„2011 წელსაა გაკეთებული“ - ბერა ივანიშვილის პირველი კომენტარი ფარულ ჩანაწერებზე

© Photo: BERA / FBბერა ივანიშვილი და ზაზა ნოზაძე
ბერა ივანიშვილი და ზაზა ნოზაძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
გამოწერა
„TV პირველის“ მიერ გამოქვეყნებული სკანდალური აუდიოჩანაწერები, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის - 27 წლის ბერას, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის მაკომპრომეტირებელ საუბრებს შეიცავს

თბილისი, 9 მარტი – Sputnik. ფარული აუდიოჩანაწერები, რომელიც ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა, 2011 წლის ზაფხულშია გაკეთებული, განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის ფაქტორში“ მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა, რომელიც ამ ჩანაწერების ერთ-ერთი მთავარი გმირია.

„ეს ხდებოდა 2011 წლის ზაფხულს. მე მაშინ ვიყავი 15-16 წლის და ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი მოვლენა იყო. მანამდე ჩემს ცხოვრებაში მსგავსი წყევლა-კრულვა, შეურაცხყოფა და მუქარები ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით არ ყოფილა. პირდაპირ ვიტყვი, რომ თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც“, - განაცხადა მუსიკოსმა.

მისი თქმით, ამ ისტორიაში მისთვის ყველაზე შემაშფოთებელი იყო მის გულშემატკივრებზე, 10-11 წლის ბავშვებზე მასობრივი, 100-200-კაციანი ჯგუფების თავდასხმა. იყო მუქარა და პორნოგრაფიული სურათები.

„ამ ბავშვებს წერდნენ, რომ ამ სახლებში მოგაკითხავთ და ბერა ვერ დაგიცავთ, ბერას კიბო აქვსო. ისეთ საზიზღრობებს ამბობდნენ, რომ მე ეთერში ვერ გავიმეორებ. ამაზე რამდენიმე ბავშვის მშობელს ადეკვატური რეაქცია ჰქონდა. ისინი დაგვიკავშირდნენ ჩვენ და ჩვენ ვალდებულები ვიყავით, გადაგვეცა ეს დაცვის სამსახურისთვის, რომელმაც ყველა კანონის, მორალისა და ეთიკის დაცვით მოინახულა ეს ადამიანები“, - განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

მისი თქმით, იმ ჩანაწერებშიც გარკვევით ისმის, რომ როდესაც საუბარი მიდის არასრულწლოვან ადამიანზე, ამას ესწრებიან მისი მშობლები, მეზობლები და ა.შ. ეს იყო მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება თუ დარიგება.

მუსიკოსის თქმით, თუ დავუშვებთ, რომ ჩანაწერები არა 2011 წელს, არამედ 2017 წელს, ან მას შემდეგაა გაკეთებული, როდესაც „ქართული ოცნება“ იყო ხელისუფლებაში, ეს იმას ნიშნავს, რომ უსმენენ პრემიერ-მინისტრს, უსმენენ მას და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს და ამ ჩანაწერებს აძლევენ ოპოზიციურ არხებს.

ანზორ ჩუბინიძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
ანზორ ჩუბინიძე: არ არსებობს ადამიანი, რომელზეც მე რაიმე ზემოქმედება მაქვს განხორციელებული
„ვიღაც გვისმენს, მაგრამ თარიღი არ იცის. რასაც ესენი ამბობენ, ეს თუ მთავრობა არ იყო და სუპერ აგენტი იქსი იყო, ამ კაცმა შეძლო, რომ ამ ყველა ჩანაწერს თავი მოუყარა და თარიღი არ იცის. ეს ერთი დეტალია. მეორე მხარეს, მთელმა საქართველომ იცის, როცა ეს პოლიტიკური პარტია იყო ქვეყნის მმართველობაში, ხდებოდა ტოტალური მოსმენა არასრულწლოვნების, არა მარტო ბერასი, არამედ მთელი საქართველოს უკანონო მოსმენა ხდებოდა“, - განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

ბერა ივანიშვილის განცხადებით, მის წინააღმდეგ იყო მიზანმიმართული კამპანია. „ეს ბოტები, სოციალური მედიის ბულინგის ინსტრუმენტები, ეს უკანონო მოსმენა აწყობილი იყო იმისთვის, რომ ჩვენ წამოვეგეთ რაიმე პროვოკაციაზე, რომელიც მათ არ გამოუვიდათ, თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩვენ რომ იქ რამე შეგვშლოდა, რამე შეცდომა დაგვეშვა თქვენი აზრით ისინი რამეს გვაპატიებდნენ?“- განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

6 მარტს ოპოზიციურმა ტელეარხმა „TV პირველმა“ გამოაქვეყნა სკანდალური აუდიოჩანაწერები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ვაჟის - 27 წლის ბერას, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის მაკომპრომეტირებელ საუბრებს შეიცავს. ტელეკომპანიის მონაცემებით, აუდიოჩანაწერებში საუბარია რამდენიმე პირის დასჯაზე, რომლებიც ბერას სოციალურ ქსელებში მისთვის არასასურველი კომენტარების ავტორები არიან.

დღესვე გენერალურმა პროკურატურამ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ფაქტზე დაიწყო.

კერძოდ, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც „კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს“. კერძოდ, პროკურატურა იძიებს ფაქტს, რომელიც შეიცავს კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან მიყურადების, ასევე ტექნიკური საშუალებით მოპოვებული კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ნიშნებს.

სკანდალური აუდიოჩანაწერები გახდა დღეს თბილისში მთავრობის კანცელარიის შენობასთან საპროტესტო აქციის გამართვის მიზეზიც. მომიტინგეებმა განცხადებით, ღარიბაშვილის მონაწილეობით გავრცელებული ეს  აუდიოჩანაწერები მისი გადადგომისთვის სერიოზულ მიზეზს წარმოადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0