როგორ შევარჩიოთ ხორცი: სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

© Sputnik / STRINGERნავთლუღის ბაზარი
ნავთლუღის ბაზარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები რეგულარულად ახორციელებენ კონტროლს და მონიტორინგს, განსაკუთრებით, აგრარული ბაზრების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის მოხვედრის რისკი მაღალია.

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ხორცისა და ხორცპროდუქტების შეძენისგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და ხორცის შენახვის პირობები, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" სურსათის ეროვნულ სააგენტოში. 

ხორცის ხარსისხის კონტროლი - Sputnik საქართველო
საქართველოში თურქეთიდან ვადაგასული ხორცის შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

ახალი წლის დღეებში მოსახლეობის მხრიდან ხორცპროდუქტების მოხმარება იმატებს. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ხშირად ხორცის რეალიზება ხდება არაკეთილსაიმედო გარემოში, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები და უცნობია ხორცის წარმომავლობა. ამიტომაც ხორცის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს პროდუქტის ეტიკეტს, რომელიც სარეალიზაციო პროდუქციას მომხმარებლისთვის თვალსაჩინო ადგილზე უნდა ჰქონდეს დაკრული, აცხადებენ უწყებაში.

გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე კი დატანილი უნდა იყოს განსაზღვრული ინფორმაცია: ქვეყნის დასახელება (სადაც მდებარეობს სასაკლაო), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი, ასევე ხორცის დამზადების თარიღი და საათი; თუ ხორცი ქართული წარმოშობისაა, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი, ხოლო თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება. ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია 2-დან 6-გრადუსამდე, ხოლო შენახვის ვადაა 48 საათი.

გარდა ამისა, სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა, ფრინველი) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს მოთავსებული. ასევე ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვ.) იმპორტირებული ხორციც.

„FAO და სურსათის ეროვნული სააგენტო ითვალისწინებენ იმ გარემოებას, რომ არაოფიციალურ სავაჭრო ადგილებში ხორცისა და მისგან წარმოებული სურსათის ფასი, შესაძლოა, მცირედით განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ მაღაზიებში და ჰიპერმარკეტებში არსებული ფასებისგან, მაგრამ მნიშვნელოვანია მოსახლეობას ახსოვდეს, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი და ა.შ.) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, საეჭვო შემთხვევების გამოვლენისას დარეკონ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 1501.

ყველა ახალი ამბავი
0