16:32 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ვარლამ ლიპარტელიანი

„რა არის ჩვენი ცხოვრება? თამაში!“ საქართველოს სპორტული ღონისძიებების ტოპ–ათეული

© Sputnik/ Павел Лисицын
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოში 2015 წლის შეჯამება (7)
5001

თბილისი 2015 წელს ევროპის ერთ–ერთ სპორტულ დედაქალაქად იქცა. რაში აღარ შეეჯიბრნენ აქ: ფეხბურთსა თუ კალათბურთში, შტანგის აწევასა თუ ინტელექტუალურ თამაშებში. თუმცა, მოდით, ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ.

ნოდარ მაისურაძე

გაზაფხული–2015: საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, მთავარი მწვრთნელის შეცვლის შემდეგ, ევრო 2016–ის შესარჩევ თამაშებში ჩაერთო. 29 მარტს კახა ცხადაძემ პიველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა ეროვნული გუნდის მესაჭის რანგში… და დამარცხდა. თუმცა დამარცხდა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, გერმანიის ნაკრებთან ბრძოლაში. ამას მოჰყვა მარცხი პოლონეთთან, შემდეგ ირლანდიასთან და ისევ გერმანიასთან. ამ ნაკლებად სასიამოვნო სერიაში მოხერხდა შოტლანდიის დამარცხება და უილიამ უოლესის შთამომავლებისთვის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში მონაწილეობის შანსის წართმევა. ისე გამოვიდა, როგორც იტყვიან ხოლმე, არც მე და არც შენო. ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრები მორიგ შესარჩევ ტურნირში ჩავარდა და „დე“ ჯგუფში მეხუთე ადგილზე გავიდა. ანუ უკან მხოლოდ ჰიბრალტარის ნაკრები ჩამოიტოვა, რომელმაც „მოახერხა“ და ათ მატჩში  56(!) გოლი გაუშვა საკუთარ კარში.  

ჩვენმა ნაკრებმა ვერც მსოფლიო რეიტინგში მიაღწია შთამბეჭდავ პროგრესს. მწვრთნელის შეცვლიდან ერთი წლის თავზე გუნდმა სულ სამი ადგილით წაიწია წინ და ახლა 122–ე ადგილზეა. 

ამის პარალელურად, ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდები მეორე წრის უძლიერეს გუნდს ავლენდნენ. ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი „დინამო“ თბილისი თავდაპირველად მისთვის ჩვეულად ედგა სათავეში სატურნირო ცხრილს. თუმცა „დინამოელები“ გამუდმებით გრძნობდნენ ზურგსუკან გორის „დილისა“ და ბათუმის „დინამოს“ სუნთქვას, რომლებიც ერთი–ორი ქულით ჩამორჩებოდნენ მათ. მაგრამ გია გეგუჩაძის გუნდი თავდაჯერებულად აკონტროლებდა ვითარებას და მოწინააღმდეგეს გასწრების საშუალებას არ აძლევდა. ასე იყო 24–ე ტურამდე, სანამ „დილა“ ცხრილის სათავეში არ აღმოჩნდა. იმ მომენტში ბევრს მოეჩვენა, რომ სიტუაცია მალე საწყის მდგომარეობას დაუბრნდებოდა, რომ „დინამოელებს“ ეყოფოდათ ძალა ფინალური ნახტომისთვის. მაგრამ ასე არ მოხდა. „მხედრით სვლა“ არ გამოვიდა. „დილამ“ დასკვნით ტურამდე შეინარჩუნა უპირატესობა და პირველად თავის ისტორიაში საქართველოს ჩემპიონი გახდა. ამით გუნდმა უეფას ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა. 

საფეხბურთო ბატალიების შუაში, 10–დან 18 აპრილამდე თბილისში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა ძალოსნობაში და საქართველოს დედაქალაქმაც ფართოდ გაუღო კარი კონტინენტის უძლიერეს ადამიანებს. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, თბილისმა 38 ქვეყნის 232 ათლეტს უმასპინძლა. ადაპტაცია ყველაზე უკეთ ჩვენს სამხრეთ მეზობლებს, თურქებს გამოუვიდათ, რომლებიც პირველები აღმოჩნდნენ მედლების რაოდენობით საერთო გუნდურ ჩათვლაში. მათ წილად მოდიოდა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და ერთიც ბრინჯაოს მედალი. ახლა ქართულ მძლეოსნობას რთული პერიოდი უდგას და ამიტომაც ირაკლი თურმანიძის (+105 კგ) ერთადერთი ვერცხლის მედალი შეიძლება მცირე ლოკალურად გამარჯვებად შეფასდეს.   

ამის პარალელურად, ქართველი ძიუდოისტები აქტიურად ემზადებოდნენ ბაქოს პირველი ევროპული თამაშებისა და ასტანის მსოფლიო ჩემპიონატისთვის. აზერბაიჯანში „მოგზაურობა“ წარმატებული გამოდგა. ბაქოდან ქართველმა ძიუდოისტებმა ექვსი მედალი ჩამოიტანეს: ავთო ჭრიკიშვილმა (-81 კგ) და ადამ ოქრუაშვილმა (+105 კგ) — ოქრო, ნუგზარ ტატალაშვილმა (-73 კგ), ვარლამ ლიპარტელიანმა (-90 კგ) — ვერცხლი, კიდევ ერთი ვერცხლი ქართველმა სპორტსმენებმა გუნდურ პირველობაში აიღეს, ხოლო ამირან პაპინაშვილმა (-60 კგ) — ბრინჯაო. აი ასტანაში კი საქართველოს ნაკრები ლიპარტელიანის, ოქრუაშვილისა და გუნდური სამი ბრინჯაოთი „დაკმაყოფილდა“. 

სამართლიანობა მოითხოვს შევნიშნოთ, რომ იაპონიის გუნდი, რომელმაც 8 ოქროს, 4 ვერცხისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მართლაც ფენომენალურ ფორმაში იყო. 

რამდენიმე თვის შემდეგ ავთო ჭრიკიშვილმა ქართველების „შური იძია“ და პირველი ქართველი ძიუდოსიტი გახდა, რომელმაც იაპონიაში ძიუდოს დამაარსებლის, ძიგორო კანოს სახელობის „დიდი შლემის“ დასკვნით ეტაპში გაიმარჯვა.  

ცხელი ზაფხული–2015. ივლისის ბოლოს თბილისში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე 50 ქვეყნის 4 ათასზე მეტი სპორტსმენი ჩამოვიდა. და თუ სტატისტიკისა და ციფრების მშრალ ენაზე ვიტყვით, საქართველოს ნაკრებმა 10 მედალი მოიპოვა, აქედან 4 ოქრო და 6 ბრინჯაო. საერთო გუნდური ჩათვლით ჩემპიონი რუსეთის ნაკრები გახდა, რომელმაც 37 მედალი წაიღო საქართველოდან, მათ შორის, 17 ოქროსი. 

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში

თბილისელებს ოლიმპიური ფესტივალის საზეიმო დახურვა ჯერ კიდევ არ ჰქონდათ „გადახარშული“, რომ უეფას სუპერთასის ყოვლისმომცველ ეიფორიასა და შეშლილობაში ჩაეფლნენ. 11 აგვისტოს თბილისის „დინამო არენაზე“ ერთმანეთს შეხვდნენ უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „ბარსელონა“ და უეფას ევროპის ლიგის უძლიერესი გუნდი „სევილია“. „კიდევ ერთი ღამე, კიდევ ერთი დღე უნდა გავუძლოთ“, — ასეთ მდგომარეობაში იყვნენ მესის ცოცხლად ხილვის მსურველი გულშემატკივრები. ზოგ მათგანს ვაკის პარკში 2–3 დღის გატარებამ მოუწია, რათა მსოფლიო დონის სპორტულ შოუზე დასასწრები ბილეთები შეეძინა. მაგრამ ბილეთები ყველას არ შეხვდა. ისმოდა ბრალდებები როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ისე გადამყიდველების მისამართით, მაგრამ ვითარებას ეს ვერაფრით წაადგა. ვინც ბილეთი ვერ შეიძინა, ტელევიზორით დაკმაყოფილდა, ხოლო იმან, ვისაც გაუმართლა და სტადიონზე მოხვდა, ფეერული შოუ იხილა, რომელიც „ბარსას“ გამარჯვებით — 5:4 დასრულდა.  

სხვათა შორის, თბილისური მატჩი ტურნირის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი გამოდგა, ხოლო მესიმ პირველად გაიტანა ორი გოლი საჯარიმოდან ერთ შეხვედრაში.  

მატჩის დამთავრებისთანავე, როგორც მოწმენდილ ცაზე მეხი, ისე გაისმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას განცხადება გადადგომის თაობაზე. „მე ის კაცი ვარ, ვინც დაღუპა ქართული ფეხბურთი“, — ირონიულად აღნიშნა სიჭინავამ. 

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 3 ოქტომბრისთვის დაინიშნა. კანდიდატურები წამოაყენეს ლევან კობიაშვილმა, რევაზ არველაძემ და მამუკა კვარაცხელიამ. არჩევნებში საქართველოს ყოფილმა ნახევარმცველმა და ჩატარებული მატჩების მიხედვით (100) რეკორდსმენმა  ლევან კობიაშვილმა გაიმარჯვა. მას 18–მა დელეგატმა მისცა ხმა, ხოლო არველაძეს 15–მა. კვარაცხელიამ ვერცერთი ხმა ვერ მიიღო. 

რთული შემოდგომა–2015. საფეხბურთო ციებ–ცხელების ფონზე რაღაცნაირად ჩრდილში მოექცა ორი ეროვნული ნაკრების სამზადისი დიდი ტურნირებისთვის: კალათბურთისა _ ევროპის ჩემპიონატისთვის და რაგბისა _ მსოფლიო ჩემპიონატისთვის. ქართველი კალათბურთელების პროგრამა–მინიმუმი ჯგუფიდან გასვლა იყო, მაქსიმუმი კი 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისათვის ლიცენზიის მოპოვება. იგორ კოკოშკოვის გუნდმა პირველ ამოცანას ძლივსძლივობით გაართვა თავი. ბოლო ტურში ქართველებმა ხორვატებს ანგარიშით 71:58 სძლიეს და მას შემდეგ, რაც ბერძნებმა ჰოლანდიელები დაამარცხეს, ფლეი–ოფში გავიდნენ. აი მეორე მიზნის მისაღწევი გზა კი ლიტველებმა გადაუჭრეს. საქართველოს ნაკრებმა მერვედფინალურ მატჩში, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ლიტველებთან ანგარიშით 81:85 დათმო და ევრობასკეტს გამოეთიშა. 

ბევრად უკეთ ჩაატარეს ტურნირი ქართველმა რაგბისტებმა. ინგლისსა და უელსში მსოფლიო ჩემპიონატზე მათი მოწინააღმდეგეები იყვნენ ტონგას, არგენტინის, ახალი ზელანდიისა (მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი) და ნამიბიის გუნდები. ქართველებმა ტონგასთან პირველსავე შეხვედრაში აჩვენეს, რომ ევროპის ერთ–ერთი საუკეთესო გუნდია. „ბორჯღალოსნებმა“ ანგარიშით 17:10 გაიმარჯვეს, ხოლო გუნდის კაპიტანი მამუკა გორგოძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ამას მოჰყვა ორი მოსალოდნელი მარცხი „პუმასსთან“ და „ოლ ბლექსთან“. საინტერესო სხვა რამაა. საქმე ისაა, რომ ახალ ზელანდიასთან მატჩში, რომელშიც ქართველები დიდი ანგარიშით დამარცხდნენ (10:43), საუკეთესო მოთამაშედ… დიახ, დიახ, ისევ მამუკა გორგოძე აღიარეს! ტელეკამერების მიერ დაფიქსირებული მისი რეაქციიდან ჩანდა, რომ ის აშკარად არ ელოდა მოვლენების ამგვარ განვითარებას.  საქართველოს ნაკრებს ამ ტურნირის დასკვნით შეხვედრაში ჭეშმარიტად ისტორიული მიღწევა ერგო: გაიმარჯვა მსოფლიო თასის  ორ შეხვედრაში და მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაც დაიბევა. თბილისში მათ ისე დახვდნენ, როგორც ნამდვილ გმირებს. 

ასევე გმირებად იქცნენ ქართველი ინტელექტუალებიც, რომლებიც სპორტული „რა? სად? როდის?“ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ.  ჩემპიონატი თბილისში ჩატარდა ნოემბრის შუა რიცხვებში და მასში მსოფლიოს 25 ქვეყნის 60 უძლიერესი გუნდი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ ალექსანდრ დრუზი, მაქსიმ პოტაშევი, ილია ნოვიკოვი, ბალაშ კასუმოვი და სხვები. და ამ ინტელექტუალთა შორის, რომელთა ერთობლივი  IQ ალბათ თამამად აჭარბებს ერთი სოლიდური ქალაქის მცხოვრებთა IQ–ს, დავით რაფავას გუნდმა მე–10 ადგილი დაიკავა.

არისტოტელეს მიაწერენ სიტყვებს: „საქმე მხოლოდ ჭკუის ქონა კი არა, მისი საქმეში გამოყენებაა“. და ეს რაფავას ექვსეულმა ბრწყინვალედ წარმოაჩინა ამ მსოფლიო ჩემპიონატზე. 

სუბიექტური თვალსაზრისით, ასეთი გამოდგა 2015 სპორტული წელი. როგორი იქნება 2016 — ჩვენ ჯერ არ ვიცით, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ სამსჯელო და საწერი ბევრი იქნება. 


თემები:
საქართველოში 2015 წლის შეჯამება (7)

მთავარი თემები