ღირსეული ჩემპიონი უღირსი კაპიტნის მეთაურობით!

© photo: Sputnik / Антон Денисов / გადასვლა მედიაბანკშისერხიო რამოსი
სერხიო რამოსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩემპიონთა ლიგის წლევანდელმა ფინალმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მადრიდის „რეალი“ ამ ეტაპზე ევროპაში საუკეთესოა. სიმართლე გითხრათ, სამეფო გუნდის გულშემატკივართა რიცხვს არ მივეკუთნები, მაგრამ ვაღიარებ, რომ გუნდმა ჯილდო ნამდვილად დაიმსახურა, ვიმეორებ, გუნდმა და არა მისმა ზოგიერთმა წევრმა.

თამაშის პერიპეტიების განხილვას არ ვაპირებ, ამას Sputnik-ის სპორტული ჟურნალისტები ჩემზე კვალიფიციურად მოახერხებენ. მინდა შევეხო საკითხს, რომელიც ერთნაირად მოეთხოვება როგორც რიგით ადამიანს, ისე დიდ სპორტსმენს (თუ მეტად არა). საუბარი მაქვს ღირსებაზე. სანამ დეტალებზე გადავალ, მოდით განვმარტოთ რა არის ღირსება – ეს გახლავთ მორალურ-ზნეობრივი კატეგორია, რომელიც ნიშნავს საკუთარი თავისა და სხვა ადამიანის პიროვნულ პატივისცემას. ღირსება ადამიანის განუყოფელი თვისებაა, როგორც უმაღლესი ფასეულობა, იგი ერთ-ერთი არამატერიალური სიკეთეა, რომელიც დაბადებიდან დაგვყვება და მისი ჩუქება ან ვინმესთვის გადაცემა შეუძლებელია.

მოკლედ ღირსება ადამიანს ან აქვს — ან არა. როგორც გამოირკვა, მადრიდის „რეალის“ კაპიტანს სერხიო რამოსს იგი არ აქვს. ამ დროს სწორედ გუნდის კაპიტანს მოეთხოვება ყველაზე მეტად ეს თვისება და, რა სამწუხაროა, რომ ერთი ადამიანის უწესობა ჩირქს სცხებს არა მხოლოდ თანაგუნდელებს, არამედ ყოვლად ღირსეულ პიროვნებასა და მწვრთნელს ზინედინ ზიდანსაც, ვინც კაპიტნის სამკლაური ანდო რამოსს, და მთლიანად სამეფო კლუბს. რა და რატომ მოხდა ამის ახსნას არ მოვყვები, რადგან ვინც თამაშს უყურა ისედაც იცის, ხოლო ვინც არა, იმათ ეს საკითხი სავარაუდოდ დიდად არ აღელვებთ.

სიმულაცია სპორტში ახალი ხილი არ არის და ისეთი სპორტსმენებიც მრავლად არიან, ვინც არაერთგზის შეუმჩნევიათ ამ მავნე ჩვევისადმი მიდრეკილებაში. მინდა გავიხსენო უდავოდ დიდი ფეხბურთელი, ბრაზილიელი რივალდო, რომლის მსგავსმა საქციელმა კორეის მსოფლიოს ჩემპიონატზე მკვეთრად შეცვალა სპორტული სამყაროს მისდამი დამოკიდებულება და თუ მანამდე დიდ პატივს მიაგებდნენ, მას შემდეგ საერთოდ ფეხბურთელებშიც აღარ მოიხსენიებენ. ზუსტად იგივე ითქმის სერხიო რამოსზეც. მაშინ, როდესაც შეხვედრის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, მისმა „არტისტობამ“ მეტოქე კაცნაკლული დატოვა და გამარჯვების ეიფორიაც აშკარად გააფერმკრთალა. არა მგონია თანაგუნდელებს მოსწონებოდათ ის, რაც მოედანზე მათმა კაპიტანმა მოიმოქმედა, ვერც ზიდანი იქნებოდა დიდად აღფრთოვანებული. 

დარწმუნებული ვარ (შესაძლოა დღეს და ხვალ არა), სერხიო რამოსი აუცილებლად დაისჯება (მორალურ სასჯელს ვგულისხმობ) და, სავარაუდოდ, კაპიტნის სამკლაურსაც დაკარგავს. დღეს კი მხოლოდ ერთი რამ შემიძლია მოგახსენოთ – მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ღირსეული გამარჯვებულია უღირსი კაპიტნით. 

 

ყველა ახალი ამბავი
0