კალაძე: კორუფციაში ჩართვას არავის „გავუტარებთ"

© Government of Georgia photo: Government of Georgia / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილეს ლადო გოგსაძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია კორუფციაში ჩართულობა და ყველას, ვინც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს რამე სახის გადაცდომას ეცდება, პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით მოეთხოვება, ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილის დაკავების ფაქტს.

„უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დავარღვევ. დაველოდოთ გამოძიებას. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ სამსახურებში მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ თანამშრომლებთან. მსგავს მიდგომას არავის არ „გავუტარებთ“, – განაცხადა კალაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე ლადო გოგსაძე მოსამართლის განჩინების საფუძველზე 25 იანვარს დააკავეს. 

თბილისის მერია - Sputnik საქართველო
ჩუღურეთის გამგებლის მოადგილეს პატიმრობა შეეფარდა

გამოძიების მიხედვით, ჩუღურეთის რაიონის ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოების ჩასატარებლად გასული წლის აპრილში 126 ათასი ლარის მოცულობის ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც მონაწილეობის სურვილი ორმა კომპანიამ გამოთქვა. გამგებლის მოადგილემ, როგორც სატენდერო კომისიის პასუხისმგებელმა პირმა, დაიბარა ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი და მოსთხოვა საბუთები უკან გაეტანა, რადგან ტენდერი მისთვის სასურველ კომპანიას უნდა მოეგო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემების შექმნით დაემუქრა. სამომავლოდ კი სხვა ტენდერების პირობების მასზე მორგება შესთავაზა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ კომპანიამ მაინც მიიღო მონაწილეობა ტენდერში და მოიგო ის, რადგან ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზა. ამ ფაქტით უკმაყოფილო ჩინოვნიკმა კომპანიისთვის პრობლემების შექმნა დაიწყო და მის მიერ შესრულებული სამუშაოების დროულად ჩაბარებაში ხელს უშლიდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ საბოლოოდ კომპანიას პრობლემები შეექმნა და მასთან კონტრაქტი გაწყვიტეს, ხოლო კორპუსის მცხოვრებლები ავარიულ შენობაში ცხოვრებას აგრძელებდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0