08:26 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
80 0 0

იმუნიზაციის საბჭომ AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაციისთვის ასაკობრივი არეალის უცვლელად დატოვება გადაწყვიტა, ამ ვაქცინით ისევ 55 წელს ზემოთ პირებს აცრიან

თბილისი, 29 აპრილი - Sputnik. საქართველოს იმუნიზაციის საბჭომ კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაზიის ასაკობრივი ზღვარის დაწევის შესაძლებლობა განიხილა, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიამ.

8 აპრილს საქართველოს იმუნიზაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, 55 წლამდე ასაკის პირებზე AstraZeneca-ს ვაქცინა არ გამოიყენოს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დადასტურდა უიშვიათესი კავშირები AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბის შემთხვევებს შორის. კერძოდ, AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ თრომბის იშვიათი შემთხვევა 25 მლნ აცრილი ადამიანიდან მხოლოდ 86-ს განუვითარდა, შემთხვევების უმეტესობა კი 60 წლამდე ასაკის ქალებზე მოდის.

გაბუნიას განცხადებით, AstraZeneca რეკომენდებულია მაღალი ასაკის პირებში, რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ  ჯერჯერობით ასაკობრივი განაწილების არჩეული რეჟიმი, რაც 55 წელს ზემოთ ასაკში ვაქცინაციას გულისხმობს, შენარჩუნებულ იქნას.

„AstraZeneca-ს ეფექტურობის თვალსაზრისით, ძალიან კარგი მაჩვენებლები აქვს. თუმცა, ბოლო პერიოდში ევროპის რამდენიმე ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება, AstraZeneca-სა გამოყენება შეზღუდოს 55-60 წლამდე. ჩვენც რამდენიმე კვირის წინ ვაქცინაციის საბჭოს ფარგლებში მივიღეთ იგივე გადაწყვეტილება“, - განაცხადა გაბუნიამ.

მან ყურადღება გაამახვილა ასევე იმ ფაქტზე, რომ ზოგიერთ განვითარებულ ქვეყნებში, მათ შორის ბრიტანეთში, 30 წლის ზემოთ ასაკის პირების ვაქცინაცია AstraZeneca-ს პრეპარატით გრძელდება.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით 15 მარტს დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.

ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინები, თუმცა ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა მწარმოებლებთანაც. საქართველომ ასევე მიიღო 100 ათასი დოზა ჩინური ვაქცინა Sinopharm, თუმცა ამ პრეპარატით აცრა ჯერ არ დაწყებულა. Sinopharm-ით აცრის დაწყების სავარაუდო თარიღია 4 მაისი.

29 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში აცრილია 43.568 ადამიანი.

მთავარი თემები