გამყრელიძე: კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 400-ზე მეტ ტურისტს დაუდასტურდა

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები
ტურისტები - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2021
გამოწერა
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა მხოლოდ ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ შეუძლიათ.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 400-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა უცხო ქვეყნებიდან შემოსულ ტურისტებში, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ნაწილს კორონავირუსი საზღვრის გადმოკვეთისას დაუდასტურდა, ზოგიერთ მათგანს კი ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ.

ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
ტიკარაძე: ყველა ტურისტისთვის ტესტირება სავალდებულო უნდა იყოს

„დღეს საბჭოს ვაუწყე, რომ ტურისტებში ჩვენ გვაქვს ქვეყანაში ინფექციის შემოტანის და შემდგომ მათი იზოლირების შემთხვევები. გაზრდილი მობილობა ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია ინფექციის გავრცელების", - განაცხადა გამყრელიძემ.

აღნიშნულზე გუშინ განცხადება გააკეთა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. როგორც მან აღნიშნა, ორჯერადი ვაქცინაციის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლის შემდეგ ტურისტებმა კორონავირუსზე ტესტირება უნდა ჩაიტარონ.

ტიკარაძის განცხადების მიზეზი გახდა ქუთაისის აეროპორტიდან შემოსული ინფორმაცია თითქოსდა გაყალბებული PCR-ტესტებისა და ყალბი კოვიდ-პასპორტების შესახებ, რომელთა მეშვეობითაც ტურისტები საქართველოს ტერიტორიაზე შემოდიან.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ეკონომიკის სამინისტროსთან და ტურიზმის სააგენტოსთან ერთად, ტურისტებს მოვუწოდოთ, რომ მათი ტესტირება მნიშვნელოვანია. ვთვლით, რომ ეს უნდა იყოს რეგულაცია და არა რეკომენდაცია", – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტურისტები - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2021
აუცილებელი ინფორმაცია მათთვის, ვინც საქართველოში ჩამოდის

საქართველომ რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან აღადგინა, ხოლო სახმელეთო საზღვრები 1 ივნისს გახსნა.

აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც აქვს ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი, ქვეყანაში საჰაერო გზით შემოსვლის უფლება აქვს.

სახმელეთო გზით შემოსვლა შეუძლია უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს და ბოლო 72 საათში ჩატარებულ PCR–ტესტს.

საზღვრის კვეთა შესაძლებელია მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხით და ამ შემთხვევაში პირები ვალდებული იქნებიან შემოსვლიდან 72 საათში (მე-3 დღეს) განმეორებით ჩაიტარონ PCR–ტესტი.

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსა და რეზიდენტებს საქართველოს საზღვრის კვეთა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხით შეუძლიათ: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ისრაელის სახელმწიფო, თურქეთის რესპუბლიკა, შვეიცარიის კონფედერაცია, ნორვეგიის სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, საუდის არაბეთის სამეფო, კატარის სახელმწიფო, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინის სამეფო, სომხეთის რესპუბლიკა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, უკრაინა, ყაზახეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია, ბელარუსის რესპუბლიკა, თურქმენეთი, უზბეკეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთის რესპუბლიკა, ყირგიზეთის რესპუბლიკა, იაპონია, კანადა, ქუვეითი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მოლდოვა, ომანი.

ყველა ახალი ამბავი
0