უეფას სუპერთასის მატჩზე დასაწრები ბილეთები დღეს არ გაიყიდება

გამოწერა
ქართული მხარე კონცეფციას მოამზადებს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას უეფა მიიღებს. ამის შესახებ ცნობილი დღის ბოლომდე გახდება.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთები ელექტრონული ფორმით გაიყიდება, მაგრამ რა ფორმით, ეს უახლოეს პერიოდში გაირკვევა, განაცხადა სამშაბათს, 23 ივნისს ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ.

”გეგმა ”ბ” არ გავქვს, რადგანაც ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა საკითხი უეფას კომპეტენციაში შედის და გადაწყვეტილება, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა გახდეს ცნობილი, სწორედ მათ უნდა მიიღონ”, — განაცხადა სიჭინავამ.

მისი თქმით, უეფა, biletebi.ge და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივრების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ერთად მუშაობენ. 

”ჩვენ მივაწვდით კონცეფციას, ხოლო გადაწყვეტილებას უეფა მიიღებს, რომელიც დღის ბოლომდე გვეცოდინება. მაქსიმალურად ვცდილობთ ამ პრობლემების გამოსწორებას და იმ პანიკის დასრულებას, რომელიც ამ თამაშთან დაკავშირებით არსებობს", — განაცხადა სიჭინავამ.

”კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ biletebi.ge არის ეუფა-ს არჩეული კომპანია, რომელსაც  ჩვენ ყოველთვის ვეუბნებოდით და ვეკითხებოდით თუ როგორ წარმოუდგენიათ, რამდენი ადამიანი შევა საიტზე ერთდროულად და მოახდენენ თუ არა ამის უზრუნველყოფას, მათგან კი მხოლოდ დადებით პასუხს ვიღებდით", — დასძინა სიჭინავამ.

ამჟამად ვებგვერდზე განთავსებულია შემდეგი განცხადება: ”მოხდა სისტემის შეცვლა. ვმუშაობთ მის ჩაშვებაზე. დახურეთ ბრაუზერის ყველა ფანჯარა და ვებგვერდზე შესვლა რამდენიმე წუთში სცადეთ. თუ ვერ შეძელით, მიმართეთ support@biletebi.ge-ს”. ამასთან, ვებგვერდის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დღეს ბილეთები არ გაიყიდება.

სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 22 ივნისს დილის 9 საათიდან ვებგვერდზე biletebi.ge უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მსურველთა მოზღვავებული რაოდენობის გამო, ვებგვერდი დაიბლოკა.

უეფას სუპერთასის მატჩი თბილისში 11 აგვისტოს გაიმართება. ერთმანეთს უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ”ბარსელონა” და უეფას ევროპის ლიგის გამარჯვებული ”სევილია” შეხვდებიან.

 


ყველა ახალი ამბავი
0