საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში. XVI ტურის ანონსი

გამოწერა
Sputnik-ის სპორტული კომენტატორი ნოდარ მაისურაძე საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის XVI ტურის წინ, რომელიც პარასკევს გაიმართება, ძალთა განლაგების შესახებ მოგვითხრობს.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ზამთრის შესვენების — შვებულებების, დღესასწაულების, ტრანსფერებისა და წინასეზონური შეკრებების შემდეგ, საქართველოში ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მეორე წრის კალენდარი დამტკიცდა, რომლის თანახმად, ჩემპიონატის XVI ტური 19 თებერვალს გათამაშდება, ხოლო დასკვნითი დაპირისპირებები 22 მაისს გაიმართება.

განახლებული ჩემპიონატის პირველ მატჩში პირველობის მოქმედი ლიდერი თბილისის „დინამო“ გასვლით თამაშს ერთ-ერთ აუტსაიდერთან — თერჯოლის „საპოვნელასთან“ გამართავს.

თბილისის „დინამოს“ წარმატებები

დედაქალაქის კლუბმა, როგორც ეს საჩემპიონო რბოლის ფავორიტს ეკადრება, ზამთრის პაუზის დროს ყველაზე მეტად „იხმაურა“.

სლოვაკი მწვრთნელი იურაი იარაბეკი. - Sputnik საქართველო
„დინამოს“ სლოვაკი მწვრთნელი უხელმძღვანელებს

პირველ რიგში, „დინამოელებმა“ მთავარი მწვრთნელი გამოიცვალეს. გია გეგუჩაძის ნაცვლად, რომელიც ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი გახდა, სლოვაკი სპეციალისტი იურაი იარაბეკი მოვიდა.

„სპარტაკის“ ყოფილმა მწვრთნელმა ტრნავიდან პირველივე პრესკონფერენციაზე  განაცხადა, რომ მისთვის მისაღები მხოლოდ ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვება და „დინამოს“ უეფას ჩემპიონთა ლიგაში გასვლაა.
მეორე, „დინამომ“ საქართველოს ნაკრების ორი მცველი - უჩა ლობჟანიძე და ალექსანდრე ამისულაშვილი მოიწვია. 28 წლის ლობჟანიძემ, რომელიც კვიპროსის „ომონიიდან“ გადმოვიდა, კონტრაქტი ერთი წლით გააფორმა, ხოლო 33 წლის ამისულაშვილი თურქული „კარშიაკიდან“ გადმოვიდა და თბილისურ გუნდში წელიწადნახევარს დაჰყოფს.

დაბოლოს, „დინამოელებმა“ წინასეზონური მომზადება ნამდვილად სანაქებოდ ჩაატარეს, ანტალიაში ხუთი ამხანაგური შეხვედრა გაიმართა, საიდანაც ოთხში ქართველმა ფეხბურთელებმა გაიმარჯვეს — „სპლიტთან“ (1:0), „ბატესთან“ (2:0), „ვოივოდინასთან“ (2:1), „სლოვანთან“ (5:2), და მხოლოდ ერთი თამაში ლვოვის „კარპატისთან“ ფრე ანგარიშით 3:3 დაასრულეს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „დინამო“ არა მარტო ინარჩუნებს ხუთქულიან სხვაობას „დილასთან“, არამედ მეორე წრეში საკუთარი უპირატესობის გაზრდასაც შეეცდება.

„დილა“ – „დინამოს“ მთავარი მეტოქე
ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „დილამ“, რომელიც „დინამოს“ მთავარი მეტოქეა, თავისი წინასეზონური შეკრება არცთუ წარმატებულად ჩაატარა.

უჩა სოსიაშვილის გუნდმა ოთხი შეხვედრიდან ვერც ერთი ვერ მოიგო, ორჯერ წააგო და ორჯერ ფრე ანგარიშით დაამთავრა მატჩი. ამასთან, „დილა“ თითოეულ შეხვედრაში მინიმუმ ორ გოლს უშვებდა საკუთარ კარში, რაც თავდაცვის ხაზზე გარკვეულ პრობლემებზე მეტყველებს. მთავარი მწვრთნელის განცხადებით, ეს იმითაა გამოწვეული, რომ დაცვაში ახალი ფეხბურთელები გამოჩნდნენ, რომლებსაც გუნდში ადაპტირება მოუწევთ.

დინამო - Sputnik საქართველო
თბილისის „დინამო“ საკონტროლო მატჩს კვლავ იგებს

პირველ რიგში, საუბარია ალან ბეგაევზე, რომელიც „შუქურიდან“ დაბრუნდა, სადაც 24 წლის მცველმა ბოლო წელიწადნახევარი გაატარა.

„დილაში“ „შუქურადან“ კიდევ ერთი ფეხბურთელი — თავდამსხმელი გიორგი ჩელებაძე გადავიდა. ახალ გუნდში 24 წლის ფორვარდი კომპანიას ოთარ მარცვალაძეს გაუწევს, რომელიც 11 გოლით საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია.

გორის კლუბის შემადგენლობაში დანაკარგიც არის. თურქეთში შეკრების დროს „დილამ“ ერთი მატჩი პავლოდარის „ირტიშთან“ გამართა (2:3). ყაზახური გუნდის მენეჯმენტი იმდენად მოიხიბლა გოგიტა გოგუას თამაშით, რომ ნახევარმცველი დაუყოვნებლივ მიიწვია „ირტიშში“. შეთანხმების დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ამჟამინდელი სეზონის საბოლოო მიზნებზე საუბრისას სოსიაშვილმა განაცხადა, რომ „დილა“ ევროთასის ზონაში მოსახვედრად იბრძოლებს. და ამ გზაზე მისი პირველი მეტოქე ფოთის „კოლხეთი“ იქნება, რომელთანაც „დილა“ გასვლით თამაშს ჩაატარებს.

„ცხინვალი“ საუკეთესოთა სამეულშია

პირველი წრე მესამე ადგილზე დაასრულა „ცხინვალმა“, რომელიც თბილისის „დინამოს“ რვა ქულით ჩამორჩება. ვერ იტყვი, რომ კლუბებს შორის კატასტროფული უფსკრულია, მაგრამ ასეთი ჰანდიკაპის შევსება „ცხინვალისთვის“ ადვილი არ იქნება.

მით უფრო, რომ ამ ზამთარში კლუბი ჩემპიონატის პირველი ნახევრის საუკეთესო ბომბარდირმა ნიკა კაჭარავამ დატოვა, რომლის ანგარიშზეც 13 გატანილი გოლია. 22 წლის თავდამსხმელი იანვრის დასაწყისში „როსტოვში“ გადავიდა.

ფეხბურთელი ნიკა კაჭარავა - Sputnik საქართველო
მედია: ნიკა კაჭარავა კარიერას საფეხბურთო კლუბ „როსტოვში“ გააგრძელებს

კაჭარავას კლუბში „კოლხეთიდან“ მამუკა ღონღაძე და ირანის „საბა ბატერიდან“ იოსებ ჩახვაშვილი შეცვლიან და რამდენად გამოუვათ ეს, ამას უახლოეს პერიოდში შევიტყობთ.

 „ცხინვალის“ ახალი სახე თავდაცვაში გამოჩნდება, თუმცა გიორგი კაჭკაჭიშვილს გუნდის ახალ სახეს ნამდვილად ვერ უწოდებ. მცველმა გუნდისთვის ორი სეზონი ითამაშა, რის შემდეგაც სომხურ „ულისში“ გადავიდა. წლინახევრის შემდეგ ცენტრბეკი საქართველოში დაბრუნდა, რათა გუნდთან ერთად უეფას ევროპის ლიგაში მოხვედრისთვის იბრძოლოს.
ზამთრის შესვენების შემდეგ პირველ მატჩს „ცხინვალი“ „საბურთალოს“ წინააღმდეგ მის მოედანზე ჩაატარებს.
ვინ დარჩება უმაღლეს ლიგაში?

რა თქმა უნდა, საინტერესო და დაძაბული იქნება კლუბებს შორის ბრძოლა უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად. ყველაზე მძიმე გამოცდა „მერანს“ — ჩემპიონატის აშკარად გამოკვეთილ აუტსაიდერს ელოდება. პირველ წრეში გუნდმა მარტვილიდან მხოლოდ ერთხელ მოიგო და ერთხელ — ფრე ანგარიშით დაამთავრა თამაში. დანარჩენ ორთაბრძოლებში „მერანმა“ ფიასკო განიცადა.

კიდევ ოთხი კლუბი: „ლოკომოტივი“, „გურია“, „ზუგდიდი“ და „საპოვნელა“ განსაზღვრავენ კიდეც პირველ ლიგაში საგზურის მეორე მფლობელს.

საქართველოს ჩემპიონატის XVI ტურის მატჩების ცხრილი:

19 თებერვალი
„შუქურა“ – „სამტრედია“

„ზუგდიდი“ — ბათუმის „დინამო“

„კოლხეთი“ – „დილა“

„მერანი“ – „ტორპედო“

„საბურთალო“ – „ცხინვალი“

„საპოვნელა“ — თბილისის „დინამო“

„სიონი“ – „გურია“

„ლოკომოტივი“ – „ჩიხურა“

ყველა ახალი ამბავი
0