EMC: ნამახვანჰესი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნისთვის უკეთეს ენერგოტარიფს და ენერგოუსაფრთხოებას

© Sputnik / STRINGERსაპროტესტო აქცია ქუთაისში
საპროტესტო აქცია ქუთაისში - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
გამოწერა
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ „ნამახვანჰესის“ პროექტზე მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეისწავლა.

თბილისი, 3 მარტი – Sputnik. „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ, ასეთ დასკვნამდე მივიდა „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით დადებული ხელშეკრულების შესწავლის შემდეგ.

ორგანიზაციის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო დიდი ხნის განმავლობაში არ ასაჯაროებდა ამ ხელშეკრულებას. ის მხოლოდ 2021 წლის 7 თებერვალს გასაჯაროვდა. როცა გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტმა" დოკუმენტი მოიპოვა და გამოაქვეყნა, EMC-მ შეისწავლა ეს ხელშეკრულება.

„ნამახვანჰესის პროექტზე მთავრობასა და ინვესტორს - შპს „ენკა რინიუებლზს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნათელია, რომ პროექტს არათუ ვერ ექნება ის წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთებს ითვალისწინებს“, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.

ცენტრის ცნობით, ხელშეკრულებიდან ასევე ჩანს სახელმწიფოს მიერ კომპანიისათვის მიცემული არაერთი გარანტია და მხარდაჭერის პირობა, რამაც შესაძლებელი გახადა კანონმდებლობის მკაცრი მოთხოვნების გვერდის ავლით და ფორსირებულად როგორც ძირითადი ნებართვების მიღების, ასევე მშენებლობის პროცესის დაწყება.

„ხელშეკრულების ანალიზი აჩვენებს, რომ კომპანია საქართველოს ბუნებრივ რესურსს ფაქტობრივად უსასყიდლოდ ითვისებს და არ იღებს ვალდებულებას, ენერგიის რეალიზება მოხდეს შიდა ბაზარზე, რაც აბათილებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების თუ ეკონომიკური სარგებლის არგუმენტებსაც კი“, – აღნიშნავს ორგანიზაცია.
ქუთაისში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2021
ქუთაისში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა - ვიდეო

იმ შესაძლო გარემოებების სია კი, რა შემთხვევაშიც კომპანია ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს სახელმწიფოსგან, განუსაზღვრელად ფართოა და უთანასწორო მდგომარეობაში ამყოფებს ქვეყანას იმის გამოც, რომ სახელმწიფოს კონტროლს მიღმა არსებული რისკების გადაზღვევას ითხოვს საბიუჯეტო სახსრებით.

„შეთანხმებით ფაქტობრივად ყველა შესაძლო ბიზნეს-რისკი კომპანიის სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტით არის დაზღვეული“, – ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე,

გარდა იმისა, რომ „ნამახვანჰესი“ ვერ უზრუნველყოფს ქვეყნისთვის უკეთეს ენერგოტარიფს და ენერგოუსაფრთხოებას, კომპანიას ეძლევა შეუზღუდავი უფლებები ბუნებრივ რესურსებზე.

შეთანხმება არ ქმნის ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების გარანტიებს.

EMC მიიჩნევს, რომ სახელმწიფოსა და კომპანიას შორის დადებული შეთანხმება მნიშვნელოვანი რისკების შემცველია, რამდენადაც ის არსებითად თმობს სახელმწიფო ინტერესებს კერძო კომპანიის სასარგებლოდ, რაც, ნამახვანჰესის მშენებლობით გამოწვეულ მნიშვნელოვან ზიანთან და საფრთხეებთან ერთად, საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მის ეკონომიკურ სარგებლიანობას და როლს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში. 

არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნას პარლამენტში გამოხმაურება მოჰყვა.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ დღეს განაცხადა, რომ ეკონომიკაში „ნამახვანჰესის“ წილი ძალიან დიდი იქნება, თუმცა კვლავ რჩება კითხვები, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს.

„ჩვენ ვერც ერთ გზას ვერ გავიყვანთ, ვერც ერთ შენობას ვერ ავაშენებთ, გარემოს ზიანი რომ არ მივაყენოთ. უბრალოდ აქ განსასაზღვრია შედარება და კომპენსირების მეთოდები. ამ შემთხვევაში ეკონომიკაში „ნამახვანჰესის“ წილი ძალიან დიდი იქნება და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაში, როგორც ამას ენერგეტიკოსები გვეუბნებიან, თუმცა გარემოს დაცვის კუთხით კვლავ რჩება კითხვები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს“, – განაცხადა ბითაძემ.
ქუთაისი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2021
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

მისი თქმით, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხის განხილვა პარლამენტშიც იგეგმება, აღნიშნული პროექტის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაცია ბოლომდე არ არის მიწოდებული და გარკვეული კითხვები დეპუტატებსაც აქვთ.

„არც პარლამენტში სურს ვინმეს, ჩვენს ქვეყანას რაიმე ზიანი მიადგეს. ჩვენ არ დავუშვებთ ძალიან მცირე შანსსაც კი, რომ თუნდაც ერთ ადამიანს ზიანი მიადგეს. ველით, რომ ამ კითხვებზე დამატებითი ახსნა-განმარტებები იქნება მთავრობის მხრიდან“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

საზოგადოების პროტესტი

სოფლების ნამოხვანისა და ჟონეთის მოსახლეობის და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი რიონზე ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. აქტივისტებმა გარკვეული დროით სამშენებლო სამუშაოების შეჩერებასაც მიაღწიეს, თუმცა იანვარში სამუშაოები მაინც განახლდა.

28 თებერვალს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ თურქულმა სამშენებლო კომპანია ENKA-მ რიონის ხეობა დატოვოს. ასევე ისინი მოთხოვენ, რომ გაუქმდეს ხეობაში ჰესის მშენებლობის ნებართვა და უცხოური კომპანიისთვის მიწის 99 წლით იჯარით გადაცემის გადაწყვეტილება.

იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეთა მოთხოვნები არ შესრულდება, ისინი პროტესტს რიონის ხეობაში მდგარ კარვებში გააგრძელებენ, ქუთაისში კიდევ უდრო მასშტაბურ აქციაზე შეიკრიბებიან და ამით ქალაქის პარალიზებას მოახდენენ.

კომპანია ENKA კი მიიჩნევს, რომ ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავთ, რამდენადაც ისინი უსაფუძვლოდ აცხადებენ, რომ „ნამახვანის კასკადი“ რიონის ხეობის მოსახლეობას და ბუნებას საფრთხეს უქმნის.

მდინარე რიონზე „ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტი გააერთიანებს ორ ჰესს – „ნამახვანს“ და „ტვიშს“, საერთო 433 მეგავატი დადგმული სიმძლავრით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 730 მილიონ დოლარს შეადგენს.

პროექტს განახორციელებს Clean Energy Georgia Group, რომელმაც შესაბამის ტენდერში გაიმარჯვა. ჰესის ასაშენებლად Clean Energy Georgia Group-მა, რომელიც ნორვეგიული ჯგუფ Clean Energy-ს შვილობილი კომპანიაა, თურქული სამშენებლო ჰოლდინგი ENKA Insaat ve Sanayi A.S მოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0