ბათუმის „დინამომ“ რუსეთის პრემიერ–ლიგის კლუბი დაამარცხა

© photo: Dinamo Batumi / FBბათუმის "დინამოსა" და პერმის "ამკარის" მატჩი
ბათუმის დინამოსა და პერმის ამკარის მატჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ამკარზე“ გამარჯვება ბათუმის კლუბისთვის პირველია სეზონისწინა შეკრებებზე.

თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. ბათუმის საფეხბურთო კლუბმა „დინამომ“ თურქეთის ქალაქ ბელექში სეზონისწინა შეკრებების ფარგლებში გამართულ ტესტ–მატჩში 1:0 მოუგო პერმის „ამკარს“, რომელიც რუსეთის პრემიერ–ლიგაში გამოდის.

ერთადერთი გოლი ნახევარმცველმა გიორგი ჯანელიძემ 64-ე წუთზე გაიტანა. „ამკარის“ ფეხბურთელებს გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდათ მე-40 წუთზე, როდესაც ქართველების კარში თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, მაგრამ მათ ეს შანსი ვერ გამოიყენეს. 

გია გეგუჩაძის გუნდისთვის ეს გამარჯვება პირველია სეზონისწინა შეკრებებზე. მანამდე კლუბმა ჩეხეთის გუნდთან 0:0 დაამთავრა მატჩი, ხოლო ესტონურ კლუბთან დამარცხდა – 0:3.

დასკვნით საკონტროლო მატჩს ბათუმელები 21 თებერვალს ყაზახური „ტობოლის“ წინააღმდეგ გამართავენ, რომელშიც საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა თამაშობს.

გასული სეზონის შედეგებით ბათუმის „დინამომ“ საქართველოს ჩემპიონატის ეროვნული ლიგა დატოვა და მეორე ლიგაში გადავიდა.

ჩემპიონატი მეორე ლიგაში 1 მარტს იწყება, ბათუმელების პირველი მეტოქე კლუბი „თელავი“ იქნება.

 

ყველა ახალი ამბავი
0