საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა ივლისიდან გაფართოვდება

© REUTERS / ANTON VAGANOVვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
გამოწერა
ქვეყანაში სხვადასხვა დასახელების ვაქცინების ახალი დოზები ივლისიდან შემოვა, საუბარია ჯამში დაახლოებით 3,2 მლნ დოზა ვაქცინაზე.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა ივლისიდან გაფართოვდება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

 Pfizer-BioNTech, AstraZeneca, Sputnik V,  Moderna - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2021
რომელი წარმოების და რა რაოდენობის ვაქცინებს ელოდება საქართველო: უწყების განმარტება

ვაქცინაციის პროგრამა გაფართოვდება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში იმ დოზების ხარჯზე, რის მიღებასაც ქვეყანა ელოდება ზაფხულის პერიოდში. გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის გაფართოებული კამპანიის დასაწყებად ქვეყანას ივლისიდან ვაქცინების საკმარისი რაოდენობა ექნება. უკვე ივნისის ბოლოს საქართველო AstraZeneca-ს 43 ათას დოზა ვაქცინას ელოდება.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ვაქცინების მობილიზებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ვაქცინაციისთვის ადგილების შექმნა და სამედიცინო დაწესებულებების ბრიგადების დამატება, ასევე საზოგადოებრივ სივრცეებში ვაქცინაციის ცენტრების მოწყობა.

„თვის მანძილზე ვაქცინირებულთა საკმარისი რაოდენობა რომ იყოს, საჭიროა დამატებითი ბრიგადების მობილიზება. ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით 200-მდე ბრიგადა მუშაობს. მასობრივი ვაქცინაციის დაწყებამდე კი დამატებით თითქმის ამდენივეს მობილიზებაა საჭირო", – აღნიშნა გაბუნიამ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებთან უკვე მუშაობს. თბილისში დამატებით 16 ჰოსპიტალი და პირველადი ჯანდაცვის 15 დაწესებულება მზად არის ეტაპობრივად ჩაერთოს ვაქცინაციის პროგრამაში, განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში უახლოეს პერიოდში ექვსი კომპანიის ვაქცინა შემოვა. კერძოდ, ივლისიდან ოქტომბრამდე პერიოდში საქართველო სხვადასხვა კომპანიისგან 3,2 მლნ დოზა ვაქცინას მიიღებს. ქვეყანაში შემოვა ჯანმოს მიერ აღიარებული Pfizer, Sinopharm, Sinovac, Novovax, Jonson&Jonson-ის ვაქცინები.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან AstraZeneca-ს, 30 მარტიდან კი Pfizer-ის ვაქცინებით დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში 4 მაისიდან ჩინური Sinopharm-ი ჩაერთო, 24 მაისიდან კი Sinovac-ი. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და ამჟამად იმუნიზაციის პროცესში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებისთვის არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 212.163 ადამიანია აცრილი, სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 69.197 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0