15:21 16 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8492
  • 100 RUB4.4160
  • USD3.1751
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (424)
39 0 0

რეგისტრაციის პირველ ეტაპს სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარები გაივლიან. მეორე ეტაპის რეგისტრაცია კი 18 ივნისს დაიწყება.

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია 2021-2022 სააღმზრდელო წლისთვის 11 ივნისს დაიწყება, აღნიშნულია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაცია საბავშვო ბაღებში ორ ეტაპად ჩატარდება.

რეგისტრაცია ელექტრონული ფორმატით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე (kids.org.ge) განხორციელდება.

პირველი ეტაპი, რომელიც პრიორიტეტული კატეგორიების აღსაზრდელთა ჩარიცხვას გულისხმობს, 11 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება და 18 ივნისამდე გაგრძელდება.

პრიორიტეტული კატეგორიების ჩამონათვალში არიან: ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები (100.000-მდე ქულა); სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები; დედმამიშვილები (როცა აპლიკანტის დედმამიშვილი უკვე არის ამავე ბაღის აღსაზრდელი); მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები; მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები (ოთხი და მეტი შვილი); სამხედრო მოსამსახურეთა შვილები (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში; საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეთა შვილები, ასევე რეგისტრაციის პერიოდში საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების შვილები).

„მეორე ეტაპის რეგისტრაცია დაიწყება 18 ივნისს, 10:00 საათიდან. აპლიკანტი ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად. ამასთან, მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ რეგისტრაციის გავლისას ბავშვი სააღმზრდელო წლის დაწყების თარიღისთვის (2021 წლის 15 სექტემბრისთვის) უნდა იყოს ორი წლის“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

იმ აღსაზრდელების მშობლებს, რომლებიც ვერ შეძლებენ ბავშვის დარეგისტრირებას კონკრეტულ ბაღში, შესაძლებლობა ექნებათ, 21 ივნისიდან ამავე ბაღში წარადგინონ განცხადება რეზერვში მოხვედრის თაობაზე.

თბილისში 185 სახელმწიფო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც გასულ წელს 60 ათასზე მეტი ბავშვი იყო რეგისტრირებული. წელს თბილისში საბავშვო ბაღების ჩამონათვალს N101 საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატა, რომელიც მიმდინარე წლის მარტში გაიხსნა.

თემები:
განათლება საქართველოში (424)

მთავარი თემები