მეორმოცე სპორტსმენი რიოს ოლიმპიადაზე

© Denis Aslanovანასტასია გოტფრიდი
ანასტასია გოტფრიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მის შესახებ პირველად 2015 წლის ზამთარში მითხრეს; ქართველი ძალოსნები ქვეყნის პირველობისთვის ემზადებოდნენ, როცა გავიგე, რომ იქ არაქართული გვარის გოგონაც იასპარეზებდა - ანასტასია გოტფრიდი. გავიკითხე კოლეგებში და ძალოსნობის სამყაროში და აქეს - ძალიან პერსპექტიული უკრაინელი გოგონაა და მასზე დიდ იმედებს ამყარებენო.

ამის შემდეგ იყო ევროპის ჩემპიონატი ნორვეგიაში, სადაც ჩვენმა მძიმეწონოსანმა ათლეტმა ლაშა ტალახაძემ ფურორი მოახდინა და ჩემპიონის ოქროს მედალი არავის დაანება. ამ წარმატების ფონზე ცოტა ჩაიკარგა არანაკლები წარმატება — ქალთა შორის პირველი მედალი, მართალია, არა უმაღლესი ხარისხის, მაგრამ ვინ იტყვის,რომ პირველ ჯერზე მოპოვებული ვერცხლის მედალი საქებარი და მისალოცი არ არის? საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასიამ ეს შეძლო, ჯამში 249 კგ. დააფიქსირა და ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა. მან პირველადგილოსან რიფსიმე ხურშუდიანთან მხოლოდ ერთი კილოგრამი წააგო.

© სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.ანასტასია გოტფრიდი
ანასტასია გოტფრიდი - Sputnik საქართველო
ანასტასია გოტფრიდი

 აი, მაშინ შევეცადე, უფრო მეტი გამეგო ჩვენს ახალგამომცხვარ ტალანტზე. დაიბადა და გაიზარდა უკრაინაში. ვარჯიში დონეცკის ოლქში დაიწყო, 17 წლამდელთა ევროპის პირველობაზე ვერცხლ-ბრინჯაო მოიპოვა, თუმცა უკრაინის ნაკრებში ვერ მოხვდა. მწვრთნელებმა სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობა შესთავაზეს, იყო უზბეკეთის და საქართველოს ვარიანტები. ანასტასიამ საქართველო აირჩია და ახლა არც ნანობს, რადგან წარმატებას წარმატება მოჰყვა. ევროპის ჩემპიონატზე უკვე მოგახსენეთ. თბილისში გამართულ ახალგაზრდულ თამაშებზეც კარგად გამოვიდა და ვერცხლის მედალი აქაც მოიგო მძიმე წონის ძალოსანთა შორის. შეჯიბრის დასრულების შემდეგ ცოტა უკმაყოფილო იყო:

— როცა მეტოქე შენზე 23 კილოთი მეტს იწონის, ბუნებრივია, მეტსაც აწევს. ამ დროს ცოტა არ იყოს, თავს მსხვერპლად გრძნობ. კარგია, რომ რიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციას გადაწყვეტილი აქვს ქალებში ერთი წონითი კატეგორიის დამატება. ეს ჩემთვის მისწრება იქნება, რადგან 85 კგ. წონით ჩემზე ორი ათეული კილოთი მძიმეებთან მიწევს ჭიდილი.

მაშინ მიცემულ ინტერვიუში ისიც თქვა, თუ ოლიმპიური საგზური მოვიპოვე, თავს არ დავზოგავ, რომ რომელიმე სინჯის მედალი მოვიგოო. გუშინ ოცნება აუხდა. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთისთვის განკუთვნილი 8 ლიცენზია სხვადასხვა ქვეყნებზე გადაანაწილა. ერთი საგზური საქართველოსაც ერგო და სავსებით დამსახურებულად ის ანასტასიას გადაეცა. წლევანდელი წელი ისედაც წარმატებული იყო ამ გოგონასთვის. ვუსურვოთ, რომ რიო-დე-ჟანეიროში კიდევ ერთი ოცნება აუსრულდეს და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი ძალოსანი გახდეს, ვინც ოლიმპიური ჯილდო მოიპოვა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0