"წყლის პელე“, სისხლიანი ანგარიშსწორება აუზში და შვილის ნაჩუქარი ოქროს მედალი

© თ. ჩიქვანაიაწყალბურთელთა ნაკრები - პეტრე მშვენიერაძე
წყალბურთელთა ნაკრები - პეტრე მშვენიერაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა

თამაზ ჩიქვანაია

 ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იყვნენ და დღესაც საკმაოდ მოიძებნებიან სპორტსმენები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო წარმატებებს არა საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნის სახელით აღწევენ. ამის დასტურად არსენ მეკოკიშვილის, კახი კახიაშვილის, ზანთარაისა და ილიადისის სახელების გახსენებაც საკმარისი იქნება. ენა არ მომიბრუნდება რომელიმე მათგანი დავძრახო ამისთვის, ჯერ ერთი — იმიტომ, რომ ყველას ჰქონდა საკმაოდ არგუმენტირებული საამისო მიზეზი და მეორეც იმიტომ, რომ ისინი ყველგან და ყოველთვის ქართველებად დარჩნენ და მშობლიურ ფესვებს არ მოწყდნენ. 

 ეს წერილი ქართველ მამლუქს ეხება. 1929 წლის 24 მარტს თბილისში დაიბადა. იყო სპორტის დამსახურებული ოსტატი და 10-გზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. 15 წლის მანძილზე გამოდიოდა საბჭოთა ნაკრებში და მისი უცვლელი კაპიტანი გახლდათ. სამ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა. მელბურნში ბრინჯაო, ხოლო რომში ვერცხლის მედალი მოიგო. ასეთივე მონაგარი ჰქონდა ევროპის ჩემპიონატებზეც.  საუბარი წყალბურთის გამოჩენილ ოსტატზე, პეტრე მშვენიერაძეზეა. მისი მიღწევები არც ისე მყვირალაა და ოქროთიც არ არის მოვარაყებული, მაგრამ საქმე შემდეგნაირადაა… მოგეხსენებათ, წყალბურთი კოლექტიური თამაშია და იმ პერიოდში საბჭოთა ნაკრები ის-ის იყო ფეხს იდგამდა. გუნდში უბრალოდ არ იყო მისი კლასისა და მასშტაბის წყალბურთელი და პეტრე მშვენიერაძეც მსოფლიოს საწყალოსნო აუზებში იმ პერიოდის უნგრელებს, იუგოსლავებს, რუმინელებს და სხვების უძლიერეს გუნდებს პრაქტიკულად მარტო ებრძოდა… 

 შემდეგ უკვე მის კვალზე აღზრდილმა თაობებმა შეძლეს და უმაღლესი სინჯის მედლებსაც გაუსინჯეს გემო, იმ ოქროს მედალოსნებში მშვენიერაძის გვარიც ფიგურირებდა. ოღონდ ეს უკვე ბატონი პეტრე კი არა, მისი შვილები — ნუგზარი და გიორგი იყვნენ.

  მელბურნში, წყალბურთელთა შეჯიბრზე მოხდა ინციდენტი, რომელსაც შემდეგ სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია მიეცა. ოლიმპიადაზე საბჭოთა სპორტსმენები თბომავალ „გრუზიათი“ ჩავიდნენ და რადგან საბჭოთა კავშირს ავსტრალიასთან დიპლომატიური ურთიერთობა ჯერ არ ჰქონდა, ოლიმპიური სოფლის მაგივრად მონაწილეებიცა და მწვრთნელებიც გემზე ცხოვრობდნენ. მოგეხსენებათ, 1956 წელს უნგრეთში საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ აჯანყებამ იფეთქა, ბუდაპეშტში საბჭოთა ტანკები შევიდნენ და მსხვერპლიც იყო. ისე მოხდა, რომ ნახევარფინალში ერთმანეთს სწორედ საბჭოთა და უნგრელი სპორტსმენები დაუპირისპირდნენ. 

 ამ შემთხვევას ნაკრების მეკარე ბორის გოიხმანი ასე იხსენებს: „მეორე პერიოდში, როცა ანგარიში 3:0 იყო უნგრელთა სასარგებლოდ, მოწინააღმდეგემ რატომღაც გადაწყვიტა მარტო სპორტული გამარჯვებით არ დაკმაყოფილებულიყო და მათმა კაპიტანმა, დეჟე დიარმატიმ მოულოდნელად პეტრეს მთელი ძალით სახეში მუშტი ჩაარტყა და ცხვირი გაუტეხა, დღემდე გაოცებული ვარ, როგორ მოუთმინა მას მშვენიერაძემ, რომლის ქართული ტემპერამენტი ჩვენთვის კარგად იყო ცნობილი. მის გალახვას დიარმატი კი არა, უნგრეთის მთელი ნაკრებიც ვერ მოახერხებდა, მაგრამ  ჩვენმა კაპიტანმა გადაწყვიტა, გუნდი არ დაეღალატებინა და არ უპასუხა. თუმცა ამ ინციდენტს სხვა უნგრელებიც აყვნენ და აუზში გუნდური ჩხუბი ატყდა.“

 ის შეხვედრა ჩაიშალა, ხანგრძლივი დისკუსიების შემდეგ საბჭოთა ნაკრებს წაგება ჩაეთვალა და გუნდმა მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა. 

 1980 წელს, მოსკოვის ოლიმპიური თამაშების დღეებში, ბატონ პეტრესთან შინ სტუმრობის ბედნიერება მხვდა წილად. აქ ჩემმა გვარმაც გარკვეული როლი ითამაშა, რადგან იმ პერიოდში ცნობილი წყალბურთელი, გივი ჩიქვანაია მისი მეგობარი გახლდათ. ბატონი პეტრეს მეუღლემ, ქალბატონმა ნათელამ, სახელდახელო ვახშამზე მიგვიწვია და ორი თუ სამი საათის მანძილზე ბევრი ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, გოიხმანის არ იყოს, მეც ძალიან მაინტერესებდა, როგორ ან რატომ მოუთმინა მაშინ იმ უნგრელს და აი, ასეთი პასუხი მივიღე: სინამდვილეში არაფერიც არ მომითმენია, სისხლი რომ წამსკდა, ეგრევე დიარმატისკენ გავცურე, მაგრამ გამექცა, აუზიდან ამოვიდა და გასახდელში შემასწრო. რომ დამეჭირა, ნაღდად იმ აუზში დავახრჩობდი. რაც შეეხება იმ გუნდურ ჩხუბს, არც დამინახავს. მაშინ მხოლოდ იმ დიარმატის ვხედავდი, რომელიც ისედაც არ მიყვარდა, რადგან აუზში ყველა ხერხით ცდილობდა ჩემს შეჩერებას… რაღა დაგიმალოთ და, ბატონი პეტრესი უფრო მჯერა, ვიდრე გოიხმანის.

   ამ ამბებიდან 15 წლის მერე ერთმა ამერიკულმა ტელეკომპანიამ იმ სისხლიანი მატჩის მონაწილეები ბუდაპეშტში მიიწვია. საბჭოთა გუნდიდან  უნგრეთში ჩავიდნენ: პეტრე მშვენიერაძე, იური შლიაპინი, ბორის მაკაროვი და ვიქტორ აგეევი, უნგრელთა გუნდიდან ისინიც კი მოვიდნენ, ვინც მელბურნის ოლიმპიადის შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნდა და კარიერა სხვადასხვა ქვეყნებში გააგრძელა. როდესაც სტუდიაში მშვენიერაძე შევიდა, უნგრელები ფეხზე წამოდგნენ, მათი კაპიტანი მარკოვიჩი კი ბატონ პეტრეს გადაეხვია და ატირდა. აქვე იყო ის ერვინ ზადარიც, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა და ვისი სისხლიანი ფოტოსურათიც ლოზანის ოლიმპიურ მუზეუმში დღესაც გამოფენილია. არ ჩამოვიდა მხოლოდ დეჟე დიარმატი…

 ისევ ბატონ პეტრესთან სახლში გადავინაცვლებ. გამომშვიდობებისას მან თავის ოთახში შემიყვანა, სადაც უამრავ ჯილდოში ერთი ოქროს მედალი გამოარჩია და მითხრა: ეს ოლიმპიური ჩემპიონის ოქროს მედალი სამი დღის წინ ჩემმა ვაჟმა გიორგიმ მოიგო, ტრიბუნაზე ამოვიდა, მე ჩამომკიდა და მითხრა: „მამა, ეს მედალი შენია, ყველაფრისთვის დიდი მადლობა“.

 ეს უკვე ასაკში შესული მამის სიამაყის გამოვლინება იყო და ამის უფლება ჰქონდა კიდეც. არც ერთ მწვრთნელს არ მიუცია ნუგზარ და გიორგი მშვენიერაძეებისთვის უფრო მეტი, ვიდრე ეს გააკეთა მამამ, გნებავთ, რჩევა-დარიგებით და გნებავთ, თავისი განვლილი სპორტული გზით.

  სამწუხაროდ, ეს ჩვენი პირველი და უკანასკნელი შეხვედრა გამოდგა. 2003 წელს გაზეთებიდან შევიტყვე, რომ ქართული და მსოფლიო წყალბურთის ლეგენდა, "წყლის პელედ“ მონათლული პეტრე მშვენიერაძე ლეიკოზით გარდაიცვალა, თურმე მისი მომრევი ძალაც ყოფილა…

 

 

ყველა ახალი ამბავი
0