გაბუნია: გადაადგილების შეზღუდვა მობილობის კონტროლისთვის ყველაზე ეფექტიანი გამოდგა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
გამოწერა
როგორც გაბუნიამ განმარტა, შეზღუდვების შემდგომ შემსუბუქებაზე გადაწყვეტილებას ეპიდვითარებაზე დაკვირვების საფუძველზე მიიღებენ.

თბილისი, 24 თებერვალი - Sputnik. საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათის დაწესება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შეზღუდვა გამოდგა, რომელმაც რეალური შედეგი დაგვანახა, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

დღეს საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედი კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, ძალაში დატოვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.

გაბუნიას განმარტებით, ამ ეტაპზე მთავრობის მთავარი ამოცანაა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება ან არსებულის შენარჩუნება, რაც შემდგომში შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქების საფუძველი გახდება. 

პატრული - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
„კომენდანტის საათი" კვლავ ძალაში დარჩა

„ჩვენი გამოცდილებით, ღამის საათებში მოძრაობის შეზღუდვა ძალიან ეფექტური გამოდგა მობილობის კონტროლის თვალსაზრისით. დღეს, როდესაც  მივიღეთ გადაწყვეტილება შეზღუდვების შემსუბუქების თაობაზე, ძალზე მნიშვნელოვანია ის ეტაპობრიობა, რომელსაც შეზღუდვების მოხსნისას ვიცავდით და მომავალში მხოლოდ გარკვეული ანალიზის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ რამდენად შემსუბუქდება ის შეზღუდვები, რომლებიც ძალაში დარჩა“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, დღეს საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გარკვეულწილად სტაბილურია, თუმცა, არა იდეალური.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 თებერვლიდან 1 აპრილამდე პერიოდში ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად გაუქმდება. კერძოდ,  მუშაობას განაახლებს სამთო კურორტები, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი,  რესტორნები დახურულ სივრცეში შეძლებენ მუშაობას,  გაიხსნება ბაგა–ბაღები, სპორტ–დარბაზები და ა.შ.

საქართველოში „კომენდანტის საათი“ 2020 წლის 9 ნოემბრიდან მოქმედებს. თავიდან მოქალაქეების გადაადგილება იკრძალებოდა 22:00–05:00 საათამდე პერიოდში, თუმცა, ეპიდვითარების გაუარესების გამო, დრო ერთი საათით გაიზარდა  და  აღნიშნული შეზღუდვა 28 ნოემბრიდან 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში მოქმედებს.


ყველა ახალი ამბავი
0