის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი — ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის დათო ჩხარტიშვილი უკრაინელ ვიქტორ პეტრუკს დაუპირისპირდა. ძირითადი დრო ანგარიშით 3:3 დასრულდა, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით გამარჯვება ქართველ მოჭიდავეს მიაკუთვნეს.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შედეგებით, საქართველოს ნაკრების აქტივში სამი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია. წინა დღეებში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ ნუგზარ წურწუმია (-55 კგ) და ზვიად პატარიძე (-130 კგ), ხოლო კიდევ ერთი ბრინჯაო ლერი აბულაძემ (-63 კგ) მოიპოვა.

ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა, პირველზე კი რუსეთი გავიდა.

8 ივნისს სტარტს აიღებს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, რომელიც ასევე სტამბულში გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0