„ხელჩართული ბრძოლა“ გავარდნის ზონაში — ფეხბურთის ჩემპიონატის XXV ტურის შედეგები

© GFF"დილა" - "სიონი" 2:1
დილა - სიონი 2:1 - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ის სპორტული მიმომხილველი ნოდარ მაისურაძე საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის XXV ტურის საინტერესო მომენტებზე მოგითხრობთ.

საქართველოს პირველობის მონაწილე გუნდებს სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩებათ იმისთვის, რომ სეზონზე დასახულ მიზნებს მიაღწიონ.

სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში მეტ-ნაკლებად ყველაფერი გასაგებია. თბილისის „დინამოს“ გაჩემპიონების კონტურებიც სულ უფრო იკვეთება და ევროლიგაში მომავალ სეზონზე მონაწილე კლუბებიც შეუიარაღებელი თვალით ამოიცნობა.

გასავარდნ ზონაში კი არც თუ სახუმარო ბრძოლა მიდის. ქართული ფეხბურთის ელიტის დატოვება არავის სურს.

„ხელჩართული“ ფრე

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის XXV ტური თბილისში ადგილობრივი „ლოკომოტივისა“ და მარტვილის „მერანის“ შეხვედრით დაიწყო.

თამაშის წინ მასპინძლები ხუთი ქულით წინ იყვნენ გადასასვლელი მატჩების ზონიდან და, პრინციპში, საკმაოდ მშვიდად გრძნობდნენ თავს. თუმცა ქულების რაოდენობის გაზრდა, რაღა თქმა უნდა, სურდათ. სტუმრებს კი სწორედ ამ ზონაში უკავიათ ადგილი.

მატჩის მე–11 წუთზე დავით უბილავამ გაიბრწყინა და მეტოქის კარში გოლი გაიტანა. ანგარიში გაიხსნა.

„მერანს“, რა თქმა უნდა, დამარცხება არ ეწადა და მეორე ტაიმში მოწინააღმდეგის მინდორზე მყარად დამკვიდრდა. შეხვედრაში ერთ–ერთი ბოლო შეტევა საჯარიმო დარტყმით დასრულდა, რომელიც ნიკა საბანაძემ გოლით დააგვირგვინა.

თამაში ანგარიშით 1:1 დასრულდა, რაც აშკარად არ მოეწონა „ლოკომოტივის“ მწვრთნელ ჟერარ სარაგოსას. ესპანელმა ძალზე ბობოქრად გამოხატა საკუთარი უკმაყოფილება გაშვებული ბურთის გამო და სტუმრების მწვრთნელთა შემადგენლობასა და „მერანის“ ზოგ მოთამაშეს პრეტენზიებით „დაესხა თავს“.

შეხვედრის არბიტრმა თითქოს მოახერხა ცხელსისხლიანი პირენეელის დაშოშმინება, მაგრამ ფინალური სასტვენის მერე ინციდენტი მოედნის მიღმა, ტრიბუნების ქვეშ გაგრძელდა. შედეგად, სტუმართა გუნდმა სარაგოსას ფეხბურთელების შეურაცხყოფასა და ცემაში დასდო ბრალი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დეტალურად შეისწავლის ინციდენტს, მანამდე კი ანგარიში „ლოკომოტივსა“ და „მერანს“ შორის 1:1–ია.

მშვიდობიანი ფრე

ზემოთ ნახსენები მატჩისგან განსხვავებით, „საპოვნელასა“ და „ზუგდიდის“ შეხვედრა, რომლებიც სატურნირო ცხრილის „ფსკერზე“ არიან, ბევრად მშვიდობიანად წარიმართა, მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება ორივე გუნდს სწყუროდა და ესაჭიროებოდა.

„ზუგდიდი“ 31–ე წუთზე დაწინაურდა, როდესაც ლევან აკობიამ ზუსტად დაარტყა მოწინააღმდეგის კარში. ამის შემდეგ „ზუგდიდი“ ცდილობდა, ტაიმის ბოლომდე შეენარჩუნებინა ერთბურთიანი სხვაობა და შესვენებაზე ისე გასულიყო, რომ უპირატესობა არ დაეკარგა. მაგრამ გასახდელში მშვიდად გასვლა არ დასცალდათ, ვინაიდან გიორგი ბუხაიძემ 44–ე და 45–ე წუთებზე ორი გოლი გაიტანა მათ კარში და ახლა უკვე „საპოვნელა“ დაწინაურდა.

მატჩის მეორე ნახევარი ძალიან წააგავდა პირველს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ახლა უპირატესობის ტაიმის ბოლომდე შენარჩუნებას უკვე „საპოვნელა“ ცდილობდა, მაგრამ ამაოდ. ტაიმის შუაში აკობიამ გაიფორმა დუბლი და მატჩის საბოლოო შედეგიც განსაზღვრა, რომელიც, პრინციპში, არც ერთ მხარეს აწყობდა და არც მეორეს.

© © GFF"საპოვნელა" — "ზუგდიდი" — 2:2
საპოვნელა — ზუგდიდი — 2:2 - Sputnik საქართველო
"საპოვნელა" — "ზუგდიდი" — 2:2

ლიდერის არც თუ სასიკვდილო მარცხი

თბილისის „დინამოს“ პირველობის დარჩენილ მატჩებში მშვიდად შეუძლია იგრძნოს თავი. გუნდს უახლოესი კონკურენტებისგან იმხელა სხვაობა აშორებს, რომ თავისუფლად შეუძლია ჩემპიონის მაისურების დიზაინზე, მე–16 ტრიუმფის აღსანიშნავი სუვენირების ლოგოებსა და უმაღლეს ლიგაში გამარჯვების თანმხლებ სხვა თემებზე იფიქროს.

როგორც ჩანს, თბილისური გუნდი სწორედ ამგვარი განწყობით გაემგზავრა საჩხერეში ადგილობრივ „ჩიხურასთან“ შესახვედრად, რომელიც, სიმართლე რომ ვთქვათ, მაინც და მაინც არ გამოირჩევა ამ მხრივ სტუმართმოყვარეობით — სოსო ფრუიძის გუნდმა 11 საშინაო მატჩში 27 ქულა დააგროვა და მხოლოდ სამი ბურთი გაუშვა საკუთარ კარში.

„ჩიხურამ“ ამ ტურის შემდეგ საკუთარ კედლებში აღებული ქულების რაოდენობა 30–მდე გაზარდა. მატჩის ბედი მიხეილ სარდალიშვილის დარტყმამ განსაზღვრა 89–ე წუთზე.

ამის შემდეგ „ჩიხურამ“ ოთხ ქულამდე შეამცირა ევროლიგის ზონიდან დაშორება, ხოლო „დინამოელებმა“ ჩემპიონატში მესამე მარცხი იგემეს. თუმცა სეზონზე წარმატების ოფიციალურად გასაფორმებლად იურაი იარაბეკის გუნდს დარჩენილ ხუთ ტურში კიდევ ხუთი ქულის აღება სჭირდება, რაც, თუ გუნდის კლასს გავითვალისწინებთ, რთული სულაც არ არის.

და აქვე: ორ დღეში თბილისის „დინამო“ და „ჩიხურა“ კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს. ამჯერად საქართველოს თასის პირველი ნახევარფინალის ფარგლებში. საპასუხო მატჩი კი 5 მაისს გაიმართება.

© © GFF"ჩიხურა" — "დინამო" თბილისი 1:0
ჩიხურა — დინამო თბილისი 1:0 - Sputnik საქართველო
"ჩიხურა" — "დინამო" თბილისი 1:0

„სამტრედია“ კვლავ მეორეა

„დილის“ მორიგი წაგების შემდეგ (ამჯერად „შუქურასთან“ ანგარიშით 0:1) „სამტრედიას“ სატურნირო ცხრილის მეორე ხაზზე ერთპიროვნულად განთავსების არაჩვეულებრივი შანსი მიეცა. ამისთვის გია ცეცაძის გუნდს „ცხინვალთან“ საშინაო შეხვედრაში გამარჯვება უნდა მოეპოვებინა. ასეც მოხდა.

მატჩის ძირითადი მოვლენები დასკვნით 15 წუთში „მოთავსდა“. ჯერ იყო და ნიკა სანდოხაძე გააძევეს მოედნიდან და სტუმრები უმცირესობაში აღმოჩნდნენ, მერე კი ისიც გაირკვა, რომ ეს საერთოდაც არ უშლიდა ხელს „ცხინვალს“ გოლის გატანაში — შეხვედრის 78–ე წუთზე ნიკოლას გაბრიჩიძემ ბომბარდირული უნარები გამოავლინა და მოწინააღმდეგის კარში ბურთი შეაგდო.

თუმცა „სამტრედიამ“ ამ სეზონზე აჩვენა, რომ კერკეტი კაკალია და მისი დამარცხება ასე იოლი საქმეც არ არის, მით უმეტეს, თუ რიცხობრივად ნაკლულ გუნდს ეთამაშება.

ირაკლი სიხარულიძემ 84–ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 90–ე წუთზე გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა ბუდუ ზივზივაძემ „სამტრედია“ წინ გაიყვანა კიდევ ერთი გატანილი გოლით. ზივზივაძისთვის ეს ამ სეზონზე მე–15 გოლი იყო.

ახლა ზივზივაძე და „დილელი“ ოთარ მარცვალაძე მეორე ადგილზე არიან საუკეთესო ბომბარდირის ტიტულისთვის ბრძოლაში. პირველ ადგილზე კი თბილისის „დინამოელი“ ოთარ ქვილითაიაა, რომლის ანგარიშზეც 19 გატანილი გოლია.

საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში. უმაღლესი ლიგა
საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში. უმაღლესი ლიგა - Sputnik საქართველო
საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში. უმაღლესი ლიგა

XXV ტურის მატჩების შედეგები:

„ლოკომოტივი“ — „მერანი“ — 1:1

„ჩიხურა“ — თბილისის „დინამო“ — 1:0

„სიონი“ — ბათუმის „დინამო“ — 1:0

„გურია“ — „ტორპედო“ — 3:2

„შუქურა“ — „დილა“ — 1:0

„საბურთალო“ — „კოლხეთი“ — 5:0

„სამტრედია“ — „ცხინვალი“ — 2:1

„საპოვნელა“ — „ზუგდიდი“ — 2:2

საქართველოს ჩემპიონატის XXVI ტურის მატჩები 23 და 24 აპრილს გაიმართება.
  


    

ყველა ახალი ამბავი
0