თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. თინა ხიდაშელის ჯანმრთელობის მდგომარეობას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ეხმაურება, პოლიტიკოსს გამოჯანმრთელებას უსურვებს და წერს, რომ გააოცა იმ კომენტარებმა, რომლებიც ხიდაშელის მდგომარეობას სოციალურ ქსელში მოჰყვა.
„უცებ რას ვხედავ ვიდეოს ქვემოთ კომენტარებში მიდის სიხარულის ყიჟინა და წყევლა-კრულვა. ღმერთო! ის ხალხი, ვინც ამ საშინელებებს წერს ავადმყოფ ადამიანზე, თვითონ ჯანმრთელია ნეტა?! საიდან ამდენი სიბოროტე და ნიშნის მოგება? რატომ არ შლიან ადმინები მსგავს კომენტარებს ნეტა? რა ნახვები ღირს ამად?“ – წერს მაკა რაზმაძე.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა, „მთავარ არხზე“ გადაცემა „პოსტ ფაქტუმში” იმ ურთულეს გართულებებზე ისაუბრა, რომლებიც ვირუსმა დაუტოვა. პოლიტიკოსი ჰყვება, რომ მისი ოჯახის წევრები ვირუსს ადვილად გადაურჩნენ, მას კი უკვე მეოთხე დღიდან ადგომაც კი გაუჭირდა, შემდეგ იყო კლინიკაში მაღალი ტემპერატურით.
მისი თქმით, თმამაც კი შეწყვიტა ზრდა – ოთხი თვის წინ შეღებილი თმა არც ერთი მილიმეტრით არ გაზრდია. ყველაზე მეტად კი სახსრები აწუხებს.
„ჩემით ვერ დავდივარ, იყო მომენტი, როდესაც ორი ადამიანი მჭირდებოდა რომ გამევლო, ახლა სიარულს ვახერხებ, ოღონდ სიარულამდე უნდა მივიდე, ანუ ვერ ვდგები ჩემით, მერე ვერ ვჯდები”, – ამბობს თინა ხიდაშელი.
თინა ხიდაშელს კორონავირუსი მიმდინარე წლის 18 თებერვალს დაუდასტურდა და მას საავადმყოფოში მკურნალობდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ ის კლინიკიდან გაწერეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ისევ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც პოლიტიკოსი წერს, ავადმყოფობის გამო ბევრი რამ გამოტოვა: თოვლი თბილისში, გაზაფხულის მოსვლა, შვილის დაბადების დღე, ბზობა, აღდგომა, რადგან თავი ვერ დააღწია საავადმყოფოს, ჟანგბადის და ათასგვარ სხვა აპარატს, წამლებს, ნემსებს, გადასხმებს.