შშმ პირთა ახალი უფლებები ძალაშია: კანონი სრულად ამოქმედდა

© photo: Sputnik / Stringerშშმ პირი ეტლით
შშმ პირი ეტლით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამიერიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები სრულად ისარგებლებენ ახალი უფლებებით, რომლებიც სახელმწიფომ მათთვის კანონში გაწერა.

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. საქართველოში სრულად ამოქმედდა კანონი „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“, რომელშიც მკაფიოდაა გაწერილი მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო ყველა შესაძლებლობა.

შშმ პირები პარკში - Sputnik საქართველო
ახალი შანსი: შშმ პირებისთვის პროფესიული განათლება უფრო ხელმისაწვდომი გახდება

კანონის რამდენიმე თავი, რომელსაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი 2020 წლის 14 ივლისს მოაწერა, გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა, ხოლო ორი თავი 2021 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში.

როგორც კანონის ზოგად დებულებებშია ნათქვამი, კანონი განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დისკრიმინაციის გარეშე და სხვებთან თანაბარ პირობებში დამოუკიდებელი ცხოვრების ძირითად პრინციპებსა და მექანიზმებს, რათა მიღწეულ იქნეს:

  • ინდივიდუალური ავტონომიისა და დამოუკიდებლობის, მათ შორის, თავისუფალი არჩევანის გაკეთების, თავისუფალი გადაადგილების, პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის, მათ შორის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლების რეალიზება;
  • დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის შესაძლებლობების განვითარება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილი მონაწილეობა;
  • საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტიგმატიზაციის პრევენცია და აღმოფხვრა;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ექსპლუატაციისგან, ძალადობისგან, არასათანადო მოპყრობისა და დისკრიმინაციისგან დაცვა;
  • ნებისმიერ სფეროში მომსახურების ხელმისაწვდომობა.

კანონის ნორმების თანახმად, სახელმწიფო ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების რეალიზებას და უზრუნველყოფს მათი პიროვნული ღირსების დაცვას.

ასეთ გარანტიათა შორისაა განათლების უფლების სრული რეალიზება, მათ შორის, განათლების ინკლუზიურ სისტემაზე წვდომის უზრუნველყოფა, რომელიც შშმ პირს საშუალებას აძლევს მიიღოს არა მარტო საშუალო, არამედ უმაღლესი განათლებაც.

თბილისის მერია - Sputnik საქართველო
თბილისის მერიაში შშმ პირთა საკურორტო ვაუჩერების მისაღებად განცხადებების მიღება იწყება

გარდა ამისა, შშმ პირებისთვის ამოქმედდება პროფესიული ორიენტაციის პროგრამები.

ამიერიდან ხელისუფლება ასევე იზრუნებს შშმ პირებისთვის სამკურნალო დაწესებულებების მომსახურებაზე წვდომის გაუმჯობესებასა და რეაბილიტაციის ახალი სახელმწიფო პროგრამების შექმნაზე.

სახელმწიფო ასევე იღებს ვალდებულებას, იზრუნოს შშმ პირების დასაქმებაზე სპეციალური პროგრამებისა და სპეციალური მექანიზმების შექმნის გზით დამსაქმებელთან ურთიერთობის დასარეგულირებლად.

გარდა ამისა, სახელმწიფო შესაძლებლობას მისცემს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, დაქორწინდნენ მეურვის თანხმობის გარეშე და ასევე თავად გადაწყვიტონ, რამდენი შვილის ყოლა სურთ და რა ინტერვალით.

შშმ პირებს მიენიჭათ უფლება, თავად წარმოადგინონ საკუთარი უფლებები პოლიციაში, ნოტარიუსსა და სასამართლოში.

კანონის თანახმად, შშმ პირი, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში მიმართვისას, შეძლებს მიიღოს პერსონალური ასისტენტის მომსახურება, რომელიც დაეხმარება მას ყოველდღიურ ცხოვრებაში თუ სახელმწიფო სერვისებით სარგებლობაში.

ბოლო, 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში 124,5 ათასი შშმ პირი ცხოვრობდა. ამ მომენტისთვის უცნობია, რამდენი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ცხოვრობს საქართველოში, ვინაიდან კონფიდენციალური მონაცემების გავრცელება აკრძალულია.

ყველა ახალი ამბავი
0