დეზინფორმაციის გავრცელება სამარცხვინოა - საპატრიარქო ილია მეორის ჯანმრთელობაზე

© photo: Sputnik / Stringerილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
გამოწერა
ხმები პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თაობაზე დეზინფორმაციაა, აცხადებენ საპატრიარქოში

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ყველაფერი დანარჩენი კი დეზინფორმაციაა, განაცხადა ილია მეორის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ. 

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში დღეს ჩატარებულ საზეიმო წირვას კათალიკოს-პატრიარქი არ დასწრებია, რაც პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით  მოარული ხმების გავრცელების საბაბი გახდა. რიგი მედია–საშუალებების ინფორმაციით, პატრიარქის ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.

 „პატრიარქის ჯანმრთელობა სტაბილურია. არ ვიცი, საიდან მოიტანეს ეს ინფორმაცია, რომელიც დღეს გავრცელდა. სხვას ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა შარტავამ ჟურნალისტებთან.

ამასთან, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მორიგი დეზინფორმაციის ტალღას მედიის მხრიდან საკუთარი რეიტინგის ამაღლების მცდელობა უწოდა.

 „სამწუხაროდ, ზოგიერთებს ძალიან ეჩქარებათ, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს. მე ყველა ამ ადამიანს ჯანმრთელობას ვუსურვებ, მაგრამ ასეთი ინფორმაციის გავრცელება სამარცხვინოა. პატრიარქზე არაერთხელ გავრცელებულა დეზინფორმაცია და ვიღაც ცდილობს მსგავსი სპეკულაციებით საკუთარი განცხადებები რეიტინგული გახადოს“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

ილია მეორე 88 წლისაა. ბოლო წლებში მისი ჯანმრთელობის მდგოამრეობა გაუარესდა, რის გამოც პატრიარქი არაერთხელ იმყოფებოდა გერმანიაში სამკურნალოდ.

ყველა ახალი ამბავი
0