კახა კალაძემ მორიგ საფეხბურთო წარმატებას მიაღწია

გამოწერა
თბილისის მერი თბილისში გამართული „ზამთრის თასის“ ბომბარდირი გახდა.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ვეტერანთა ნაკრებმა ფინალში ესპანეთის გუნდს ანგარიშით 6:3 სძლია და მეორედ გახდა თბილისში გამართული დავით პეტრიაშვილის სახელობის საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის „ზამთრის თასის“ გამარჯვებული.

არა მარტო ფინალის, არამედ მთელი ტურნირის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების კაპიტანი კახა კალაძე გახდა. მოქმედი თბილისის მერის ანგარიშზე გადამწყვეტ მატჩში სამი ბურთი, ხოლო მთლიანობაში შვიდი გატანილი გოლია.

ფინალში კალაძესთან ერთად თითო გოლი გაიტანეს ალექსანდრე ამისულაშვილმა, ზურაბ ხიზანიშვილმა და ლევან კობიაშვილმა. 

ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ უეფას ნაკრების სახელით მოასპარეზე მილენკო აჩიმოვიჩი დასახელდა, ხოლო საუკეთესო მეკარის ტიტული ესპანელმა გოლკიპერმა იგლესიასმა მიიღო.

„ზამთრის თასის“ მეორე გათამაშებაში მონაწილეობა ესპანეთის, უკრაინის, თურქეთის, იტალიისა და საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა გუნდებმა მიიღეს. მათ შეუერთდა უეფას თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული გუნდიც. 

„აღნიშნული ტურნირი ძალზე საინტერესო აღმოჩნდა. ამასთან ჩვენ გავიმარჯვეთ, მოგება კი ყოველთვის სასიამოვნოა. წლევანდელ ტურნირში მონაწილეობა მიიღო იტალიის ნაკრებმა, უეფას გუნდი კი წელს გაცილებით ძლიერი იყო, ვიდრე ერთი წლის წინ. საბოლოო ჯამში, მგონია, რომ მაყრებელმა სასიამოვნო სანახაობა მიიღო. გარდა ამისა, სასიამოვნოა რომ „ზამთრის თასი“ ტრადიციად მკვიდრდება. ჩვენ მიღწეულზე გაჩერებას არ ვაპირებთ და მომავალ წელს კვლავ ვგეგმავთ ამ ტურნირის გამართვას“, – განაცხადა „ზამთრის სეზონის“ შედეგების შეფასებისას სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

ქართულ კლუბებს შორის „ზამთრის თასის“ გამარჯვებული, რომელთათვის ეს ტურნირი წინასასეზონო მომზადების საწყის ეტაპს წარმოადგენს, თბილისის „ლოკომოტივი“ გახდა. ფინალში გუნდმა „შევარდენი“ დაამარცხა ანგარიშით 4:0. 

დავით პეტრიაშვილის სახელობის „ზამთრის თასის“ პირველი ტურნირი გასულ წელს ჩატარდა. ფინალში საქართველოს ნაკრებმა უკრაინის გუნდს მოუგო ანგარიშით 7:4.

დავით პეტრიაშვილი ეროვნული ასოციაციების საკითხებში უეფას განყოფილების უფროსი მმართველი იყო. ის ტრაგიკულად დაიღუპა 2015 წლის დეკემბერში — გზის სავალ ნაწილზე მას პატრულის ეკიპაჟი დაეჯახა.

ყველა ახალი ამბავი
0