კოვიდ–გადატანილების ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია ორშაბათიდან დაიწყება

© AP Photo / Elise Amendolaვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2021
გამოწერა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, იმ პირებისთვის, ვინც კორონავირუსი გადაიტანა, აცრა 30 დღის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. იმ პირების რეგისტრაცია ვაქცინაციისთვის, რომლებმაც კორონავირუსული ინფექცია გადაიტანეს და 30-დღიანი ვადა გავიდა, სავარაუდოდ, ორშაბათიდან იქნება შესაძლებელი, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
გამვლელები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
კოვიდ-გადატანილებისთვის ვაქცინაციის ვადა იცვლება
გუშინ ცნობილი გახდა, რომ პირები, ვინც კორონავირუსული ინფექცია გადაიტანა, აცრას შეძლებენ ინფიცირებიდან არა 120 დღის, როგორც ეს აქამდე იყო დაწესებული, არამედ 30 დღის შემდეგ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
თამარ გაბუნიას თქმით, ბრძანება იმის თაობაზე, რომ კოვიდ-გადატანილებისთვის ვაქცინაციის 120-დღიანი ვადა 30 დღემდე შემცირდა, ამ კვირის ბოლოსთვის იქნება მზად.
„საკოორდინაციო საბჭოსა და იმუნიზაციის საბჭოზე გადაწყვეტილება მიღებულია, ექსპერტების ჯგუფი მხარს უჭერს. ვფიქრობ, ორშაბათიდან რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ამ ჯგუფისთვისაც", – აღნიშნა გაბუნიამ.
ქვეყანაში ბოლო დროს ეპიდსიტუაცია დამძიმდა. გამყრელიძის განმარტებით, ჯონს ჰოპკინსის რუკის მიხედვით, საქართველომ ნარინჯისფერი ზონიდან უკვე წითელ ზონაში გადაინაცვლა, რაც განგაშის საფუძველია და ქვეყანამ შესაბამისი ღონისძიებები უნდა გაატაროს.
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
გამყრელიძე: საკოორდინაციო საბჭო კოვიდ-რეგულაციების გამკაცრებაზე იმსჯელებს
ეპიდემიოლოგები ვითარების გაუარესებას ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას უკავშირებენ – ამჟამად საქართველოში თითქმის ყველა შეზღუდვა გაუქმებულია. დარჩენილი შეზღუდვებიდან მოქმედებს პირბადის ტარების რეჟიმი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში, აკრძალულია სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ღამის კლუბების მუშაობა.
ასევე ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ წინასწარი PCR–ტესტირების საფუძველზეა შესაძლებელი. აკრძალულია ბანაკის ტიპის შეკრებები. გარდა ამისა, 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR–ტესტირების საფუძველზე.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 2.415 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყების დღიდან საქართველოში ინფიცირების 393.360 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 368.073 ადამიანი, გარდაიცვალა 5.618 პაციენტი.
ყველა ახალი ამბავი
0