ქართველმა ძიუდოისტებმა ეკატერინბურგში ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვეს

გამოწერა
ეკატერინბურგის ტურნირის საბოლოო შედეგების მიხედვით, საერთო გუნდურ ჩათვლაში მამაკაცებს შორის საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ოთხი მედლით მეხუთე ადგილი დაიკავა.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ეკატერინბურგში მიმდინარე "დიდი სლემის" სერიის ტურნირის დასკვნით დღეს  ქართველმა სპორტსმენებმა ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ამირან პაპინაშვილი - Sputnik საქართველო
ძიუდოისტმა პაპინაშვილმა ეკატერინბურგის ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

100 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართული გუნდის ლიდერმა და კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა ნახევარფინალში, საკმაოდ უცნაური მსაჯობის პირობებში, რუსეთის წარმომადგენელ ნიაზ ილიასოვთან წააგო, ხოლო მესამე ადგილისთვის ბრძოლაში რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა ფრანგი ალექსანდრ იდირი დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ბრინჯაო შემატა ზებედა რეხვიაშვილმა (-81 კგ), რომელმაც ჰოლანდიელი ფრანკ დე ვიტი დაამარცხა.

ეკატერინბურგის ტურნირზე გამარჯვებასთან ყველაზე ახლოს მძიმეწონოსანი ლევან მათიაშვილი (+100 კგ) იყო, რომელიც ფინალში ბრაზილიელ დავიდ მოურს ხვდებოდა.

გადამწყვეტი შერკინება აბსოლუტურად თანასწორი იყო და ოქროს მედლის ბედი ე.წ. "ოქროს დროში" გადაწყდა. მათიაშვილმა გაფრთხილება მიიღო და სამხრეთამერიკელი ავტომატურად გახდა ტურნირის გამარჯვებული.

ამგვარად, ეკატერინბურგის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა სულ ოთხი მედალი მოიპოვა — ორი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს. ქართული გუნდის აქტივში კიდევ ერთი ვერცხლი ამირან პაპინაშვილმა (-60 კგ) შეჯიბრების პირველივე დღეს შეიტანა.

ყველა ახალი ამბავი
0