„ნაბეღლავის“ ქარხანა გაჩერდა: ჰოლდინგის თანამშრომელთა გაფიცვა უფრო მასშტაბურ სახეს იღებს

© photo: JSC "HEALTHY WATER"„ნაბეღლავი“
„ნაბეღლავი“ - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2021
გამოწერა
საქართველოში ბოლო დღეებში რამდენიმე კომპანიის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ხელფასების მომატებას, შრომითი პირობების გაუმჯობესებას და დიალოგში პროფკავშირების ჩართვას ითხოვენ.

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. „მარგებელი ჰოლდინგის“ სადისტრიბუციო კომპანია „ენგადის“ გაფიცულ თანამშრომლებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში კომპანია „წყალი მარგებელის" წყლის ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლები შეუერთდნენ, იუწყება „რუსთავი2“.

ჰოლდინგის თანამშრომლები საპროტესტო აქციას მესამე დღეა მართავენ.

გაფიცულების ინფორმაციით, ქარხანა ფაქტიურად გაჩერებულია. დასაქმებულები დაბალ ანაზღაურებას და არასათანადო შრომით პირობებს აპროტესტებენ და ხელმძღვანელობისგან საათობრივი ანაზღაურების გაზრდას მოითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, არის შემთხვევები, როცა მათი სამუშაო დრო 24, ხანაც 36 საათის განმავლობაში უწყვეტად გრძელდება. კომპანია კი ზეგანაკვეთური შრომის, დღის და ღამის საათების შესაბამის ანაზღაურებას არ იხდის.

„იმ სამუშაოსთან შედარებით, რომელსაც ვწევთ, ჩვენი ანაზღაურება მიზერულია. საათში 3 ლარს გვიხდიდნენ, ერთი თვის წინ 50 თეთრი მოგვიმატეს. გვინდა, 5 ლარამდე მაინც გაიზარდოს საათობრივი ხელფასი“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

გაფიცვა „ბორჯომის“ ქარხანაში - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
გაფიცვა „ბორჯომის“ ქარხნებში: კომპანია თანახმაა თანამშრომლებს ხელფასები გაუზარდოს

გარდა ამისა, ისინი შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

„ხან ტომრებზე, ხანაც მუყაოს ქაღალდებზე გვძინავს. სამუშაო პირობების გაუმჯობესებაც გვჭირდება. ყველას ბანკის ვალები გვაქვს, ანაზღაურება კი ძალიან ცოტაა. თვეობით რომ მოგვიწიოს აქ დგომა, ვიდგებით“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

გაფიცული თანამშრომლების განცხადებით, ისინი მზად არიან, კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ, თუმცა მოითხოვენ, მოლაპარაკებებს პროფკავშირის წარმომადგენლებიც დაესწრონ. წინააღმდეგ შემთხვევაში გაფიცვას გააგრძელებენ.

რაც შეეხება სადისტრიბუციო კომპანია „ენგადის“, რომელიც რამდენიმე მსხვილ საწარმოს ემსახურება, მისი 70-მდე გაფიცული თანამშრომელი ფიქსირებული ხელფასის 1000 ლარამდე გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. გაფიცულების ინფორმაციით, ამ ეტაპზე მათი ხელფასი 630 ლარს შეადგენს. კომპანიაში კი ამას უარყოფენ.

თავის მხრივ, აღნიშნულს უარყოფენ კომპანიაში. მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია „წყალი მარგებელის“ ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი დავით ჭკუასელი აცხადებს, რომ ხელმძღვანელობას თანამშრომლებთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს და მათ ხელფასის ჩარიცხვაზე პრობლემა არ ჰქონიათ.

„ნაბეღლავის“ წარმოება - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიის თანამშრომლები გაიფიცნენ

გარდა ამისა, როგორც კომპანიაში აცხადებენ, დასაქმებულების გაფიცვა მათთვის მოულოდნელი იყო და კომპანია მოლაპარაკებებს აუცილებლად დაიწყებს.

ასევე, საქართველოში გაფიცული არიან „ბორჯომის“ ორივე ქარხნის მუშები, რომლებიც ასევე ხელფასების მომატებას და შრომის პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

საქართველოში ბოლო დღეებში ერთბაშად რამდენიმე კომპანიის თანამშრომლები გაიფიცნენ. ოზურგეთში მე-19 დღეა გაფიცულები არიან ფქვილის საწარმო „გულისტანის" თანამშრომლები. ისინი ასევე ხელფასების მომატებას ითხოვენ.

„მარგებელი ჰოლდინგში“ გაერთიანებულია მინერალური წყალი „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანია „წყალი მარგებელი“, „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, კომპანია „ენგადი“ და საწარმო „მარნეული აგრო“.

ყველა ახალი ამბავი
0