თბილისი 18 ივნისი-Sputnik. რაგბში საქართველოს ნაკრები U-20-ის მსოფლიოს ჩემპიონატზე, დასკვნით მატჩში დამარცხდა. მეცხრე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა რაგბისტებმა ირლანდიასთან 18:24 წააგეს.
ქართველებმა პირველი ტაიმი მოიგეს 10:7, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში ზედიზედ ორი ლელო-გარდასახვა გამოეპარათ და სტუმრები დაწინაურდნენ 21:10.
თამაშში ინტრიგა გელა აფრასიძემ დააბრუნა. ქართველთა დამრტყმელმა მოედნის ცენტრიდან ულამაზესი რეიდით ლელო დადო და გარდასახვაც ზუსტად შეასრულა 18:21. თუმცა მეტის გაკეთება მასსპინძლებმა ვეღარ მოახერხეს, ბოლოსკენ ერთი ჯარიმაც მიიღეს და 18:24 წააგეს.
ამრიგად, ირლანდიელებმა მეცხრე ადგილი დაიკავეს, მასპინძლებმა მეათე. მეთერთმეტე ადგილისთვის შეხვედრაში არგენტინამ სამოას სძლია 53:42, მეშვიდე ადგილი შოტლანდიელებმა ავსტრალიის ნაკრების დამარცხებით დაიბევეს 24:17.
მსოფლიოს ჩემპიონის ვინაობა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ამ წუთებში ირკვევა ინგლისისა და ახალი ზელანდიის შეხვედრაში.