09:53 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
103 0 0

დაზარალებულის ადვოკატი აღნიშნავს, რომ გიორგი ნიკოლიშვილისთვის მნიშვნელოვანი იყო ჰქონოდა დაზარალებულის სტატუსი, რადგან ამასთან საკმაოდ მნიშვნელოვანი უფლებებია დაკავშირებული.

თბილისი, 17 ივლისი - Sputnik. საგამოძიებო უწყებამ მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ძალადობის საქმეზე „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტ გიორგი ნიკოლიშვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა, იუწყება „პირველი არხი“.

არეულობა თბილისში 5 ივლისს დაიწყო, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის პრაიდის" მიერ კვირეულის დასკვნითი ღონისძიების „ღირსების მარშის" ჩატარება იგეგმებოდა. ამ დღეს ხმაურიანი კონტრაქცია დილიდანვე დაიწყო, ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეები შეეცადნენ წინააღმდეგობა გაეწიათ ღონისძიების ჩატარებისთვის და საწადელს მიაღწიეს კიდეც - „ღირსების მარში" გაუქმდა, თუმცა დაძაბული ვითარება ამით არ განმუხტულა.

საბოლოოდ სექს-უმცირესობების მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობაში გადაიზარდა - „ტრადიციული ფასეულობების მომხრეთა" მთელი აგრესია მედიასაშუალებების გადამღებ ჯგუფებს დაატყდა თავს, ისინი მათ სასტიკად გაუსწორდნენ. გარდა ამისა, რადიკალური დაჯგუფებების წევრებმა დაარბიეს „თბილისი პრაიდისა" და პარტნიორი ორგანიზაციების ოფისები.

5 ივლისის საქმეზე ამ დრომდე ოფიციალურად დაზარალებულად ცნობილი იყო 41 პირი, მათ შორის, 35 ჟურნალისტი და ოპერატორი.

როგორც გიორგი ნიკოლიშვილის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განაცხადა, ფოტოკორესპონდენტს დაზარალებულად ცნობის დადგენილება ჯერ არ ჩაბარებია, რადგან ის ჯერ კიდევ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს.

„მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დადგენილება მისთვის ჯერ არ არის ცნობილი“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე განცხადებით, ჯერ უცნობია ფოტოკორესპონდენტის მიმართ ძალადობის საქმეზე არიან თუ არა დაკავებულები, თავად ნიკოლიშვილის დამატებითი გამოკითხვა კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება.

„ველოდებით, რომ გამოკეთდეს და მისი კვლევები გვაძლევდეს საშუალებას, რომ გამოკითხვა შესაძლებელი გახდეს. ის პირველად უკვე გამოიკითხა საავადმყოფოში, მაგრამ საჭიროა დამატებითი გამოკითხვა“, – განაცხადა ლონდარიძემ.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ გიორგი ნიკოლიშვილისთვის მნიშვნელოვანი იყო ჰქონოდა დაზარალებულის სტატუსი, რადგან ამასთან საკმაოდ მნიშვნელოვანი უფლებებია დაკავშირებული. ფოტორეპორტიორს აღენიშნება მნიშვნელოვანი დაზიანებები, მათ შორის თავის არეში. 14 ივლისს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნიკოლიშვილის მდგომარეობა მძიმეა და ის დამატებით კვლევებს საჭიროებს.

ნიკოლიშვილი რამდენიმე ადამიანმა სცემა, რა დროსაც მან გონება დაკარგა.

ამ დროისათვის მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, მათი დევნისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე 24 ადამიანია ბრალდებული. მათი უმრავლესობა სასამართლოს განაჩენს საპატიმროში ელოდება.

 

მთავარი თემები