ქალთა ოთხი ნაკრები საჭადრაკო ოლიმპიადის ოქროსთვის იბრძოლებს

Шахматы - заставка
Шахматы - заставка - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთხი წამყვანი ქვეყნის ქალთა ნაკრებები XXXIX მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე გამარჯვებისთვის იბრძოლებს, განაცხადა მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონმა და საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებულმა ნონა გაფრინდაშვილმა.

თბილისი, 17 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. ოთხი წამყვანი ქვეყნის ქალთა ნაკრებები XXXIX მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე გამარჯვებისთვის იბრძოლებს, რომელიც ხანტი-მანსიისკში ჩატარდება, განაცხადა მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონმა და საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებულმა ნონა გაფრინდაშვილმა, იუწყება სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

”ოლიმპიადის მთავარ ფავორიტებად მივიჩნევ ჩინეთის, რუსეთის, საქართველოს და უკრაინის გუნდებს. ვფიქრობ, ამ ოთხიდან ერთ-ერთი მოიგებს ოლიმპიადას”, - განაცხადა გაფრინდაშვილმა.

ზუგდიდის მკვიდრმა ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიოს მეხუთე ჩემპიონის წოდება 1962 წელს მოიპოვა და შემდეგ ხუთჯერ - 1978 წლამდე წარმატებით იცავდა პლანეტის უძლიერესი მოჭადრაკის წოდებას. გაფრინდაშვილი მსოფლიო საჭადრაკო ოლიპიადების ათგზის გამარჯვებულია (1963-1986 წ.წ.).

სააგენტოს თანამოსაუბრემ აღნიშნა, რომ ”მაღალი გუნდური რეიტინგი - ეს კარგია, მაგრამ ოლიპიადებზე მთავარი არ არის”. ”ვიცნობდი მოჭადრაკეებს, რომლებიც დიდ წარმატებებს აღწევდნენ პირად ტურნირებში, მაგრამ ოლიმპიადებზე წარუმატებლად გამოდიოდნენ”, - დასძინა გაფრინდაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ოლიმპიადის მონაწილეებზე ”ძალიან დიდი - ორმაგი დატვირთვა მოდის, რადგანაც თამაშობს საკუთარი თავისთვისაც და გუნდისთვისაც”.

”და თუ ვინმე გუნდიდან ”ჩავარდება”, განსაკუთრებით - ლიდერი, ეს ყველა დანარჩენ მონაწილეზე აისახება, აღნიშნა ტიტულოვანმა სპორტსმენმა. - ლიდერმა გამარჯვების ტონი უნდა მისცეს ყველას, ხოლო ოლიმპიადებზე წარმატებისთვის მაღალი ადგილების პრეტენდენტი ნაკრებების ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს ძლიერი ხასიათი და გუნდური მოთამაშე უნდა იყოს”.

ბოლო სამი საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულები იყვნენ ქალთა ნაკრებები ჩინეთიდან (2004 წ.), უკრაინიდან (2006 წ.) და საქართველოდან (2008 წ.).

ხანტი-მანსიისკში საჭადრაკო ოლიმპიადა 19 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0