28 ივლისი C ჰეპატიტის საერთაშორისო დღეა

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELI С ჰეპატიტი
 С ჰეპატიტი - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
გამოწერა
საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, რომელიც ქვეყანაში 2015 წლიდან ამოქმედდა, ევროპაში „სანიმუშო“ სტატუსი მიენიჭა.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ბოლო სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში С ჰეპატიტზე სკრინინგი დაახლოებით 2,3 მილიონმა ადამიანმა ჩაიტარა, ანუ გამოკვლეულია ზრდასრული მოსახლეობის 70%, იუწყება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. 
დღეს, 28 ივლისს ჰეპატიტის მსოფლიო დღე აღინიშნება. ჯანმრთლობის მსოფლიო ორგანიზაცია ამ დღეს 2011 წლიდან აღნიშნავს. ეს დღე ნობელის პრემიის ლაურეატის ბარუჰ სამუელ ბლუმბერგის პატივსაცემად შეირჩა, რომელმაც B ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსი აღმოაჩინა. 
საქართველოში С ჰეპატიტის უფასოდ მკურნალობის პროგრამა 2016 წელს დაიწყო. ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმდა 10-წლიანი შეთანხმება ამერიკულ კომპანიასთან Gilead Sciences, რომელიც ამარაგებს ქვეყანას დაავადების სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტებით. პროგრამის მონაწილეებს თავდაპირველად პრეპარატ „სოვალდის“ ურიგებდნენ, რომელიც მომდევნო წლებში გაუმჯობესებულმა პრეპარატმა „ჰავრონმა“ ჩაანაცვლა. 
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2020
რა კავშირია С ჰეპატიტსა და კორონავირუსს შორის? ეპიდემიოლოგის განმარტება
2015 წელს ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეთა თითქმის 8% С ჰეპატიტის მატარებელი იყო. ამიტომ ქვეყანა რთული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. 150 ათას ადამიანს ესაჭიროებოდა მკურნალობა С ჰეპატიტზე. 2015 წლამდე მკურნალობა ხელმისაწვდომი იყო ძალიან შეზღუდული რაოდენობის ადამიანებისთვის და პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
ამ დროისთვის С ჰეპატიტის პროგრამაში 74 ათასი პაციენტია ჩართული, მათგან 70 ათასმა მკურნალობის კურსი დაასრულა. გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 99%-ს აღწევს.
დღეს საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც С ჰეპატიტის მკურნალობა უახლესი თაობის მედიკამენტებით სრულიად უფასოდ მიმდინარეობს. С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ქართული ანალოგი მსოფლიოში ჯერ არ ყოფილა.
C ჰეპატიტის პროგრამის მოსარგებლეები არიან: საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირები; პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულები/მსჯავრდადებულები; პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და/ან სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა სერვისებს – C ჰეპატიტის უფასო სკრინინგს, დიაგნოსტიკურ კვლევებს, დაავადებულ პირთა C ჰეპატიტის სამკურნალო-ფარმაცევტული პროდუქტით უზრუნველყოფას. სახელმწიფო მკურნალობას 100%-ით აფინანსებს და მოსარგებლეთათვის სრულად ანაზღაურებს უახლესი თაობის ანტივირუსულ მედიკამენტებს, მკურნალობაში ჩართვამდე საჭირო დიაგნოსტიკურ კვლევებს და ასევე მკურნალობის პროცესში მონიტორინგისთვის საჭირო კვლევებს.
С ჰეპატიტის მსოფლიო დღე ერთ-ერთია გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შვიდი დღიდან, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დააწესა. ამ დღეს მთელი მსოფლიო ერთი დევიზით ერთიანდება – ადამიანებში ცნობადობის ამაღლება იმ საფრთხესთან მიმართებით, რასაც რეალურად С ჰეპატიტი წარმოადგენს.
 
ყველა ახალი ამბავი
0