საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი – მეშვიდე ტურის მიმოხილვა

© FB / DINAMOTBთბილისის "დინამო" – ქობულეთის "შუქურა" 5:0
თბილისის დინამო – ქობულეთის შუქურა 5:0 - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის მეშვიდე ტური იმით იყო გამორჩეული, რომ მისი დაწყებიდან პირველად სატურნირო ცხრილს თბილისის "დინამო" ჩაუდგა სათავეში.

ეროვნული ლიგის ბოლო სამი ტური ათ დღეში გაიმართა. სხვა კლუბებთან შედარებით ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას ყველაზე კარგად კახა კაჭარავას გუნდი გაუმკლავდა – მათ ასპროცენტიანი შედეგი აჩვენეს, კლუბი სატურნირო ცხრილის ლიდერი გახდა.

საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი – VI ტურის მიმოხილვა

"დინამოს" გამარჯვება

აღნიშნულ ტურში დინამოელები ეროვნული ჩემპიონატის ყველაზე სუსტ კლუბს – ქობულეთის "შუქურას" შეხვდნენ.

მასპინძლებმა დასახული მიზნის განხორციელება მატჩის მე–14 წუთზე დაიწყეს. კიტეიშვილის ოსტატურად ჩაწოდებული ბურთი პაპუნაშვილმა გაიტანა.

პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა, სამაგიეროდ მეორე ტაიმი უხვგოლიანი გამოდგა.

თამაშის მეორე ნახევარში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ბაჩანა არაბულმა და ჰეტ–ტრეკი გააფორმა – 55–ე, 72–ე და 78–ე წუთებზე.

არაბულის ჰჰეტ–ტრეკებს შორის გოლი მეტოქის კარში საბა ლობჟანიძემ გაიტანა (61–ე წუთზე).

თბილისის "დინამოსთვის" ეს გამარჯვება ამ ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე იყო. "შუქურამ", თავის მხრივ, ზედიზედ მეხუთედ წააგო, თან ბოლო სამ თამაშში ქობულეთელებმა საკუთარ კარში 12 გოლი მიიღეს და ამავე დროს, არცერთი ბურთი არ გაუტანიათ.

"ლოკომოტივს" ბევრი გოლი გააქვს, მაგრამ ვერ იგებს

"დინამოს" ლიდერობის კიდევ ერთი თანაავტორი თბილისის "ლოკომოტივი" გახდა. გუნდმა თავისი გულშემატკივარი შედეგიანი თამაშით გაახარა, მაგრამ ამჯერად გატანილი გოლები გამარჯვებისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა.

დედაქალაქის კლუბმა გორის "დილას" უმასპინძლა, რომლის ფეხბურთელებიც ამ სეზონში ძალზე არასტაბილურ თამაშს აჩვენებენ. მაგრამ კონკრეტულად ამ შეხვედრას ეს არ ეხება.

მატჩში ანგარიში უკვე მეოთხე წუთზე გაიხსნა – სტუმრები ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ლეანდრო რიბეირომ დააწინაურა.

"ლოკომოტივმა" არ დააყოვნა და წუთნახევრის განმავლობაში მამია გავაშელიშვილმა და ირაკლი სიხარულიძემ ზუსტი დარტყმებით გუნდი დააწინაურეს.

ტაიმის მიწურულს მასპინძლების უპირატესობა იმავე სიხარულიძემ განამტკიცა.

სტუმრები სულით არ დაცემულან – 66–ე წუთზე მასპინძლების კარში 11–მეტრიანი საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რომელიც რიბეირომ გამოიყენა და სხვაობა გოლებს შორის ერთამდე დაიყვანა.

ბოლო ბურთი "დილას" ფეხბურთელებმა მატჩის დასრულებამდე 40 წამით ადრე გაიტანეს – ფალვიო ნუბიომ თამაშის საბოლოო შედეგი – 3:3 დააფიქსირა. ამან "ლოკომოტივს" სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დააკარგვინა.

ერთი პოზიციით

"საბურთალომ" საკუთარ მოედანზე ბათუმის "დინამო" მიიღო, მოიუგო და სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ამგვარად, ჩემპიონატის ლიდერთა სამეული თბილისურ კლუბებს წარმოადგენს.

ქუთაისის "ტორპედომ" ამ სეზონში მხოლოდ სასტარტო მატჩი წააგო, შემდეგ სამჯერ გაიმარჯვა და ერთიც ფრედ დაამთავრა. კახაბერ ჩხეტიანის გუნდმა აღნიშნულ ტურში "ჩიხურა" თავის მოედანზე 2:1 დაამარცხა.

ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, "სამტრედიამ" გასვლით თამაშში "კოლხეთს" 2:1 მოუგო.

ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია ირაკლი სიხარულიძე – მის ანგარიშზე რვა გატანილი ბურთია. მას ექვსი გატანილი გოლით მოსდევს მისივე თანაგუნდელი მამია გავაშელიშვილი.

მეშვიდე ტურის მატჩების შედეგები:

თბილისის "დინამო" – ქობულეთის "შუქურა" 5:0

თბილისის "ლოკომოტივი" – გორის "დილა 3:3

ქუთაისის "ტორპედო" – საჩხერის "ჩიხურა" 2:1

ფოთის "კოლხეთი" – "სამტრედია" 1:2

თბილისის "საბურთალო" – ბათუმის "დინამო" 2:0

ეროვნული ლიგის მერვე ტურის მატჩები 21–23 აპრილს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0