ოთხი ქართველი სპორტსმენი, რომლებმაც საქართველო მსოფლიოს გააცნეს

© photo: Sputnik / MAX NASHსაქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და კლუბ „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე თემურ ქეცბაიასთან ერთად.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და კლუბ „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე თემურ ქეცბაიასთან ერთად. - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
გამოწერა
საქართველო მსოფლიო არენაზე არაერთი ქართველი სპორტსმენის წარმატებით ამაყობს. უამრავი გამორჩეული სახელიდან დღეს იმ ოთხი სპორტსმენის ისტორიებს გთავაზობთ, რომლებმაც საკუთარი ქვეყანა მთელ მსოფლიოს გააცნეს.

ქართველი ჯადოქარი, რომელიც ინგლისში დღესაც ახსოვთ

„მეინ როუდის ჯადოქარი“ – დიდ ბრიტანეთში დღემდე ასე იხსენებენ ქართველ ფეხბურთელს გიორგი ქინქლაძეს.

ერთ დროს ყველაზე ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელად შერაცხულმა გიორგი ქინქლაძემ საფეხბურთო კარიერა, სხვა ქართველი ფეხბურთელების მსგავსად, თბილისის „დინამოში“ დაიწყო. ახალგაზრდული გუნდიდან გიორგი კარგი თამაშის წყალობით მალევე დინამოელთა სარეზერვო შემადგენლობაში მოხვდა. თუმცა დუბლშემადგენლობაში მან თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა და მეტი სათამაშო დროის მისაღებად შედარებით სუსტ თბილისურ „მრეტებში“ გადავიდა. წარმატებული სეზონის შემდეგ „დინამომ“ ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველის დაბრუნება გადაწყვიტა. ამ პერიოდში თბილისში სამოქალაქო ომიც დაიწყო და იმდროინდელ რეალობაში სპორტის ნებისმიერ სახეობაში რეალიზება ძალიან რთული გახდა.

რთული პერიოდის დროს ქინქლაძეს გერმანიიდან კარგი წინადადებით მიმართეს და ფეხბურთელი „დინამოდან“ „ზაარბრიუკენში“ გადაბარგდა, სადაც მან საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ წარმოაჩინა. ამის შემდეგ გამოჩნდნენ მადრიდის „ატლეტიკო“ და „რეალი“, მაგრამ მცდელობა ამჯერადაც უშედეგო გამოდგა. შეიძლება ითქვას, ქინქლაძემ თავის დასამკვიდრებლად თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა. 1994-95 წლებში გიორგი საქართველოს ნაკრებში რამდენჯერმე გამოიძახეს და ფეხბურთელმაც საკუთარი თავი აქ იპოვა. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა ინტერესი „მანჩესტერ სიტის“ მხრიდან. ინგლისურმა კლუბმა პირველ შეთავაზებაზე ქართველებისგან მტკიცე უარი მიიღო. მიუხედავად ამისა, ბრიტანელების მეორე მცდელობამ გაამართლა და ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი 1995 წლის ივლისში „სიტის“ რიგებში ჩაირიცხა.

ახალგაზრდა ქინქლაძემ „მანჩესტერ სიტის“ რიგებში სულ სამი სეზონი გაატარა (1995-1998), თუმცა გულშემატკივარს ამ დრომდე არ ავიწყდება მისი გენიალური საფეხბურთო მომენტები. მაყურებელს განსაკუთრებით 1995-96 წლების სეზონში „ქინქის“ მიერ გატანილი გოლი ახსოვს, რომელიც ქართველმა ლეგიონერმა „საუთჰემპტონის“ კარში შეაგდო.

მოგვიანებით ინგლისში „მანჩესტერ სიტის“ ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელზე დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს. ფილმის სახელწოდება განსაკუთრებულია - „ქინქლაძე: „მეინ როუდის“ ჯადოქარი“.

 

ლაშა ტალახაძე - სახელი, რომელიც რეკორდებთან ასოცირდება

ლაშა ტალახაძე სპორტულმა სამყარომ რამდენიმე წელია გაიცნო. უკონკურენტო ქართველ ძალოსანს უკვე დიდი ხანია პირველი ადგილისა და ოქროს მედლის გარეშე ჩემპიონატი არ დაუტოვებია. ყველაფერი 13-14 წლის ასაკში დაიწყო, მანამდე ლაშასგან დიდს არაფერს მოელოდნენ. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჯერ ჭიდაობაში სცადა ბედი, შემდეგ ფეხბურთიც ითამაშა, მაგრამ საბოლოოდ თავისი გზა ძალოსნობაში იპოვა.

დღეს უკვე ლაშას ასპარეზობა თითოეულ ტურნირზე ავტომატურად ახალი რეკორდის დამყარებას ნიშნავს, რაც ახლახან გამართულ ევროპის ჩემპიონატზეც დაამტკიცა. ქართველმა ძალოსანმა მოსკოვში გამართულ ტურნირზე 485 კილოგრამი დაძლია და საკუთარი მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა. არ უნდა დაგვავიწყდეს მისი გამოსვლა რიოს ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც მან საქართველოს 35-ე ოლიმპიური ოქრო მოუტანა და ქართული სპორტის ისტორიაში სამუდამოდ ჩაეწერა. მაშინ ლაშამ ორჭიდის ჯამში 473 კგ დააფიქსირა, რაც იმ დროისათვის საუკეთესო შედეგი იყო.

ქართველი მრავალგზის რეკორდსმენი წელს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზეც იასპარეზებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტალახაძე ოქროს გარდა სხვა სინჯის მედალს დასჯერდეს და გამარჯვება დათმოს. ბოლო წლებში მისი ერთადერთი კონკურენტი გორ მინასიანია. სომეხი სპორტსმენი ლაშას შედეგებთან ყველაზე ახლოსაა, თუმცა ის კვლავ მსოფლიოს მეორე ძალოსნად რჩება.

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი, ანუ ჩოგბურთელი, ვისთანაც თამაში ყველასთვის უხერხულია

ქართული ჩოგბურთისა და ზოგადად ქვეყნის ისტორიაში ნიკა თავისი შედეგებით უკვე შევიდა. ბასილაშვილი ამ ეტაპზე საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელია, რომელმაც ინდივიდუალურ დონეზე თავი მსოფლიოს გააცნო და საუკეთესო 20 ჩოგბურთელს შორის მოხვდა.

რომ არა ნიკას სამშობლოსადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება, დღეს შესაძლოა ის რუსეთის ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელიც კი ყოფილიყო. 2011 წელს ნიკოლოზის მშობლები საცხოვრებლად რუსეთში გადავიდნენ. სწორედ ამ დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართული წარმომავლობის ნიჭიერი სპორტსმენი რუსეთის სახელით იასპარეზებდა. საბოლოოდ გადაწყვეტილება ქართველმა ჩოგბურთელმა თავად მიიღო და ნაკლები საჩოგბურთო ისტორიის მქონე ქვეყნის საქართველოს სახელით თამაში ამჯობინა.

ნიკამ ჩოგბურთის თამაში საკმაოდ პატარამ, ხუთი წლის ასაკში დაიწყო. 12 წლის იყო, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა და მის პროფესიონალურ საჩოგბურთო კარიერასაც საფუძველი ამ დროიდან ჩაეყარა. ბასილაშვილმა შტატებში რამდენიმე წელი გაატარა და საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღო.

მოგვიანებით ქართველმა ჩოგბურთელმა Challenger-ის დონის ტურნირებში დაიწყო თამაში. სულ მალე კი ნიკოლოზი დიდ ჩოგბურთშიც გამოჩნდა და თანაც როგორ! ბასილაშვილმა 2018 წლის 29 ივლისს გერმანიის ღია პირველობის ფინალში გასვლა მოახერხა, სადაც არგენტინელი ლეონარდო მაიერი დაუხვდა. ნიკამ მეტოქის დამარცხება სამ სეტში შეძლო და გახდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი, რომელმაც ATP-ს ტურნირის მოგება შეძლო. საქართველოს პირველმა ჩოგანმა გულანთებული მაყურებლის მოლოდინი კიდევ ერთხელ იმავე წლის 7 ოქტომბერს გაამართლა და ჩინეთში გამართულ პრესტიჟულ ჩემპიონატზე ხუან მარტინ დელ პოტროს დამარცხებით თავისი კარიერის მეორე ტიტული მოიპოვა. ზედიზედ ორი მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ თითქოს ნიკოლოზი ფორმიდან ამოვარდა, თუმცა 2019 წლის ივლისში ის ჰამბურგში საჩემპიონო ქულების დასაცავად კიდევ ერთხელ ჩავიდა. აღსანიშნავია, რომ ტიტულის დაცვას ერთეულები თუ ახერხებენ და ბასილაშვილიც მათ შორისაა. 27 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა უნიჭიერეს რუს სპორტსმენს რუბლიოვს არაფერი დაუთმო და ჰამბურგში თასი კიდევ ერთხელ აღმართა.

ჰამბურგის ტურნირის შემდეგ ნიკოლოზის რეგრესი შესამჩნევი გახდა, რაც რეიტინგშიც აისახა. ქართველი სპორტსმენი 2021 წლის მარტამდე თითქმის ვერაფერს იგებდა, თუ არ ჩავთვლით უმნიშვნელო გამონათებებს. მიმდინარე წლის გაზაფხულზე კი ნიკა დოჰაში გამართულ ტურნირზე გულშემატკივრის თვალწინ გარდაისახა და საოცარი მატჩები ჩაატარა. საბოლოოდ კატარში ჩატარებული 250-ქულიანი ტურნირის ფინალში ბასილაშვილი ძალიან გამოცდილ ესპანელ ბაუტისტა-აგუტს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში პირად მუზეუმს მეოთხე თასი შემატა. ქართველ ჩოგბურთელს ტემპი არც ამის მერე დაუგდია. მაისში გერმანიის ქალაქ მიუნხენში კიდევ ერთი თასი აღმართა, სადაც ფინალურ ეტაპზე ადგილობრივი შტრუფის დამარცხება მოუწია. საბოლოოდ საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელის ანგარიშზე ხუთი ტიტულია. პარალელურად ნიკამ წელს ჩოგბურთის დიდოსტატი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი დაამარცხა და საკუთარი სახელი ისტორიაში ამ ფაქტითაც კიდევ ერთხელ ჩაწერა.

 

გურამ თუშიშვილი - ძიუდოისტი, რომელმაც ფრანგი გოლიათი ტედი რინერი ტატამზე დაანარცხა

ქართველ მძიმეწონოსან ძიუდოისტს გურამ თუშიშვილს პროფესიონალური კარიერის განმავლობაში, ერთი შეხედვით, განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევია. მას არც ოლიმპიურ თამაშებზე ჰქონია განსაკუთრებული შედეგები... თუმცა არის თუშიშვილის კარიერაში ერთი გამორჩეული მომენტი, რომელიც ძიუდოს ქართველ გულშემატკივარს არ ავიწყდება.

2017 წელს ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გურამი მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტს ფრანგ ტედი რინერს შეხვდა. გურამი და ტედი ერთმანეთს ნახევარფინალში გადაეყარნენ. ძიუდოს დიდოსტატმა 22 წლის ქართველის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო, მეტიც, დამატებით დროში თუშიშვილმა რინერის დაგდება მოახერხა, თუმცა მსაჯებმა მას გამარჯვების ქულა არ ჩაუთვალეს. გამოუყენებელი მომენტიდან რამდენიმე წამში ფრანგმა სპორტსმენმა ჩვენებური საპასუხო ილეთზე წამოაგო და უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაც მოიპოვა. ტედიმ ჟურნალისტებთან საუბრისას მაშინვე განაცხადა, რომ მსგავსი წინააღმდეგობა არასდროს უგრძვნია და გურამთან შეხვედრამ უდიდესი სიამოვნება მიანიჭა. მას შემდეგ ქართველი და ფრანგი სპორტსმენები ტატამზე ერთმანეთს არ შეხვედრიან. მათი მომავალი პაექრობა შესაძლოა წელს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე შედგეს...

ყველა ახალი ამბავი
0