დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება

© photo: Sputnik / Stringerმშენებლობა
მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2021
გამოწერა
საქართველოს მთავრობა გერმანული გრანტის დახმარებით დევნილთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პროგრამას აგრძელებს.

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. გერმანიისა და საქართველოს მთავრობების თანამშრომლობის შედეგად გამოყოფილი გრანტის ფარგლებში დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება, იუწყება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 286,8 ათასზე მეტ ადამიანს აქვს მინიჭებული. საქართველოს მთავრობა ამ დრომდე ახორციელებს მათი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პროგრამას.

ბინის გასაღები - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 236 დევნილ ოჯახს გადაეცემა

სამინისტროს ცნობით, პროექტში მონაწილეობის მსურველი დევნილი ოჯახებისგან განაცხადების მიღება 14 ივნისის ჩათვლით იწარმოებს. განაცხადის შევსება იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც 2021 წლის 1 აპრილამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც, დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც ითვალისწინებს, დანიის ლტოლვილთა საბჭო ახორციელებს.

პროექტი 2020-2021 წლებში დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ჯამში 200-ზე მეტი სახლის აშენებას ითვალისწინებს.

საქართველოს ხელისუფლება უახლოეს ორ წელიწადში 5 ათასამდე იძულებით გადაადგილებული პირის საცხოვრებლით უზრუნველყოფას გეგმავს. 2013 წლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით 23 ათასამდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი.

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს: სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.

ყველა ახალი ამბავი
0