20:44 27 ივლისი 2017
პირდაპირი ეთერი
საქართველოს რაგბის ნაკრები რუმინეთთან შეხვედრის წინ

„ოსკარის“ ექო: საქართველოს რაგბის ნაკრებს შეცდომით გადასცეს თასი

© FB / Georgian Rugby
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
3510

რაგბიში ევროპის ერთა თასის დასკვნითი მატჩის ფინალი რუმინეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის სრულიად გაუგებარი და დამაბნეველი გამოდგა.

შეხვედრის დაწყებამდე, რომელიც ბუქარესტში გაიმართა, რუმინეთის ნაკრებს 15 ქულა ჰქონდა, საქართველოს ნაკრებს კი 18. მასპინძლებს თასის მოსაპოვებლად გამარჯვება სჭირდებოდათ, სტუმრებს კი ფრეც ჰყოფნიდათ.

შეხვედრა რუმინეთის გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 8:7 და, შესაბამისად, მათ საბოლოოდ 19 ქულა დაუგროვდათ. ჯამში ამდენივე ქულა მოაგროვა საქართველოს ნაკრებმაც (იმ შემთხვევაში, თუ გუნდი 7 ქულაზე ნაკლებით დამარცხდება, მას ერთი ბონუს–ქულა ემატება). 

ვინ მიიჩნევა გამარჯვებულად ორ გუნდს შორის, თუ მათ თანაბარი რაოდენობის ქულები აქვთ? ამას ტურნირის რეგლამენტი გასაზღვრავს (გვ. 14, პუნქტი 4.2), სადაც შავით თეთრზე წერია, რომ გამარჯვებულის გამოსავლენად მთავარია ურთიერთდაპირისპირების შედეგი და არა უკეთესი ბურთების შეფარდება.

ასე რომ, ტურნირის ორგანიზატორებიცა და ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური საიტიც რატომღაც გამოთვლებსა და რეგლამენტში აიხლართნენ და საქართველო პირველ ადგილზე გაიყვანეს.

მასმედია ორ ბანაკად გაიყო. ერთი ნაწილი წერდა, რომ გამარჯვება რუმინელებს დარჩათ, მეორე კი ორგანიზატორების ვერსიას იზიარებდა და გამარჯვებას საქართველოს ნაკრებს აკუთვნებდა.

ასეთ გაურკვეველ ვითარებაში „Sputnik-საქართველო“ დაუკავშირდა ადამიანებს, რომლებსაც ახლო კონტაქტი აქვთ „რაგბი-ევროპასთან“ (სწორედ ამ უკანასკნელის პატრონაჟით ტარდება ევროპის ერთა თასის ტურნირი) და ვითარებაში გარკვევა სთხოვა. იქიდან კი პასუხად ის მიიღო, რომ ჯერჯერობით თავადაც ვერ გარკვეულან, რა და როგორ მოხდა.

რამდენიმე საათის შემდეგ ორგანიზაციის ოფიციალურ Twitter-ზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ გამარჯვება რუმინეთის ნაკრებს მიეკუთვნეს და თასიც მას გადასცეს შვიდწლიანი პაუზის შემდეგ.

​რაღა თქმა უნდა, ამ გაუგებრობასთან დაკავშირებით გარჩევები უცბად არ შეწყდება და კიდევ გაგრძელდება. ფაქტია, რომ ვიღაც განტევების ვაცადაც იქცევა და დაისჯება კიდეც. მაგრამ ცოტა უცნაურად ხომ არ გეჩვენებათ ის ფაქტი, რომ წელს უკვე მეორედ ხდება მსგავსი აღრევა? ასე იყო „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიაზე, ასე მოხდა რაგბის ერთა თასის ტურნირზეც.

ეს არასერიოზულია, მეგობრებო, ძალიან არასერიოზული.

მთავარი თემები