"ხელბურთის პელე“, ანუ ჯემალ ცერცვაძის „სახელბურთო სპექტაკლები“

© ოჯახის არქივიჯემალ ცერცვაძე - "ხელბურთის პელე"
ჯემალ ცერცვაძე - ხელბურთის პელე - Sputnik საქართველო
გამოწერა

  თამაზ ჩიქვანაია

  გასული საუკუნის 60-იან წლებში ჩვენში ახლადფეხადგმული ხელბურთი, პოპულარობით მხოლოდ ფეხბურთსა და კალათბურთს ჩამორჩებოდა. სპორტის სასახლეში „ბურევესტნიკის“ მატჩებს ზღვა ხალხი აწყდებოდა და წესრიგის დასაცავად ცხენოსანი მილიციის ჩარევა ხდებოდა საჭირო. 1964 წელს თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელთა მსგავსად, საბჭოთა კავშირის ჩემპიონები „ბურევესტნიკის“ ხელბურთელებიც გახდნენ და ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაშიც მიიღეს მონაწილეობა.

 პირველ ეტაპზე ქალაქ ვროცლავის გუნდი დაამარცხეს და მეოთხედფინალში ზაგრების „მედვეშჩაკს“ დაუპირისპირდნენ. პირველი შეხვედრა სტუმრად, ანგარიშით: 16:24 წავაგეთ. განმეორებითი მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა და ეს სპორტის ამ სახეობასთან ჩემი პირველი შეხება გახლდათ.

 იმ დღეს ნანახიდან ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ჩვენი მეკარის, ჯემალ აბაიშვილის თავგანწირვა და მეორე ჯემალის — ცერცვაძის — უაღრესად ტექნიკური, ლამის არტისტიზმამდე აყვანილი თამაში. შეხვედრის დასრულებამდე 40 წამით ადრე სასურველი ანგარიშით 21:12 ვიგებდით და ბურთიც ჩვენებს ჰქონდათ. საკმარისი იყო ერთმანეთში ეთამაშებინათ (მაშინ დროის შეზღუდვა არ იყო) და შემდეგ ეტაპზე „ბურევესტნიკი“ გადიოდა, მაგრამ იური კლიმოვმა (იგი ამ შემთხვევისთვის ინათხოვრეს) მოწინააღმდეგის მორღვეულ დაცვაში თავისუფალი სივრცე შენიშნა, გულმა ვერ გაუძლო, ისროლა და ააცილა… სანამ ქართველები გონს მოვიდნენ, სტუმრებმა ელვისებური შეტევით გაგვიტანეს და გამარჯვებულის გამოსავლენად კენჭისყრა გაიმართა. მონეტამ ზაგრებელებს გაუღიმა…

 ჯემალ ცერცვაძე იმ დროს უკვე კუმირი იყო, მის მიერ დადგმულ „სახელბურთო სპექტაკლებს“ ჩვენშიც და საზღვარგარეთაც ყველა აღფრთოვანებაში მოჰყავდა. ის 1963, 1967 და 1970 წლებში მსოფლიოს ჩემპიონატების ყველაზე ტექნიკურ მოთამაშედ აღიარეს, პლანეტის სიმბოლურ  ნაკრებში დაასახელეს და ხელბურთის პელედ მონათლეს, ხოლო ჩეხურ გამოცემა „ჰაზენაში“ (ხელბურთს ნიშნავს) გამოქვეყნდა მსოფლიოს 6 უძლიერესი მოთამაშის ფოტო, მათ ზემოთ კი ჯემელ ცერცვაძის სურათი წარწერით: „მსოფლიოს საუკეთესო ხელბურთელთა შორის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი“. ყოფილ საბჭოთა კავშირში ხომ  ბადალი არ ჰყავდა, მან ზედიზედ 10 —ჯერ (1962-71) წლებში პირველობის საუკეთესო ბომბარდირი ხდებოდა. იმ დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ვალენტინ შიანი იხსენებს: „ყველამ ვიცოდით, რომ „ბურევესტნიკის“ შეტევას ცერცვაძე დაასრულებდა, მაგრამ არავინ იცოდა ან როგორ შეგვეჩერებინა, ან მისი ნატყორცნი როგორ უნდა აგვეღო“. საბჭოთა ნაკრებში მან 78-ჯერ იასპარეზა და 276 გოლი გაიტანა.

 აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ ჯემალმა, საბჭოთა კავშირში პირველმა, ოლიმპიური რეზერვების ხელბურთის სპეციალიზებული სკოლა დააარსა, რომელიც დღემდე მის სახელს ატარებს.

 საქართველოში კარგა ხანია, არსებობს მოსაზრება, რომ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოჩენილ სპორტსმენთა ვარსკვლავები გაიხსნას. თუ ამ იდეას ხორცი შეესხა, ერთ-ერთი პირველი ვარსკვლავის კანდიდატი, უდავოდ, ჯემალ ცერცვაძეა, რადგან პირველი შეხვედრა სპორტის სასახლეში 1961 წელს სწორედ ქართველმა ხელბურთელება გამართეს და ბატონი ჯემალის შეუდარებელი  ოსტატობის წყალობით უნგრეთის ძლიერი ნაკრები დაამარცხეს.


ყველა ახალი ამბავი
0