მეუფე შიო: საათები გვაშორებს ქრისტიანობის უდიდეს დღესასწაულს

© photo: Sputnik / მრევლი ეკლესიაში
მრევლი ეკლესიაში - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
გამოწერა
წითელ პარასკევს მართლმადიდებლურ ტაძრებში მაცხოვრის ჯვარზე გაკვრის, გარდამოხსნის და დატირების რიტუალები სრულდება.

თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. საათები გვაშორებს ქრისტიანობის უდიდეს დღესასწაულს და დავფიქრდეთ ჩვენს თავზე, ვეცადოთ ვიპოვოთ ჩვენი თავი, განაცხადა საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას. 

მლოცველი ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
წითელი პარასკევი: რა დაიშვება და იკრძალება ხალხური რწმენით

„არ არსებობს ცოდვა, რომელსაც ვერ განსწმენდს ღმერთის სიყვარული და კაცთმოყვარება, ვერ განსწმენდს უფლის ცხოველმყოფელი სისხლი, ყოველი წვეთი ამ სისხლისა არის მაცხოვნებელი და განმწმენდელი. საათები გვაშორებს ქრისტიანობის უდიდეს დღესასწაულს და დავფიქრდეთ ჩვენს თავზე, რათა გავხდეთ თანაზიარნი იმ ძალისა და მადლისა, რომელიც მოიტანა ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომამ“, – განაცხადა მეუფე შიომ.

მართლმადიდებლური ეკლესია დღეს დიდ, ანუ წითელ პარასკევს აღნიშნავს – დიდმარხვის ბოლოს წინა და ყველაზე მკაცრ დღეს, როდესაც იესო ქრისტე ადამიანთა ცოდვების გამოსყიდვისთვის მოწამეობრივად აღესრულა.

ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. დღეს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. ტაძრებში დღეს გარდამოხსნის რიტუალი სრულდება.

წითელ პარასკევს ქრისტიანები სიმბოლურად კვერცხს წითლად ღებავენ. გადმოცემის მიხედვით, ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში გაგზავნა, რათა ხალხისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი.

მარიამ მაგდალინელი რომში ჩავიდა და პირდაპირ იმპერატორის სასახლეს მიაშურა. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი მიართვა და ახარა: „ქრისტე აღსდგა“. იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: „როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდეს“. სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა ტიბერიუსს, რომ კვერცხი გაწითლდა. იმ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები წითელი კვერცხებით ეგებებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

წელს მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 2 მაისს ზეიმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0