„ადგილები არ არის“- თბილისის კლინიკები კოვიდ-პაციენტების ნაკადს ვერ აუდიან

© Sputnik / Alex Shlamovთბილისის ინფექციური საავადმყოფო
თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
გამოწერა
გადავსებული სამედიცინო დაწესებულებები შეიძლება ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის ბარომეტრად ჩაითვალოს.

თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. თბილისის ბოჭორიშვილის კლინიკის სტაციონარში ფაქტობრივად  თავისუფალი ადგილები არ არის - დღითიდღე იზრდება კორონავირუსით ინფიცირებული იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ, განაცხადა სამედიცინო დაწესებულების ინფექციონისტმა მეგი კობახიძემ.

მისი თქმით, შემთხვევათა რაოდენობა ისე თუ მოიმატებს, როგორც შემოდგომასა და ზამთარში იყო, ჰოსპიტალიზაციასა თუ სამედიცინო დახმარებაზე პაციენტებისთვის უარის თქმა მოუწევთ.

„ქვეყანაში შემთხვევათა ზრდა ჩვენს კლინიკაზეც აისახება, მოიმატა დადასტურებული შემთხვევების ჰოსპიტალიზაციამ. ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სტაციონარი საკმაოდ დატვირთულია. ამ ეტაპზე ფაქტობრივად თავისუფალი ადგილები არ არის. თუ მოხდება რომელიმე პაციენტის გაწერა, ძალიან სწრაფადვე ხდება იმ ადგილის დაკავება. ესაა იმ ზოგადი ეპიდსიტუაციის გამოძახილი, რომელიც ქვეყანაშია“, - განაცხადა კობახიძემ.
თამარ გაბუნია - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
არსებობს თუ არა სააღდგომოდ შეზღუდვების დაწესების კონკრეტული გეგმა? გაბუნიას განმარტება

მისივე თქმით, დღის განმავლობაში დაახლოებით 90, 100, 120 ინფიცირებული შემოჰყავთ კლინიკაში. მდგომარეობა მძიმეა, არიან კრიტიკული პაციენტებიც, რომლებიც მკურნალობას კრიტიკულ დეპარტამენტში გადიან.

„მათ აუცილებლად სჭირდებათ სტაციონარში მართვა, სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობა, ოქსიგენოთერაპია, რასაც ზოგადად კოვიდის მკურნალობა მოიცავს“, –  განაცხადა მეგი კობახიძემ.

ინფექციონისტს მიაჩნია, რომ რეგულაციების მოხსნაზე ფიქრი მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაიწყოს, რაც მოსახლეობის 60-70 პროცენტი აიცრება.

საქართველოში ეპიდვითარება საგრძნობლად გაუარესდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 897 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ცხელ ეპიდწერტილებად რჩება თბილისი, სამეგრელო-ზემო-სვანეთი, აჭარა, იმერეთი. სპეციალისტები კორონავირუსის მესამე ტალღის მოახლოებაზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლებას კვლავ მოუწევს შემზღუდავ ღონისძიებებს მიმართოს.

პანდემიის დაწყებიდან საქართველოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 284 ათასზე მეტი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 275 ათასზე მეტი პაციენტი,  3.832 ადამიანი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0