საქართველოსა და უზბეკეთის ფეხბურთის ნაკრებებს შორის გამართული თამაში ფრედ დასრულდა

© ФФГსაქაქრთველო-უზბეკეთი
საქაქრთველო-უზბეკეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები უზბეკეთის გუნდს ექსპერიმენტული შემადგენლობით ეთამაშა და დაუზავდა. ამჟამად ნაკრები იორდანიის ნაკრებთან თამაშისთვის ემზადება.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა უზბეკეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დაასრულა.

შეხვედრა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ჩატარდა და ეს ქართველი ფეხბურთელებისთვის მიმდინარე სეზონის პირველი თამაში იყო.

მატჩის ანგარიში პირველი ტაიმის დასასრულს ტაშკენტის „ბუნედკორის“ თავდამსხმელმა ელდორ შომურადოვმა გახსნა.

შეხვედრის მეორე ნახევარში ვლადიმირ ვაისის აღსაზრდელები მეტოქეზე გაცილებით უფრო მწვავედ მოქმედებდნენ, რამაც ტაიმის შუა პერიოდში შედეგი მოიტანა. 69-ე წუთზე „დინამოს“ ნახევარმცველმა თეიმურაზ შონიამ ანგარიში გაათანაბრა, 77-ე წუთზე კი „დინამოელმა“ საბა ლობჟანიძემ ქართული გუნდი წინ გაიყვანა.

თუმცა, შემდგომი შეტევისას უზბეკეთის გუნდმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო. თავი ისევ შომურადოვმა გამოიჩინა.

89-ე წუთზე უზბეკეთის ნაკრები უმცირესობაში დარჩა — მინდვრიდან აზიმჟონ ახმედოვი გააძევეს. დარჩენილ წუთებში ქართველმა ფეხბურთელებმა რაოდენობრივი უპირატესობის გამოყენება ვერ შეძლეს და შედეგად დაფიქსირდა ფრე 2:2.

სასარგებლო თამაში იყო ჩვენი ფეხბურთელებისთვის, რომლებიც ამ დონეზე ასეთ მოწინააღმდეგესთან პირველად თამაშობდნენ. თუმცა, შედეგით კმაყოფილი ვერ ვიქნებით, რადგან უპირატესობა მარტივი პოზიციური შეცდომის გამო გავუშვით ხელიდან. თამაშის ხარისხი ცუდი არ ყოფილა, გვქონდა მომენტები, მაგრამ კვლავ შეგვახსენა თავი ძველმა პრობლემამ და საგოლე მომენტების რეალიზაცია კვლავ მოიკოჭლებდა“, — ასე შეაფასა შეხვედრის შედეგი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა.

სლოვაკმა სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელის თამაშით, მათი მონდომებით და ტაქტიკური განსწავლულობით კმაყოფილი დარჩა, მაგრამ მათი გვარები არ დაუსახელებია. მისი თქმით, საბოლოო დასკვნები მეორე ამხანაგური თამაშის შემდეგ გაკეთდება, რომელიც იორდანიის წინააღმდეგ 25 იანვარს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრების შემადგენლობა, ძირითადად, საქართველოს ჩემპიონატში მათამაშე ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და ასევე იმ ლეგიონერებით, რომლებიც ეროვნული გუნდის სახელით არც ისე ხშირად ასპარეზობენ.

ყველა ახალი ამბავი
0